ზაფხული პედაგოგების გაჭირვებისა

ზაფხული პედაგოგების გაჭირვებისა



ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებული პედაგოგთა სკოლებიდან დათხოვნის პროცესი დღემდე არ დასრულებულა. წლების განმავლობაში მასწავლებლები შიშით მოელიან ზაფხულის დადგომას, რადგან განათლების სამინისტრო წლის ამ დროს იყენებს პედაგოგთა სამუშაო ადგილიდან მოსაკვეთად. წლევანდელი ზაფხული ამ მხრივ “გამორჩეული” იყო. 

ერთ-ერთი ვერსიით, სამსახურის გარეშე უკვე 20 ათასამდე პედაგოგი დარჩა. მარტო დედაქალაქში სამსახური ათასზე მეტმა მასწავლებელმა დაკარგა. პროფკავშირების ინფორმაციით, ამ ზაფხულს მოხდა 4 სკოლის სრული ლიკვიდაცია, 30 სკოლის ოპტიმიზაციის შედეგად კი მხოლოდ 15 სკოლა დარჩა. საერთოდ კი, ვარდების რევოლუციამდე 3201 სკოლა იყო, მათგან 1200 უკვე დაიხურა.

“სკოლების რეორგანიზაციას ახდენს განათლების სამინისტრო, თუმცა ამავე დროს, სახელმწიფოს აქვს იმის ვალდებულება, რომ სამსახურიდან იძულებით გათავისუფლებული პედაგოგების დასაქმება მოახდინოს”, - განაცხადა პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.

სკოლების ოპტიმიზაციის პროცესს ოპოზიცია განუწყვეტელ რეჟიმში აპროტესტებს. “თავისუფალი დემოკრატები” განათლების სამინისტროს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სკოლების ოპტიმიზაციის პროცესს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ახლაც ეწინააღმდეგება.

“მარტო მარტვილის რაიონში გაუქმდა 4 საჯარო სკოლა, ხოლო მარტვილის რაიონის სოფელ თამაკონში დახურული საბაზო სკოლის ნაცვლად, იხსნება ოთხწლიანი დაწესებულება, რომელსაც სკოლას ვერ ვუწოდებთ. ზოგადი განათლების კანონის თანახმად, დაწყებითი სკოლა ექვსწლიანია. ჩვენ ვუერთდებით სოფელ თამაკონის სოფლის მოსახლეობის თხოვნას, რომ კანონიერი, დაწყებითი, ექვსწლიანი სკოლა მაინც შევუნარჩუნოთ სოფელს. თუმცა ჩვენთვის სრულიად გაუმართლებელი რჩება სამინისტროს პოლიტიკა, საბაზო სკოლების ხელმისაწვდომი განათლების გარეშე დატოვოს ქვეყნის მოსახლეობა”, - აცხადებს ალასანიას პარტიის წევრი ნინო გოგუაძე.

მისივე თქმით, გარდა რაიონებისა, რამდენიმე სკოლა თბილისშიც დაიხურა და რამდენიმე ასეული მასწავლებელი უმუშევარი დედაქალაქშიც დარჩა.
“მასწავლებლის პროფესია თავდასხმის, შევიწროვებისა და დამცირების ობიექტად იქცა. სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის ღირებული აღმოჩნდა არა ცოდნა და პროფესიონალიზმი, არამედ პოლიტიკური მორჩილება. სკოლა მოსწავლეებისათვის არსებობს, ოღონდ მისი ხარისხი მასწავლებლებზეა დამოკიდებული. ამიტომ აუხსნელია მათი ასეთი დაუცველი მდგომარეობა. მართლაც, რომელი კვალიფიციური, ნიჭიერი პედაგოგი ისურვებს, რომ იმუშაოს იქ, სადაც მუდმივად სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრება?!

ასევე, იბადება კითხვა, ეს ხომ არ არის ერთგვარი სასინჯი ქვა საჯარო სკოლების კერძო სკოლებად გადაკეთების დასაწყებად, რაც ნიშნავს საჯარო სკოლებისა და, შესაბამისად, უფასო საშუალო განათლების გაუქმებას, მოსახლეობის განათლებაზე ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას”, - აღნიშნა გოგუაძემ.

იგივე პოზიციას იზიარებს ოპოზიციაში გადაბარგებული ალექსანდრე შალამბერიძეც. მისი თქმით, ბოლო ორი წელია მიმდინარეობს საჯარო სკოლების პედაგოგთა ტერორი და უკანონოდ დათხოვნა, რაც განათლების კანონისა და შრომის კოდექსის უხეში დარღვევით ხორციელდება.

,,პედაგოგების გათავისუფლება ძირითადად ხდება ზაფხულში, პედაგოგთა შვებულების დროს, სწორედ მაშინ, როცა შრომითი ურთიერთობები შეჩერებულია. კანონის მიხედვით, ამ პერიოდში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დაუშვებელია”, - განაცხადა შალამბერიძემ.

მისი თქმით, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,შრომის კოდექსის” უხეში დარღვევებით გაშვებული პედაგოგების ჩანაცვლება ხდება არასპეციალისტი, არასერტიფიცირებული და დირექტორებთან ახლობლურ-პარტიულ კავშირში მყოფი ადამიანებით, რომლებსაც საერთო არ აქვთ პედაგოგიკასთან.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი კი კვლავაც პედაგოგთა გათავისუფლების შეწყვეტას ითხოვს. “განათლების სამინისტრომ, თავისი ჩვეული მეთოდებით, მასწავლებელთა სერტიფიცირება გამოიყენა სკოლებში ახალი წმენდის განსახორციელებლად და მასწავლებელთა შორის დაპირისპირების ახალი კერის შესაქმნელად. გაუგებარია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მოთხოვნა, სერტიფიცირებულ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სრული ან სრულზე მეტი განაკვეთი და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ხელფასზე 75-ლარიან დანამატს. 

ამ მოთხოვნამ გამოიწვია დაპირისპირება სერტიფიცირებულ და არასერტიფიცირებულ მასწავლებელთა შორის და მასობრივად მიმდინარეობს სკოლებიდან მასწავლებელთა გათავისუფლება. საკითხის ასე გადაწყვეტამ სკოლის მიღმა დატოვა მრავალი გამოცდილი, ღირსეული, რეიტინგული პედაგოგი, რომელთა უმრავლესობამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ამ ეტაპზე არ მიიღო მონაწილეობა სასერტიფიკაციო გამოცდაში. თუმცა, ვერც სერტიფიკატი აღმოჩნდა ბევრი მასწავლებლისთვის სამსახურის შენარჩუნების გარანტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პოსტ-ფაქტუმ “პედაგოგთა შრომითი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ" 576-ე ბრძანებას დაამატა პუნქტი 75-ლარიანი დანამატის მიღებისათვის სრული ან სრულზე მეტი განაკვეთის აუცილებლობის შესახებ. 

მიგვაჩნია, რომ განათლების სამინისტრომ უნდა გადახედოს ზემოთ ხსენებულ, მიღებულ გადაწყვეტილებას და შეწყვიტოს მასწავლებელთა გათავისუფლება”, - აცხადებს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე. მისივე თქმით, ბევრი სკოლის დირექტორი თავის სასარგებლოდ იყენებს შექმნილ სიტუაციას და სუბიექტური, პიროვნული მოტივებიდან გამომდინარე ათავისუფლებს მისთვის არასასურველ პიროვნებებს.