IT ინდუსტრიამ პატრიარქი, Apple-მა კი მამა დაკარგა

IT ინდუსტრიამ პატრიარქი, Apple-მა კი მამა დაკარგა

 

5 ოქტომბერს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია Apple-ის თანადამაარსებელი და მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სტივ ჯობსი. ბოლო წლების განმავლობაში ჯობსი გამუდმებით ებძოდა კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეს. 

ჯობსის სერიოზული ავადმყოფობის შესახებ ცნობილი პირველად 2003 წელს გახდა. 2004 წელს მას ოპერაცია გაუკეთეს და სამი წელი თავს კარგად გრძნობდა. მაგრამ 2009 წელს მას სიმსივნე თირკმელზეც აღმოუჩინეს. თირკმლის გადანერგვის შემდეგ ჯობსი კვლავ სამუშაოს დაუბრუნდა, თუმცა, ჯანმრთელობა უკვე სრული დატვირთვით მუშაობის საშუალებას აღარ აძლევდა. 2011 წლის 26 აგვისტოს მან თავისი პირმშოს საბოლოოდ მიტოვება გადაწყვიტა და Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ აუწყა. 

აღსანიშნავია, რომ იმ მომენტისათვის Apple მსოფლიოში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე კომპანია იყო, რაც სწორედ სტივის დამსახურება გახლდათ.

ჯობსის გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მას ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორი უწოდა და აღნიშნა, რომ “ჯობსი იყო განსაკუთრებით მამაცი ადამიანი, იმდენად, რომ სჯეროდა, მსოფლიოს შეცვლა შეეძლო და თანაც იმდენად ნიჭიერი, რომ ამის გაკეთება მოახერხა”. 

არ შეიძლება ამერიკის პრეზიდენტს არ დაეთანხმო. ტყუილად როდი განაცხადა ჯობსის კონკურენტმა, მაიკლ დელმა, რომ IT ინდუსტრიამ დაკარგა პატრიარქი, ნამდვილი ლეგენდა და მისაბაძი მაგალითი. ეგრეც არის, ახალგაზრდა ნოვატორები, როგორებიც არიან მარკ ცუკერბერგი, სერგეი ბრინი და სხვები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მათ ჯობსის მაგალითზე ისწავლეს, როგორ შეიძლება ისწრაფვოდე, სამყარო უკეთესობისაკენ შეცვალო. 

 როგორ შეიქმნა ლეგენდა 

Apple-ის მომავალი დამაარსებლები სტივ ჯობსი და სტივ ვოზნიაკი ჯერ კიდევ სკოლაში დამეგობრდნენ. ორივეს ელექტრონიკის მიმართ სიყვარული და მსოფლიოს უკეთესობისაკენ შეცვლის ვარდისფერი ოცნება გამოარჩევდა. 1972 წელს მათ პირველი საქმე გაჩარხეს - ხელში ჩაუვარდათ ჰაკერული მოწყობილობა Bluebox-ის სქემა, რომლის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უფასოდ დარეკვა შეიძლებოდა.

მეგობრები საქმეს შეუდგნენ, დეტალები შეიძინეს, აპარატები დაამზადეს და თითო 150 დოლარად გაყიდეს. დაახლოებით 200-მდე რომ გაასაღეს და 2000 დოლარამდე მოგება ძმურად გაიყვეს, ბიზნესის შეწყვეტა მოუხდათ, რადგან მათი საქმიანობით პოლიცია დაინტერესდა. საბედნიეროდ, ორივე გადარჩა და ჯობსმა ელექტრონიკის და ვიდეოთამაშების მსხვილ კომპანია “ატარში” დაიწყო მუშაობა.

მალე მეგობრებმა პერსონალური კომპიუტერი ააწყვეს, რაც მაშინ დიდი იშვიათობა იყო და, სულ მცირე, 3000 დოლარამდე ღირდა. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ვოზნიაკის საძინებელ ოთახში დაპროექტებული და გარაჟში აწყობილი ეს უზარმაზარი ყუთი, რომელსაც 1 მეგაჰერცი სიხშირის პროცესორი და 4 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება ჰქონდა, ახალი იმპერიის საფუძველი იყო.

გამჭრიახმა ჯობსმა პერსპექტივის სუნი უმალ იყნოსა, თავისი “ფოლკსვაგენი” გაყიდა, ვოზნიაკი დაითანხმა, თავის მანქანას მეგობრის პროგრამული კალკულატორი მიაყოლა და სიჭირო მასალების და მყიდველების ძებნას შეუდგა. თან “ატარიდან” მეგობარი რონ ვეინი მოიწვია, რომელიც საჭირო დოკუმენტაციის და ლოგოტიპის მომზადებას შეუდგა.

