მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში ბახმაროს სტუმრობს, ჩვენი რეგიონალური კორესპოდენტი ნატო გოგელიას ინფორმაციით, სააკაშვილს თან ახლავს რამაზ ნიკოლაიშვილი, ვერა ქობალია და მაია სიდამონიძე. სააკაშვილის ვიზიტს მხოლოდ, ნაციონალური არხები - „რუსთავი2“, „იმედი“ და აჭარის ტელევიზია გააშუქებს, რადგან დელეგაციამ რეგიონალური მედია ახლოს არ გაიკარა.
„ჩვენ დავსვამდით კითხვებს, რომელსაც ბუნებრივია, ნაციონალური არხების ჟურნალისტები არ დასვამენ. ბახმაროში საკუთრების წართმევის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. გურიაში შიშობენ, რომ ადგილობრივებს სამუდამოდ ამოუკვეთენ ფეხს ბახმაროდან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კურორტ ბახმაროს არაბი ინვესტორისთვის „ასუფთავებენ“ და საკუთრებების წართმევის პროცესიც ამას უკავშირდება. თუმცა, რეალურად ვინ გახდება ბახმაროს მესაკუთრე, დანამდვილებით არავინ იცის“, - ამბობს პრესაგე.ტვ-ის რეგიონალური ჟურნალისტი.
„პირველ რიგში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, აშენდება თანამედროვე ტიპის სასტუმროები, გაკეთდება საბაგირო და სათხილამურო ტრასები. ბამხარო არ ჩამოუვარდება ანაკლიას, სიღნაღს, მესტიას. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი მთელ საქართველოში“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რამაზ ნიკოლაიშვილმა.
პრესაგე.ტვ უკვე წერდა, რომ ბახმაროს განაშენიანების გეგმის თანახმად, რომელიც მერაბ ჩხენკელმა შეადგინა კურორტზე, მხოლოდ ფეშენებლური სახლები იქნება, ხოლო ძველი კოტეჯები დაინგრევა.
გარდა ამისა, სააკაშვილის N525 ბრძანებულების თანახმად, საკრებულოს ლეგალიცაზიის კომისია, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწებს აკანონებდა, შეჩერდა. ბოლო რამდენიმე თვეა ეს ბრძანება არ სრულდება და საკრებულოს წევრები პირად საუბრებში ამბობენ, რომ აღარც დაკანონდება და რიგითი მოქალაქეების ქონება სახელმწიფოს ხელში გადავა.
გასული წლის ოქტომბერში კი, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის განყოფილებაში 274 ცალი მსგავსი შინაარსის განცხადება შევიდა: „გთხოვთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ჩოხატაურში კურორტ ბახმაროში, ამა და ამ ქუჩაზე, ამა და ამ საკადასტრო კოდით უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში განახორციელოთ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია“, - ყველა განცხადებაზე 5 ლარი და 50 თეთრია გადახდილი.