საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისო მეგობრობა ეჭვს არ იწვევს. თუმცა, ეს არ აისახება საინგილოში (კახი, ზაქათალა, ბელაქანი) არსებულ მდგომარეობაზე. ადგილობრივი სტრუქტურების უსინდისობა იქამდე მივიდა, რომ საზღვრის ლაგოდეხი–ბელაქნის მონაკვეთზე ქართულ სახელმძღვანელოებს აღარ ატარებენ.
მებაჟეები ქართულ სახელმძღვანელოებს ისეთი მონდომებით დასდევენ, თითქოს სხვა საქმე არც ჰქონოდეთ. უფრო მეტიც - სულ ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა საქართველოდან საინგილოში ქართულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოების შეტანის ბრალდებით, თბილისი - ზაქათალა - კახის მიკროავტობუსის მძღოლიც კი დააკავეს.
მიკაროვტობუსის მძღოლი თანხის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სამართალდამცავებმა დაკავებული „საბაჟო წესების დარღვევაში“ დაადანაშაულეს.
„ერთ-ერთი რეისის შესრულების დროს, მგზავრებმა თბილისიდან ქართულენოვანი სასკოლი წიგნები წამოიღეს. მძღოლმა ამის შესახებ იცოდა, თუმცა როცა საბაჟოზე ჰკითხეს, აკრძალული საქონელი ხომ არ შემოჰქონდა, აზერბაიჯანელი მებაჟეებისთვის არაფერი უთქვამს. წიგნები აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა საინგილოს ქართული სექტორის სკოლებიდან რამდენიმე დღის წინ ამოიღეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხვდა აღნიშნული წიგნები კახის და ზაქათალის რაიონებში“, - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი.
აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა საინგილოს ქართული სექტორის სკოლებში ჩხრეკა საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩაატარეს. ჩხრეკის შედეგად უშიშროების თანამშრომლებმა 200-ზე მეტი ქართული სახელმძღვანელო ამოიღეს.
ეს წიგნების ამოღების პირველი შემთხვევა არა არის. 26 სექტემბერს ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადის პირველი საშუალო სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მასწავლებელს ელინათა საფაროვას (იაშვილი), ლაგოდეხთან, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სახელმძღვანელოები ჩამოართვეს. მესაზღვრეებმა მას მეორე კლასის ქართული სახელმძღვანელოები, მათემატიკის სახელმძღვანელოს 54 ეგზემპლარი და ქართული სამუშაო რვეულები წაართვეს.
ამ ფაქტებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ლაგოდეხთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ ინციდენტზე საგარეო უწყებას დაუყოვნებლივი რეაგირება მოითხოვა.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, ზაქათალას რაიონის სოფელ ალიაბადის პირველი საშუალო სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ელინათი საფაროვა დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. საფაროვას ინფორმაციით, საზღვარზე აზერბაიჯანელებმა მას ჩამოართვეს მეორე კლასის ქართული სახელმძღვანელოები, მათემატიკის სახელმძღვანელოს 54 ეგზემპლარი და ქართული სამუშაო რვეულები.
მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება მიმართულია ქართული სექტორების დახურვისკენ იმ საბაბით, რომ არ არსებობს ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები.
რაც შეეხება ამ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე გამოხმაურებას, საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ამ ფაქტს „უყურადღებოდ არ დატოვებენ“. თუმცა, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, საინგილოს ქართველებს განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვთ. აზერბაიჯანული ადმინისტრაცია ჰერეთს ქართული სკოლების დახურვას მიზანმიმართულად ცდილობს, რასაც თბილისის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყვება.
როდემდე გასტანს ასეთი პოლიტიკა, ყოვლად გაუგებარი რჩება. ფაქტია ისიც, რომ ხშირად ანტიქართული ნაბიჯები ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე იდგმება. რატომ იგუბებენ პირში წყალს თბილისში და ბაქოელ კოლეგებს საქმის კურსში არ აყენებენ (შესაბამისი სამართლიანი მოთხოვნებით), ესეც სამარჩიელო თემაა.
