ტელეკომპანია „მე-9 არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ბექაური შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს.
ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არ ადასტურებენ.
პრესსამსახურის ხელმძღვანელს ხატია ყურაშვილის თქმით, კომისია ძველი შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას და მისი თავმჯდომარის შესაძლო შეცვლის შესახებ ჯერ არ სმენია.
„კომისიის წევრებს პარლამენტი ნიშნავს 6 წლის ვადით. ამ დროისთვის მათ უფლებამოსილების განსახორციელებლად ორ წელზე მეტი ვადა აქვთ დარჩენილი. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, სხვა ოთხ პირთან ერთად, კომისიის წევრია, მისი შემადგენლობის შესაცვლელად კი ცვლილება უნდა შევიდეს კანონში და მოქმედ წევრებს უფლებამოსილება შეუწყდეს ან იმპიჩმენტის წესით მოხდეს მათი გადაყენება. ასეთია პროცედურა, რომელიც ორივე შემთხვევაში რთულია და ერთ დღეში თავმჯდომარის შეცვლა ვერ მოხდება" - აღნიშნა ხატია ყურაშვილმა.
კახა ბექაურმა „მე-9 არხის" დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა, რის მიზეზადაც ტელეკომპანიაში დაგეგმილი რეორგანიზაცია დაასახელა.