რუსულ-ამერიკული „გადატვირთვა“ და საქართველო

რუსულ-ამერიკული „გადატვირთვა“ და საქართველო

[რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი]

ბოლო პერიოდში რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში მრავალი საინტერესო და საკმაოდ სერიოზული თემები წამოიჭრა, რომელიც თავისი მნიშვნელობით უამრავ დამკვირვებელთა აზრით პირდაპირ ან ირიბად ზეგავლენას ახდენს შტატებსა და რუსეთს ფედერაციას შორის გაცხადებულ „გადატვირთვაზე“. აქვე უნდა აღინიშნოს ექსპერტთა მოსაზრებები, რომლებიც ფიქრობენ, რომ გადატვირთვის პოლიტიკაზე წამოჭრილი თემების უმეტესობა სავარაუდოდ უარყოფითად იმოქმედებს.

ორმა სახელმწიფომ დაძაბული ურთიერთობების განხმუხტვა 2009 წელს სცადეს. მიუნჰენის კონფერენციაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა იუმორს მოუხმო და მის რუს კოლეგას სასაჩუქრე ყუთში გახვეული სიმბოლური ღილაკი წარწერით „გადატვირთვა“ უსახსოვრა.

მოგვიანებით ექსპერტები ამ ფაქტის გახსენებისას კიდევ ერთ სიმბოლურ დეტალზე გაამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით სიმბოლური იყო ისიც, რომ სიტყვა „გადატვირთვა“ მაშინვე გაუგებრობის მიზეზი გახდა ამერიკელ და რუს კოლეგას შორის. კლინტონის „გადატვირთვა“ ლავროვმა სიტყვა „დატენვათ“ თარგმნა.

ერთი მხრივ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისა და მეორე მხრივ მისი უპირველესი მოწინააღმდეგის ურთიერთობების გადატვირთვა ბუნებრივად გახდა დაკვირვების საგანი.

2009 წლიდან დღემდე ამ ურთიერთობებმა ბევრი სფერო მოიცვა, სადაც გარკვეულ წარმატებებსაც ჰქონდა ადგილი. მიღწეული შეთანხმება ავღანეთში ტვირთების ტრანზიტზე, აღდგა შეჩერებული ურთიერთობები ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, დაიწყო საუბრები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერაზე და სხვა.

თუმცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი მხარეებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი და პრინციპული აღმოჩნდა რომ დღეს ბევრი ექსპერტი ხმამაღლა საუბრობს გადატვირთვის ჩავარდნაზე. მაგალითისთვის ერთი შეხედვით წარმტებით დაწყებული საუბრები ბირთვული იარაღის გაუვცერელებლობის შესახებ დღეს უკვე ფაქტია რომ ჩიხშია შესული. რუსული მხარე კვლავ ბირთვული იარაღის პოტენციალის გაზრდით უმუქრება. თუმცა ეს ფაქტი მხოლოდ ერთადერთია იმ გაუგენრობებს შორის რომელიც ე.წ. „გადატვირთვისას“ დაფიქსირდა. ამ პროცესში კი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტები რომელიც პირდაპირ ან ირიბად მაგრამ მაინც უკავშირდება საქართველოს.

პირველი თვალშისაცემი დაძაბულობა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს უკავშირდებოდა.  ფაქტია, რომ რუსეთის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით განსაკუთრებულ მონდომებას გამოხატავს. ამასთან ერთად ჯოზეფ ბაიდენის 9-მარტის მოსკოვური ვიზიტის შემდეგ, რუსეთს ამ გზაზე შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაცილებით მეტი შანსი აქვს, რაც 17 წლიანი უშედეგო მოლაპარაკებების პირობებში სერიოზულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა რუსული მხარის ოპტიმიზმი რომ მარტში განახლებული პროცესი აპრილში დასრულდებოდა არ გამართლდა. საქმე იმაშია რომ რუსეთის ვემეოში გაწევრიანების საკითხს ხელს არა ქართული მხარის უარი არამედ შეერთებული შტატების პოზიცია უფრო უშლის.

რჩება შთაბეჭდილება რომ ობამას ადმინისტრაცია თემას რამდენიმე მიზნისთვის იყენებს. ორმხრივი დაძაბული ურთიერთობებისას, სხვა სტრატეგიული საკითხების მოგვარების უპერსპექტივობის ფონზე, ბუნებრივია, ძნელია ხელიდან გაუშვა ზეწოლის ერთ-ერთი კარგი საშუალება. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული შტატების დამსახურება იყოს ის ფაქტიც, რომ რუსულ მხარეს თავიანთი ნების სააწინააღმდეგოდ მაინც მოუწიათ ქართველებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა.

