„წინ დაჯექით და, ნატოში უფრო მალე მიგიღებენ“

„წინ დაჯექით და, ნატოში უფრო მალე მიგიღებენ“

მომავალი წლის მაისში ჩიკაგოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მორიგი სამიტი გაიმართება. თბილისში იმედოვნებენ, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნატო  კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავა. თუმცა, უახლოესი პარტნიორები კვლავ ზოგადი, არაფრისმთქმელი განცხადებებით იფარგლებიან.

 

გაიღება თუ არა ბოლოს და ბოლოს საქართველოსთვის ნატო-ს კარი, ეს გადაწყვეტილება ალიანსის წევრების მისაღებია, - ასე უპასუხა აშშ-ს ახალმა თავდაცვის მინისტრმა, ლეონ პანეტამ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის შეკითხვას , რომელიც მან ლეონ პანეტას ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვა.

 

შეკითხვაზე, „შეგიძლიათ გვითხრათ, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს მარტო იმას კი არ გაუმეორებენ, რომ ნატო-ს კარი მისთვის ღიად რჩება, არამედ ბოლოს და ბოლოს ეტყვიან, რომ ეს კარი გაიღო, - აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა უპასუხა:

 

„ჩვენ ჩიკაგოს სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა მოგვიწევს. ეს არის ვითარება ავღანეთში; განსაზღვრა იმისა, რა სახით ვიქნებით იქ წარმოდგენილი 2014 წლის შემდეგ; ეს არის ლიბიასთან დაკავშირებული საკითხები... მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ საქართველო განაცხადს შეიტანს, ნატო მას სამართლიანად მოეკიდება“.

 

ნატო-ს მინისტრების ორდღიანი შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა.

 

ახლახანს, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა განაცხადა, რომ „მომავალ წელს, ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის შესახებ ძლიერ სიგნალს იმსახურებს“.

 

ამის შესახებ აჟუბალისმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

 

„არ მინდა, წინასწარ დავასახელო, რა ფორმით უნდა მოხდეს ამის დაფიქსირება, მაგრამ საქართველომ თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან დიდი პროცენტი სამხედრო განვითარებისთვის გაიღო. მას ძლიერი პოზიციები აქვს ავღანეთშიც. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ნატო-ს წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო ორგანიზაციის წევრობაზე ძლიერ სიგნალს იმსახურებს“, - განაცხადა აჟუბალისმა და აქვე დასძინა, რომ „ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი იქნება“.

 

ნატოში გაწევრიანების არახალმა თემამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საინტერესო ამონარიდებს კომენტარის და ავტორთა ვინაობის დასახელების გარეშე გთავაზობთ:

 

„შეუტანია, როგორ არ შეუტანია? ბუქარესტის სამიტი აბა რა იყო? მაგის შემდეგ კი აზრი არ ჰქონდა... მე რომ მკითხო, არც ახლა აქვს აზრი“...

 

„არა, ეს ხვანცალი რომ დაიწყო რუსეთმა, კი მივხვდი, რაღაცას გაიჩალიჩებდა, მაგრამ ასეთი სწრაფი რეაქცია თუ იქნებოდა, არ მეგონა. ლამის შეეგუენ ახალ სტატუს-ქვოს და ამათმა იმდენი იფარფატეს, ისევ მიაქციეს ყურადღება მათ ხულიგნობას.“

 

„ვალოდიას თავისი სეხნია პირველკლასელი ვოვკასავით მოუვიდა. სკოლაში აწყობენ „მასკარადს“ და ბავშვებს დაავალეს სათანადო კოსტუმების მოტანა. ზოგმა ბავშვმა ციყვის კოსტუმი ჩაიცვა, ზოგმა - დათვის, ზოგმა - მელიის. ვოვას ჩაუცვია ყავისფერი კოსტუმი, დადის და იბღვირება.

 

- Вовка, почему ты надел такой костюм? - ეკითხებიან ვოვას.

- А я буду говном и буду вонять! - პასუხობს ვოვა. 

