ივანიშვილის შემოჭრა - თვითგამორკვევის შანსი

ივანიშვილის შემოჭრა - თვითგამორკვევის შანსი

ქართული მედია-სივრცე მთლიანად წალეკა ბიძინა ივანიშვილის შემოჭრამ. ყველაზე ვრცელ და საფუძვლიან ანალიზს მკითხველი presage.tv-ზე გამოქვეყნებულ იერემიას ბლოგში - „ივანიშვილის ფაქტორი“ - ალბათ უკვე გაეცნო. ამ ეტაპზე ბევრი არაფერია დასამატებელი, რამდენიმე მოკრძალებული მოსაზრების გარდა, რის გაზიარებასაც ნახსენები  ბლოგის და, ასევე, ამ თემისადმი მიძღვნილი სხვა ტექსტების კომენტირებისას შევეცადე. ვითვალისწინებ მეგობრულ რჩევას და უხერხულად ვრცელი კომენტარების თავმოსაყრელად, ამ რამდენიმე მოსაზრებას ერთ ახალ ბლოგად გთავაზობთ.

ივანიშვილის შემოჭრა პოლიტიკაში უადავოდ ქმნის რეალურ შესაძლებლობებს, რომ ქართველი საზოგადოების წინაშე არსებული ორი ზე-ამოცანა გადაწყდეს:

1) გაიხსნას საჯარო სივრცე, საზოგადოება გამოცოცხლდეს, ცოცხალ სიტყვას და აზრს, და არა მხოლოდ „მკვდარ“ პოლიტიკურ სქემებს მიეცეს გასაქანი; ეს ნიშნავს „რუსთავი ყველას“ მარგინალურ მდგომარეობაში დაყენებას, ერთ–ერთი მძლავრი ნაბიჯი იქნება ახალი „იმედის“ გაჩენა ტელესივრცეში, თუმცა მას უნდა მოჰყვეს ასევე აუცილებელი სხვა ნაბიჯებიც - ეფექტიანი საინფორმაციო–საკომუნიკაციო ქსელის ორგანიზება, რომელიც თითოეულ ქართველამდე მივა.

ამ კონტექსტში ბევრმა არასწორად აღიქვა ივანიშვილის განცხადება ტელევიზიებთან დაკავშირებით. მართალია, „მაესტროსა“ და „კავკასიის“ მიმართ ივანიშვილის ტონი, როგორც ეს ერთმა ჩემმა მეგობარმა შენიშნა, მეტად ზემოიმერულია, კახურზე უფრო მკვახეც კი; მაგრამ თუ მხედველობაში არ მივიღებთ ამ ტონს, და მასზე ჟურნალისტური თავმოყვარეობის ბუნებრივ რეაქციას, აი, რა არის ხაზგასმულად ნათქვამი:

„მაესტროცა“ და „კავკასიაც“ არსებულ სიტუაციაში სრულიად მარგინალიზებულნი, „დისიდენტური“ ტელევიზიები არიან; მათი მაუწყებლობა შეზღუდულია და არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ ნებისმიერი სხვა თვალსაზრისითაც. მათ არ ძალუძთ არათუ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ პროპაგანდისტულ სიცრუის მანქანას, არამედ ამის სურვილიც არა აქვთ და ცხადია, არც შესაძლებლობები. კონკურენცია რეალურად არ არსებობს, მაგრამ „მაესტრო“ და კავკასია“ ამ კონკურენციის მოჩვენებას ქმნიან. ამიტომ ისინი მხოლოდ „რუსთავი ყველას“ „კონტრაპუნქტის“ როლს თამაშობენ და მთლიანობაში ერთი გაბმული სიმღერის „მოგუდულ“ ბანად ისმინებიან. როგორია ყველაზე ეფექტიანი პროპაგანდა? ის, რომელიც ყველაფრის წამლეკ სიცრუეზეა დამყარებული და რა სჯობია, თუ მას ფონად შიგადაშიგ მყვირალა სიმართლე ექნება? ეს მყვირალა სიმართლე, რომელიც სატელევიზიო სივრცეში მხოლოდ ფრაგმენტულია, ამ დიდი ტყუილის მეტად აქცენტირებას უწყობს ხელს და ამ დროს სიმართლეც სისტემური ტყუილის სამსახურშია. ეს ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს იმით, რომ გაჩნდეს არა თავისუფლების კუნძული ან ოაზისი, არამედ ძველი „იმედის“ მსგავსი კონკურენტუნარიანი და არა „კონტრაპუნქტური“ ტელევიზია.

