საქართველომ სასურსათო პროდუქტების შეფუთვა და ტრანსპორტირება უნდა ისწავლოს. ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე commersant.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის ნომერ პირველი პრობლემა სასურსათო პროდუქტების ექსპორტირებაა. საქართველომ ისრაელისაგან ის ხერხები და მეთოდები უნდა აითვისოს, რომლის მეშვეობითაც ისრაელმა საკვები პროდუქტების წარმატებული ექსპორტირება მოახერხა. იციკ მოშეს განმარტებითვე, მსოფლიო მუდმივი ბლოკადის დროს, როდესაც მწარმოებელ ქვეყნად ისრაელის მითითება პროდუქტზე აკრძალული იყო, ქვეყანამ შეფუთვისა და ტრანსპორტირების ისეთი სისტემა შეიმუშავა, რომ მსოფლიოში ექსპორტი 1,5 მილიარდამდე გაზარდა.
ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელის შენიშვნას ქართველი ექსპორტიორებიც იზიარებენ. მათი თქმით, ექსპორტისას პროდუქტის შეფუთვას მის ხარისხზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს. საქართველოში კი ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამაა დასახვეწი. თუმცა ექსპორტიორთა განცხადებით, ქართული პროდუქტის შეფუთვა უმჯობესდება. მათი თქმით, ამ მიმართულებით კომპანიები სულ უფრო მეტ თანხებს ხარჯავენ.
ქართული მწვანილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორი კომპანიის „ჰერბიას“ ხელმძღვანელის ზურაბ ჯანელიძის განცხადებით, როცა ადამიანი მაღაზიაში შედის, იგი პროდუქტის ვიზუალურმა მხარემ უნდა მიიზიდოს და არჩევანსაც უმრავლეს შემთხვევაში ამის მიხედვით აკეთებს, მით უმეტეს ევროპულ ქვეყნებში, სადაც დიდი არჩევანი და მაღალი კონკურენციაა. ამიტომ კომპანია ეტიკეტის დიზაინსა და შეფუთვაზე სერიოზულ თანხებს ხარჯავს. ზურაბ ჯანელიძის განმარტებით, შეფუთვის ხარჯების გამო „ჰერბიას“ ერთი კილოგრამი პროდუქცია 1 დოლარით ძვირდება, თუმცა ეს გამართლებული ხარჯია. „ჰერბიას“ მწვანილი უკრაინასა და ბელორუსიაში გააქვს, სადაც კილოგრამ პროდუქტზე ფასი 3–დან 5 დოლარამდე მერყეობს.
ექსპორტიორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტის გაზრდა შეფუთვის ხარისხის გაუმჯობესებას პირდაპირ უკავშირდება. საკონსერვო ქარხანა „კულას“გენერალური დირექტორის ვანო გოგლიძის განცხადებით, პროდუქციის თვითღირებულების 40%–ს შეფუთვის თანხები შეადგენს. მისი თქმით, კომპანია ყოველი ახალი პროდუქტის, ჯემის, საწებლის, წვენის ან მურაბის გამოშვების, ან ძველის რებრენდინგის შემთხვევაში კონკურსს აცხადებს და ახალ ეტიკეტს და შესაფუთ ჭურჭელს ამ გზით არჩევს. „კულას“ საკუთარი პროდუქციის 65% ექსპორტზე ამერიკაში, გერმანიაში, ისრაელსა და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში გააქვს.
ღვინის კომპანიების ნაწილის განცხადებით, შეფუთვის პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა სხვა პროდუქტებისაგან განსხვავებით ქართული ღვინის ინდუსტრიას ეს საკითხი გადაჭრილი აქვს. „თელიანი ველის“ გენერალური დირექტორის შოთა ხობელიას განცხადებით, საქართველოსთვის ღვინის ექსპორტი ყველაზე ტრადიციული და ხანგრძლივი სფეროა, ამიტომ ამ პროდუქციის შეფუთვა წლების განმავლობაში იხვეწებოდა. მისი თქმით, სადღეისოდ ქართული საექსპორტო ღვინოების ჭურჭელი, საცობი და ეტიკეტი უმაღლესი ხარისხისაა, რომელთა დიდი ნაწილი კომპანიებს უცხოეთიდან შემოაქვს. ამის მიუხედავად, ხობელიას განმარტებით კომპანიები საკუთარი პროდუქციის რებრენდინგზე მუდმივად მუშაობენ. მისი თქმით, „თელიანი ველის“ ერთი ბოთლი ღვინის თვითღირებულების 20–30%–ს შეფუთვის ხარჯი შეადგენს. კომპანია პროდუქციის ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. ეს ქვეყნებია ბელორუსი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ფინეთი, ამერიკა, სინგაპური, თურქეთი და სხვ.
ექსპერტთა ნაწილის განცხადებით, ექსპორტიორი კომპანიები, უბრალოდ, იძულებულები არიან პროდუქცია მაღალი ხარისხით შეფუთონ. მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტის თორნიკე გურულის განცხადებით, შეფუთვის საერთაშორისო „აი ეფ ეს“ და „ბი არ სი“ სტანდარტები არსებობს, რომლებსაც ექსპორტირებული პროდუქცია აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია ექსპორტს ვერ განახორციელებს. ამიტომ ქართველი ექსპორტიორები შეფუთვაში სერიოზულ თანხებს ხარჯავენ.
საწინააღმდეგო ვითარებაა ადგილობრივ ბაზარზე: საქართველოში ასეთი სტანდარტი არ მოქმედებს და კომპანიებიც ამ მიმართულებით თანხას ზოგავენ. ბევრი საწარმოსთვის შეფუთვაში დახარჯული ფინანსები წყალში გადაყრილი ფულია იმის მიუხედავად, რომ მარკეტინგული კვლევების თანახმად, მომხმარებლის 80% უცნობი პროდუქტის შეძენის დროს არჩევანს სწორედ შეფუთვის მიხედვით აკეთებს.