უტიფრობა და უზნეობაა როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ პრესსპიკერი, ბაკურ ბაკურაძე საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებას.
ბაკურაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ ყოფილ ხელისუფლებას „დემოკრატიული მოძრაობის“ 44 პოლიტპატიმარი ჰყავს და ამის ფონზე, მათი მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არაკორექტულია.
„ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ თურმე ნაციონალურ მოძრაობას გაუჭირდება არჩევნებისათვის მზადება იმ პოლიტიკური რეპრესიების ფონზე რასაც ახალი ხელისუფლება ახორციელებს ქვეყანაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირადი გვერდია და შემიძლია დავწერო ის რასაც მოვისურვებ, მაინც შევეცდები კორექტული ვიყო, თუმც ჩიორა თაქთაქიშვილი - არსება, რომელზეც ჩემი შეხედულება არაერთხელ მაქვს დაფიქსირებული სხვა პოსტებში, ნამდვილად ბევრად უფრო არაკორექტულ შეფასებებს იმსახურებს არა მხოლოდ ჩემგან, არამედ ქართული საზოგადოებისაგან, რომლის სახელითაც ის ყოველთვის უტიფრად საუბრობს.
ქალბატონო ჩიორა, რატომ არ გაგიჩნდათ პროტესტი ქვეყანაში არსებულ რეპრესიებზე მაშინ, როდესაც დაარსების დღიდან „დემოკრატიული მოძრაობა" თქვენმა ხელისუფლებამ ისეთ დღეში ჩააგდო, რომ დღემდე 44 პოლიტპატიმარი გვყავს?
თუ თქვენ ასეთი აღტკინებითა და ჯერ ნორმალური ადამიანებისათვის გაურკვეველი ემოციით მხოლოდ იმ თემებზე საუბრობთ, რომლითაც დაგაპროგრამეს?
უტიფრობა და უზნეობაა როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს, თუმცა მათ რომ სირცხვილის გრძნობა ჰქონოდათ ქვეყანაშიც არ ჩამოაყალიბებდნენ დამნაშავე რეჟიმს, რომელსაც ქართველი ხალხი მრავალი წლის მანძილზე ებრძოდა და 1 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო მისი დემონტაჟი.
P.S. იმედია ძალიან მალე საქართველო სამუდამოდ უარს ეტყვის თქვენი რჯულის არსებებს და დაადგება ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზას თავისუფალი და მშვიდობისმოყვარე საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ!“ - წერს ბაკურაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.