2) ამ საჯარო სივრცეში უნდა მოხდეს ქართველი ერის შინაგანი თვითგამორკვევა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ჩვენი თვითგამორკვევა მხოლოდ გარეგნულია. ამით უნდა  აიხსნას ის ღირებულებითი დეზორიენტირება, რაც ჩვენშია დღეს გამეფებული. ჩვენი თავისუფლება მხოლოდ ნეგატიურია, ჩვენ დავიციკლეთ ამ 20 წლის განმავლობაში და თავისუფლება გვესმის არა როგორც შინაგანი მდგომარეობა, არამედ მხოლოდ როგორც რაღაცის ან ვიღაცისაგან (ვთქვათ - რუსეთისგან, უფრო სწორად - რუსეთის ჩვენეული მოჩვენებისაგან) თავისუფლება. შინაგანი თვითგამორკვევისათვის უმთავრესი ღირებულებითი ორიენტირები, რასაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ამ საჯარო სივრცეში მუდმივი განსჯის მთავარი საგანი უნდა იყოს. დაწყებული სახელმწიფოს ლეგიტიმურობის საფუძვლებიდან, როგორიცაა მემკვიდრეობითობა, კონსტიტუციურობა, დემოკრატია(თვითმმართველობა), დამთავრებული ერის სახელმწიფო და სამოქალაქო ორგანიზაციის ყოველდღიური და გადაუდებელი საკითხების განხილვით.

არჩევნებში ჩვენ ახალი კონსტიტუციის პროექტით და ახალი კონკრეტული (და არა ისეთი აბსტრაქტული, როგორიც დღევანდელ პარტიებსა აქვთ) სამთავრობო პროგრამით უნდა მივიდეთ.

არსებულისაგან განსხვავებული ალტერნატივის ჩამოყალიბება მხოლოდ შინაგანი თვითგამორკვევითაა შესაძლებელი, ივანიშვილის შემოჭრა კი ალბათ ქმნის ამ შესაძლებლობას. მთავარია კვლავ, ასე ვთქვათ, ნეგატიური შინაარსის არჩევანი არ გაკეთდეს, აქ გასახსენებელია დიდი ილიას სიტყვები: „არას თქმა, უარისმყოფლობაა, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ქართულად, „ჰაშას“ კვრაა და მეტი არაფერი.“

ის, რომ დღევანდელი რეჟიმი აღარ გვსურს და მას „არას“ ვეუბნებით, არამც და არამც არ  ნიშნავს, რომ ვიცით, რაც უნდა ვქმნათ და რას ვეუბნებით „ჰოს“. მარტოოდენ „არას“ თქმით ახალი ხელისუფლებაც იგივე გადაულახავი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რომლის წინაშე დღევანდელიც დგას. თუ მათ, გამსახურდიასავით ან სააკაშვილივით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყეს გარკვევა, თუ რა უნდა ქმნან, იგივე შედეგის წინაშე დადგებიან. ამიტომ, ეს საარჩევნო პერიოდი „არაზე არას“, ანუ „ჰოს“ სათქმელად უნდა გამოვიყენოთ. ამისათვის კი უდიდესი ძალისხმევა და შრომაა საჭირო. პატრიოტთა და პროფესიონალთა შრომა. საკითხავი კი ის არის – მოახერხებს ბატონი ბიძინა „ჰოს“ სათქმელად ამ შრომის ორგანიზებას?

ამ შეკითხვაზე პასუხი ცალსახა არ არის. იერემიას ბლოგში ბევრი რამ იქნა გაანალიზებული და ერთ–ერთი საკითხად ახალი პარტიის მშენებლობაც იყო განხილული. გამოთქმული იქნა იმედი, რომ ამ ახალ პარტიაში უკვე გაკოტრებული „ძველი სახეები“ ნაკლებად იქნებიან. მგონი, არც ეს არის მნიშვნელოვანი. უფრო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარტიის, არამედ ახალი ცოცხალი პროცესის ორგანიზება. იმედია, ბატონი ივანიშვილი არ გაიმეორებს ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის შეცდომას, რომელმაც თავისი ცაიტნოტური წაინასაარჩევნო კამპანია მარტივი კლიენტელიზმის პრინციპით ააგო. მას სურდა საზოგადოებისათვის ის შეეთავაზებინა, რასაც იმ მომენტში ყველაზე მეტად ელოდნენ: დიდი ფული, ელემენტარულ ადამიანურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, რომელიც ერთი თანრიგით მეტი იყო, ვიდრე სააკაშვილის შეთავაზება.

