საქართველოში მუდმივად ასეა, მსოფლიოს რომელიმე ბობოლა სახელმწიფოს ხელმძღვანელი გვესტუმრება და მყისვე დაიწყება ოცნების კოშკების აგება, ეკონომიკური მითების შეთხზვა და შემდგომ ბალადების წერა. ამჯერად საქართველოში პოპულარულია ზღაპრები ფრანგული ინვეტიციების შესახებ. არადა, ამ ევროპულ ქვეყანას დღემდე საქართველოში მიზერული რაოდენობის კაპიტალი აქვს დაბანდებული.
ვიცე პრემიერ-მინისტრის გიორგი ბარამიძის შეფასებით, ის ინვესტიციები, რომლის განხორციელებასაც საფრანგეთი საქართველოში გეგმავს და რომლის შესახებაც საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პირისპირ ისაუბრეს თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანია.
“ნიკოლა სარკოზიმ საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებს და ბიზნესს განავითარებს. იმ ფონზე, რომ ჩვენ გვყავს დევნილები, გვაქვს უმუშევრობის პრობლემა, დაბალი ხელფასები და პენსიები, სიღარიბის პრობლემა დაძლეული არ არის, საფრანგეთის მიერ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციები თითოეული ქართული ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ბარამიძემ.
“ევროპის სახლში” კი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივირესურსების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და განვითარების ფრანგულ სააგენტოს (AFD) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი დაბა მესტიაში, ბიომასის თბოსადგურის პროექტის განვითარებისათვის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ბიომასის თბოსადგურის პროექტის განხორციელებით,დაბა მესტია ცენტრალური გათბობის სისტემითა და ცხელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი, რაც თავის მხრივ მესტიაში ტურისტულ ინფრასტრუქტურას განავითარებს. ამჟამად, დაბა მესტიის მოსახლეობისათვის გათბობის ერთადერთი საშუალება შეშის ღუმელია.პროექტის განხორციელებით შეშაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდება,რის შედეგადაც რეგიონში ტყის რესურსი შენარჩუნდება.
გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, საფრანგეთი მესტიის რეგიონში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 18 მილიონ ევროს გამოყოფს. შესაბამის მემორანდუმს ხელი გვინდაძემ და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა ერიკ ფურნიემ მოაწერეს.
“მშენებლობა წელს დაიწყება და 2012 წელსაც გაგრძელდება. ეს ნაწილია იმ დიდი ძალისხმევისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისათვის, რომ გაიზარდოს თავისი ბუნებრივი თვისებებით უნიკალური სვანეთის რეგიონის მიმზიდველობა, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ტურისტებისთვის”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, გარდა თანამედროვე ტექნიკისა, საფრანგეთის მხარე საქართველოს ასევე დაეხმარება რეგიონის გრძელვადიანი განვითარების გეგმის მომზადებასა და განხორციელებაში, რაც გულისხმობს ადგილზე სამუშაო ადგილების შექმნას, რეგიონის პოპულარიზაციას და სიღარიბის დონის შემცირებას.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით კი, ნიკოლა სარკოზის ვიზიტს ფრანგულ დელეგაციასთან 5 მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმება მოჰყვება, მათ შორის საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან, რომელიც კრედიტებსა და გრანტებს გასცემს. მინისტრის თქმით, ხელშეკრულების შემდეგ კერძო სექტორისთვის კრედიტები უფრო ხელმისაწვდომი იქნება.
ქობალია ასევე განმარტავს, რომ გაფორმდება ხელშეკრულება ტრანსპორტის და ტურიზმის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც მოხდება თბილისის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, საბაგიროების დამონტაჟება სამთო კურორტებზე. თანამედროვე ტექნიკის გარდა საფრანგეთი საქართველოს ასევე დაეხმარება რეგიონის გრძელვადიანი განვითარების გეგმის მომზადება-განხორციელებაში.
მიუხედავად ასეთი აჟიტაჟისა, სტიტისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ საფრანგეთი საქართველოსთვის ინვესტიციებს ვერ იმეტებს. ეს ქვეყანა მსხვილ ინვესტორთა შორის არც მოისენიება და ამ მხრივ ერთ-ერთი აუტსაიდერია.
სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 7,8 მილიონი ფრანგული კაპიტალი შემოვიდა, თუმცა მეორე კვარტალში 1,5 მილიონი ინვესტიცია უკანვე გავიდა. ასევე მინუსებში დასრულდა ფრანგული საინვესტიციო კომბინაციები 2010 წელსაც. 2009 წელს კი ფრანგმა ინვესტორებმა საქართველოსთვის მხოლოდ 12 მილიონი დოლარი გაიმეტეს.
969
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85