1976 წლის 1 აპრილს ჯობსმა, ვოზნიაკმა და ვეინმა ოფიციალურად დაარეგისტრირეს კომპანია, რომელსაც ჯობსის ინიციატივით Apple დაარქვეს. ამგვარ მონათვლას ძალიან მარტივი მიზეზი ჰქონდა: მეგობრებს სურდათ მათი კომპანია სატელეფონო ცნობარში “ატარიზე” წინ ყოფილიყო. 

მოხერხებულმა ჯობსმა 50 პოტენციური მყიდველი მალე იპოვნა, რომლებსაც Apple-ის კომპიუტერები 500 დოლარად შესთავაზა. ამასთან, იგი დეტალების მთავარ მომწოდებელს 15 ათასი დოლარის ოდენობის ერთთვიან კრედიტზე მოურიგდა. ჯობსის რისკიანმა ნაბიჯმა ბუნებით ფრთხილი ვეინი დააფრთხო და მან კომპანიაში თავისი 10% წილი ორ სტივს სულ რაღაც 800 დოლარად მიყიდა, რაც ალბათ შემდეგ სასტიკად ინანა.

ჯობსმა და ვოზნიაკმა კი Apple1 მოდელის 50 კომპიუტერი 29 დღეში (!) ააწყვეს. Apple1-ის პირველი პარტიის ეგზომ სწრაფად გაყიდვამ ჯობსი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ პერსონალური კომპიუტერი უდავოდ დიდად მოთხოვნადი საქონელია. ამიტომაც მისი ინიციატივით შეიქმნა ახალი, Apple2 ტიპის კომპიუტერი. იგი სიმძლავრით თავისი წინამორბედისაგან დიდად არ განსხვავდებოდა. მაგრამ, მანქანას მაღალი ხარისხის ფერადი გამოსახულების ჩვენება შეეძლო და, რაც მთავარია, მისი ნებისმიერ ფერად ტელევიზორთან მიერთება შეიძლებოდა. იგი ისე კარგად იყიდებოდა, რომ მისი გამოშვებიდან 3 წლის შემდეგ, კერძოდ კი 1980 წელს კომპანიის ფინანსურმა ბრუნვამ 10 მილიონ დოლარს მიაღწია. მალე გაყიდვაში გამოვიდა Apple3.

ცოტა ხანში მას მოჰყვა Apple Macintosh, რომელმიც სრულიად ახალი სიტყვა გახლდათ კომპიუტერების წარმოების სფეროში. ამ დროისათვის კომპანიას მთლიანად ჯობსი ხელმძღვანელიბდა, რადგან 1981 წელს ვოზნიაკი ავტოავარიაში მოყვა და ჯანმრთელობა გვარიანად შეერყა. 

ჯობსის ხელმძღვანელობით Apple წარმატებას წარმატებაზე აღწევდა. 1985 წელს Apple-მა “მაიკროსოფტთან” ერთად გამოუშვა პირველი ელექტრონული ცხრილი Exel for Macintosh, რომლის ვერსია სხვა სისტემის პერსონალური კომპიუტერესითავის მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოვიდა. ამ ნოვაციას მოჰყვა პროგრამების Macintosh Aldus PageMaker და LaserWriter გამოშვება, რომლებმაც საგამომცემლო საქმეში გადატრიალება მოახდინა და Apple-ს დიდძალი მოგება მოუტანა. 

1986 წელს Apple-მა გამუშვა SCSI ინტერფეისის მქონე პირველი კომპიუტერი “მაკინტოშ პლუს”, რომელთან ერთად შეიქმნა იეროგლიფებთან სამუშაო პროგრამა KadjiTalk. ამგვარად კომპანიამ აზიური ბაზრის დაპყრობა შეძლო. ერთი წლის შემდეგ ბაზარზე გამოჩნდა “მაკინტოშ 2”, 1990 წელს ბაზარზე გამოვიდა იმ დროისათვის უსწრაფესი და უძვირესი კომპიურერი Macintosh 2fx, რომელიც 10 ათასი დოლარი ღირდა. მას მოჰყვა იაფი, ულტრაბრტყელი კორპუსის მქონე Macintosh CL, რომელიც ბაზარზე საოცარი მოთხოვნილებით სარგებლობდა. შემდგომ წლებში მსოფლიო ბაზარი Apple-ის ნოუთბუქებმა დაიპყრო.

ამიტომაც იყო, რომ Apple-ის ბრუნვამ თანდათანობით იმატა და 1998 წელს კომპანიამ მეტი კომპიუტერი გაყიდა, ვიდრე თვით IBM-მა. მეტიც, ჯობსის წყალობით კომპანია სფეროს უპირობო ლიდერად იქცა. მარტო iPone-ის გამოშვება რად ღირს, რამაც საოცარი მოგება მოიტანა. ახლა კი Apple დაობლდა და ძნელი სათქმელია, რა ელის მას სტივ ჯობსის გარეშე.