 

რატომ ჰგონია ყველა აყროლებულს, რომ მუდმივად მოარიდებენ ცხვირს? დაუდებენ „ლაფათქას“ ქვემოდან და იალა! ნაგავში!“

 

„ბიძინა რას ფიქრობს ამ საკითხზე?“

 

„უყურეს, უქომაგეს, ჩაეხუტნენ მედვედევს. იქნებ, როგორმე გარისკოს, ივარგოს და პუტინის მეორედ მოსვლა ავიცილოთო… არ გამოვიდა - მედვედევი ბოლომდე ბეჩავი სირინოზი გამოდგა. ახლა გადატვირთვებზე, რუსეთის მოდერნიზაციის მხარდაჭერაზე და ამგვარებზე საუბარს მორჩებიან და სხვანაირად გააგრძელებენ“.

 

„ყავისფერკოსტუმიან ვოვკას ჯინაზე შეიძლება მიგვიღონ კიდეც. ყოველ შემთხვევაში ლაპარაკი განაახლეს და ეს კარგი სიგნალია“.

 

„ნუ გგონიათ, ამ მეთოდებს, რიტორიკას და ა.შ. მარტო ჩვენ ვკითხულობთ. 21-ე საუკუნეში ინფორმაციის მოგროვება ძალიან სწრაფად ხდება და დასკვნებსაც აკეთებენ. სარკოზიმ არ თქვა გუშინ, რუსეთი ჩემი ძმაა და ერთად ვაშენებთ ახალ ევროპასო? რუსეთის ჯინაზე არავინ არაფერს რომ არ გაგვიკეთებს, ოდესმე ხომ უნდა მივხვდეთ?“

 

„აშშ-ს თავდაცვის მდივანმა სავარაუდოდ იგულისხმა განაცხადის პროცედურული მხარე. კერძოდ, ჩიკაგოს სამიტის წინ, საქართველოს მიერ ფორმალური განაცხადის დაყენება არა ნატოში გაწევრიანების შესახებ (ამის შესახებ საქართველომ პოლიტიკური განაცხადი, ფორმალურად უკვე დიდი ხნის წინ გააკეთა. ალიანსმაც საპასუხო პოლიტიკური განაცხადი 2008 წელს, ბუქარესტში გაახმოვანა.აღნიშნული განაცხადი ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის ნაწილიც გახდა), არამედ მის პროცედურულ მხარეზე. ანუ, რა მექანიზმით/ინსტრუმენტით მოხდება ეს.

 

თუ ამ ყველაფერს სარკოზის ვიზიტსაც დავუმატებთ, ვფიქრობ რომ ცოტა დრო დარჩა იქამდე ვიდრე ნატოს კარი საბოლოოდ გაიღება და წევრები გავხდებით.

ამავე დროს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი ძალიან დაჩქარდება.

საინტერესოა რას დაუპირისპირებს ამას რუსეთი“.

 

„წინ დაჯექით და უფრო მალე მიგიღებენ; კარგით რა, ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა და იმანაც უპასუხა. თუ, უნდა ეპასუხა დაახვიეთო? ჩვენ, გვაწყობს, თუ არ გვაწყობს, საქართველოს გამო არავინ და არასდროს რუსეთთან ურთიერთობას არ დაძაბავს და ნუ გჯერათ რაღაც სულელური ზღაპრების“.

 

ცნობისთვის, ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია, ნატო (ინგლ. North Atlantic Treaty Organisation, NATO; ფრანგ. Organisation du traité de l'Atlantique Nord, OTAN), სამხედრო კავშირი შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში, რომლის დამფუძნებლებად ითვლებიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადა, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, დანია, ისლანდია. ალიანსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სსრ კავშირიდან მომავალი სამხედრო საფრთხის მოგერიება ერთიანი ძალებით. მოგვიანებით, ალიანსში 1952 წელს მიიღეს საბერძნეთი და თურქეთი.

 

1955 მათ შეუერთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. 1982 ალიანსში მიიღეს ესპანეთი. 1991 სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ნატო პრაქტიკულად უფუნქციო სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებად იქცა, თუმცა ეს ორგანიზაცია დაშლის ნაცვლად 1999 წელს ახალ წევრებს იერთებს ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის სახით. 1999 აშშ-ის მეთაურობით ალიანსმა საჰაერო იერიში მიიტანა იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადზე.

 

2004 სამხედრო ალიანსში ახალ წევრებს იღებენ, რომელთა შორის არიან: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ბულგარეთი. მიუხედავად რუსეთის დიდი წინააღმდეგობისა, ნატო კვლავ აპირებს თავისი რიგების გაფართოებას. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში. 2009 წლის 2 აპრილიდან ალბანეთი და ხორვატია ნატოს სრულუფლებიანი წევრები არიან.