სირაქლემას პოზაში ყოფნა კი ჰერეთის ქართველებს ასიმილაციის და გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს. რა გახდა ნორმალური, მეცნიერულად დასაბუთებული პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება ისტორიული ქართული კუთხის მიმართ, რომელიც დღეს მეზობელი სახელმწიფოს შემადგენლობაშია. საინგილო ყარაბაღი არ არის და ამ თემით სპეკულირების მიზანი ინგილო–ქართველების დევნა–შევიწროებაა, მეტი არაფერი.
ეს ხდება მაშინ, როცა ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებს სრული კულტურულ–საგანმანათლებლო ავტონომია და მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ. ყოველწლიურად განათლების სამინისტრო ახალ–ახალ პროგრამებს ამუშავებს და ახორციელებს ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ფლობის, ზოგადად განათლების დონის ასამაღლებლად. ეს მხოლოდ მისასალმებელი ნაბიჯებია, რომ არა სრულიად საპირისპირო პოლიტიკა საინგილოს ქართველების მიმართ.
უკვე ბევრჯერ გაიჟღერა, რომ საინგილო საქართველოს ხელისუფლებამ ნავთობ–გაზის ინტერესებზე გაცვალა. ეს ეჭვები ყოფით დონეზე საუბრებს არ გასცდენია. თუმცა, თბილისის მხრიდან თითქმის არაფერი კეთდება იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის უიმედობას ადგილი არ ჰქონდეს.
რეალობა სხვა სურათს აჩვენებს. გაპრეზიდენტების შემდეგ, ილჰამ ალიევმა უკვე მერამდენეჯერ მოინახულა ქვემო ქართლში კომპაქტურად მცხოვრები აზერბაიჯანელები. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორი ვადის მანძილზე ერთხელაც ვერ მოიცალა ჰერეთში ჩასასვლელად. ასეთი ტიპის ნაბიჯებს სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანებისთვის არც თუ უკანასკნელი მნიშვნელობა აქვს.
ჰერეთში ეროვნული თვითშეგნება მთლიანად ქართულ სკოლაზე დგას. მას უჭირს და ხმის ამომღები არავინაა. საქართველოს განათლების სამინისტრო თავისი ხაზით სკოლებს ქართული სახელმძღვანელოებით ვერ ამარაგებს. ადგილობრივ პედაგოგებს კი წიგნების შეტანა სასტიკად აკრძალული აქვთ.
ერთ–ერთი ინგილო პედაგოგის კითხვაზე, რის საფუძველზე კრძალავენ საინგილოში ქართული სახელმძღვანელოების შეტანას, უპასუხეს, რომ ამაზე ბაქოდან, განათლების სახელმწიფო უწყებიდან „მითითება“ აქვთ მიღებული. ამ ფონზე კი, ქართული სკოლები და სექტორები დახურვის პირას დგანან – ქართული წიგნები ვერ შემოვა და საერთოდ, ზოგადი განათლების გარეშე დარჩებითო.
„ერთ–ერთ პედაგოგს ქართული სახელმძღვანელო ჩამოართვეს და სასაზღვრო მდინარე მაწიმში გადაუგდეს. თბილისში ყველაფერი იციან და ხმას არ იღებენ. მეგობრობა კი არა, ზურგში დანის ჩარტყმაა, რასაც ადექვატური პასუხის გაცემა სჭირდება. მოვითხოვთ ისევე მოგვექცნენ, როგორც საქართველოს ხელისუფლება ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებს ეპყრობა. ასე გაგრძელების შემთხვევაში, საინგილოში ქართულ სიტყვას გაქრობა ემუქრება“, – აცხადებს ადგილობრივი პედაგოგი, რომელიც ჩვენთან საუბრისას გასაგები მიზეზების გამო ვინაობას არ ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საინგილოდან ერთადერთი მოძღვარი, მამა ბასილი გამოაძევეს. სასულიერო პირი კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა. მანამდე კი, მეუფე მელქისედეკმა ქადაგების დროს უპრეცენდენტო განცხადება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ რაც საინგილოში ხდება, ძალიან ცუდია.
„მრევლი შემცირებულია. მე ძმობა ცალმხრივი არ ვიცი. მოვუწოდებ ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას, რომ აქ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციებს, კულტურას, ენას და სარწმუნოებას, ყურადღება მიაქციოს“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.