“ამგვარი ინფორმაცია ჩვენი საპატრიარქოს საიტზე არ დევს“

“ამგვარი ინფორმაცია ჩვენი საპატრიარქოს საიტზე არ დევს“

 

 

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა მართლა მიულოცა თუ არა “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავი“ თვითმარქვია პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითს, გაურკვეველი რჩება. როგორც პრესა.გე–ს რუსეთის საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურში, სატელეფონო საუბრისას განუცხადეს, “მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამგვარი ინფორმაცია ჩვენი საპატრიარქოს საიტზე არ დევს“.

 

სამწუხაროდ, ჩვენ იმის გარკვევის შესაძლებლობა არ გვაქვს, დავუკავშირდეთ, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელს, მამა სერგის და ვკითხოთ –  მართლაც დაავალა თუ არა რუსეთის პატრიარქმა კოკოითისთვის “დამოუკიდებლობის 20 წლისთავის“ მილოცვა.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პატრიარქმა კოკოითს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი მიულოცა, ქართულმა სააგენტო, ჯი ეიჩ ენმა, რუსულენოვან სააგენტო ქომინფოზე (http://cominf.org/node/1166484570) დაყრდნობით გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “მთავრობის საზეიმო შეკრებაზე, “სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის 20 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა, მამა სერგიმ, სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის დავალებით, “სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტისა და ხალხისთვის გამოგზავნილი, ასეთი შინაარსის მიმართვა წაიკითხა:

 

“ძვირფასო დებო და ძმებო! ამ წლების განმავლობაში რესპუბლიკის ხელმძღვანელობას რთული გზის გავლამ მოუწია სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე. განსაკუთრებულ გამოცდად თქვენთვის იქცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რომელთა შედეგად დაიღუპა და დაზარალდა უამრავი ადამიანი. დღეს მშვიდობიანი ცხოვრება და სხვა სახელმწიფოებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ფეხს იკიდებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ოსურ–რუსული ურთიერთობები, რომელიც მიმართულია რეგიონში სტაბილურობის დამყარებასა და ჩვენი ქვეყების ხალხების მეგობრობაზე. უფლის დახმარებით გისურვებთ დიდ ძალას, ენერგიასა და წარმატებებს, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე! ხოლო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, მშვიდობას, აყვავებასა და კეთილდღეობას“. 

 

თუ რუსულენოვანი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ, გამოდის, რომ რუსეთის საპატრიარქო სეპარატისტული “სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას აღიარებს. თუ ეს დეზინფორმაციაა, მაშინ ალბათ, რუსეთის საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

 

იმაზე, მართლაც რუსეთის პატრიარქს ეკუთვნის თუ არა ეს სიტყვები, საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ, დაზუსტებულ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.