28 ივლისს ამერიკულმა გაზეთმა ნიუ იორკ ტაიმსმა გამოაქვეყნა სტატია სადაც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონში განიხილებოდა საიდუმლო ანგარიში, რომელიც საქართველოში განხორციელებულ აფეთქებებში რუსეთის დაზვერვის ოფიცრის შესაძლო მონაწილეობას შეეხებოდა.  გაზეთი იტყობინებოდა რომ ამ აფეთქებებში რუსი ოფიცრის მონაწილეობასთან დაკავშირებული ვარაუდის პარალელურად, საიდუმლო ანგარიში ვერ იძლევა იმის ნათელ დასკვნას, რომ  აფეთქებები მოსკოვის დაკვეთით განხორციელდა. ამასთან, თავად ანონიმური წყარო მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების საელჩოსთან განხორციელებული აფეთქება ვაშინგტონზე მეტად თბილისის გამოსაწვევად განხორციელდა.

თუმცა მანამდე ერთი დღით ადრე 27 ივლისს გაზეთ ”ვაშინგტონ ტაიმსმა“ გაავრცელა ანალოგიური შინაარსის სტატია ასევე ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. მალევე გავრცელდა რესპუბლიკელი სენატორების მოწოდება, რომ აფეთქებების საკითხი განხილული უნდა ყოფილიყო კონგრესის ეგიდით. სენატორ ჯონ კილის განცხადებით, კი უნდა შეჩერდეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობათა გადატვირთვა, მანამ, სანამ არ იქნებოდა შესაბამისი რეაქცია შეერთებული შტატების საელჩოს აფეთქებასთან დაკავშირებით.

29 ივლისს კი ახალი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც თავის მნიშვნელობით მის წინამორბედებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. აშშ–ის სენატმა 29 ივლისს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სეპარატისტულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად აღიარებს.

”სენატი ადასტურებს შეერთებული შტატების პოლიტიკას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები აღიარებული უნდა იყოს როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები”.

სენატის რეზოლუცია მოსკოვმა 4 დღის შემდეგ გააპროტესტა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სენატის გადაწყვეტილებას ოფიცილაური განცხადებით უპასუხა. სიტუაცია სავარაუდოდ იმდენად დაიძაბა რომ შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში შემდეგი განცხადებაც კი გააკეთა:

”გადატვირთვა ყოველთვის შეეხებოდა იმ გზების გამონახვას, სადაც რუსეთის ფედერაციასა და ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. ვფიქრობ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ პროგრესს რამდენიმე ასეთ სფეროში. მაგრამ იგივე გადატვირთვა არ მოხდება ჩვენი ინტერესებისა და პრინციპების საზიანოდ და ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას.”

შეერთებული შტატების წინაშე არსებული ფინანსური თუ პოლიტიკური პრობლემების პირობებში 2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი წლისთავზე შტატების პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ფაქტია რომ მაინც მოახერხა და გამონახა დრო ყურადღება დაეთმო რუსულ-ქართული ურთიერთობებისთვის. ვითარება საკმაოდ დაძაბულია. თუმცა ანალიტიკოსების ძირითადი ნაწილი ვერც ამ შემთხვევაში ხედავს რუსეთ-ამერიკის გადატვირთვის პოლიტიკის გაუქმების საფრთხეს.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს ფიოდორ ლუკიანოვი, რედაქტორი ჟურნალისა ”რუსეთი გლობალურ ურთიერთობებში”, გადატვირთვის პროცესში გაჩენილი სერიოზული კითხვის ნიშნების მიუხედავად, ორი ქვეყანა საერთო ინტერესებს ვერ დათმობს:
”რა თქმა უნდა, ეს წვლილს არ შეიტანს ურთიერთობების გაუმჯობესებაში, მაგრამ არ მგონია, რომ ამან ბევრი რამ გააფუჭოს, რადგანაც სფეროებით, როგორიც არის მაგალითად ავღანეთი, ბირთვული განიარაღება და ირანიც კი, სადაც რუსეთი და ამერიკა თანამშრომლობენ, ორივე მხარეა დაინტერესებული.”

გარდა ამისა, ბუნებრივად უნდა დავსვათ კითხვა: როგორია კორელაცია ამერიკელი კანონმდებლების რიტორიკასა და ობამას ადმინისტრაციის იმ გზავნილებთან, რომლებიც ქართულ მხარეს რუსეთთან ურთიერთობებში "სტარტეგიული მოთმინების“ შენარჩუნებას ურჩევენ?

კომენტარებში: 1. არჩილ გეგეშიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული კვლევების ფონდი, 2. დავით ტოგონიძე, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი, 3. თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი.

განმარტება:

„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისმხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“