დიდი ფულის გამოჩენა პოლიტიკაში დიდი სიკეთის კეთების შესაძლებლობასთან ერთად არანაკლებ საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს. უკვე ითქვა, რომ ივანიშვილის კარებთან აუცილებლად რიგი დადგება. ამ რიგში ჩადგებიან: (1) ახალი მესიის მომლოდინე მშიერი ადამიანები, რომლებიც მრავლად მოიპოვებიან ამ დალოცვილ საქართველოში, (2) მუდმივი მედროვეები, რომლებიც ნებისმიერ მყიდველს მიეყიდებიან, (3) ათასი ჯურის ავანტურისტები, რომლებიც ამღვრეულ წყალში თევზაობენ, (4) ფუჭი მეოცნებენი და მუცლით მეზღაპრენი, რომელთაც სპორტული ჟინიც არ აკლიათ. მომაკვდინებელი საფრთხეა, მაგრამ მისი თავიდან აცილება სწორედ საჯარო სივრცის გახსნითაა შესაძლებელი. ცოცხალი რიგი არა ივანიშვილის პარტიაში მიმღებ „საკონკურსო კომისიასთან“  უნდა დადგეს, არამედ კონკურენტულ საჯარო სივრცეში. შეძლებს ბიძინა ივანიშვილი და ქართველი საზოგადოება ასეთი რიგის ორგანიზებას?

ივანიშვილმა პირველი სიტყვა თქვა. ახლა ჯერი ქართველ საზოგადოებაზეა. ყველაფერი ამ პასუხზეა დამოკიდებული. მგონი, დღეს უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე თუნდაც 2007 წელს, მაშინ ბადრი პატარკაციშვილის „იმედის“ ერთ–ერთი შოუმენი ასე ხუმრობდა: „იმედი არის, შანსი - არავითარი“. ხელისუფლების პასუხმაც არ დააყოვნა – 2008 წლის არჩევნების შემდეგ: აღარც იმედი და აღარც შანსი. ივანიშვილის შემოჭრა ნამდვილად არის ახალი შანსი და მას დიდი იმედებიც უკავშირდება.

ხელისუფლებამ დაიწყო ჩვეული „ჯიქური“ პასუხის გაცემა, ჯერ მხოლოდ სიტყვით. მაგალითისათვის პავლე კუბლაშვილის ინტერვიუც გამოდგება. პასუხი ჩვეულია, ახალი არაფერი: „ივანიშვილი მხოლოდ რუსეთში ნაშოვნი ფულის ტომარაა, ხოლო ჩვენ – პატრიოტთა და გენიოსთა უშრეტი მადანი“.

სწრაფი კონსოლიდაციაა საჭირო, რათა ამ ვაიპატრიოტებსა და ცრუ გენიოსებს ღირსეული მიეგოთ. მათ ვერ უნდა გაბედონ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სიტყვიდან ჩვეულ, ბნელ და ბინძურ საპასუხო საქმეებზე გადავიდნენ. კარგად უნდა გავაგებინოთ, რომ მათი „ვარდების რევოლუცია“ მთლიანად გაკოტრდა და მათი ბნელი საქმენიც სამზეოზე გამოდის.

ასეთი კონსოლიდაცია ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოჩვენებებისაგან გათავისუფლებით უნდა დაიწყოს. აი, ეს მოჩვენებებიც, რასაც ისევ თავიდან შემოგვთავაზებენ:

მოჩვენება პირველი – „დემოკრატიის ახალი ტალღა“. რეალურად ამ ტალღით წამოწყებული ე.წ. კონსტიტუციური პროცესი სამართლებრივ სახელმწიფოთა ისტორიაში ჯერ არნახული „საპრემიერო რესპუბლიკის“ გამოგონებით დასრულდა. თანაც, ამას საპარლამენტო პრეროგატივების გაძლიერებად ყიდიან. ამ დროს კონსტიტუციურადაც და ფიზიკურადაც პარლამენტს საერთოდ აძევებენ საჯარო პოლიტიკიდან. განა თავადვე არ უწყიან, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა დეცენტრალიზაცია არ არის?  

მოჩვენება მეორე – ევროატლანტიკური ინტეგრაცია რუსეთთან  გაუთავებელი ვითომცდა ომით. სარკოზიმაც  თქვა, რომ რუსეთთან საქართველოს დაპირისპირება  ბედისწერა არ არის; ამ ცრუ ბედისწერისაგანაც უნდა გავთავისუფლდეთ – გზა ევროპისაკენ რუსეთთან ურთიერთობების გარკვევა–დალაგებაზეც გადის;

მოჩვენება მესამე – ე.წ. ლიბერტალიანური რეფორმები. სინამდვილეში, მათი ეს რეფორმები ყველაზე უფრო საზიზღარი ფორმის სოციალური დარვინიზმია. რა მოგვიტანეს მათ? პოლიტიკური წარმოშობის მონოპოლიათა პარპაში, თავისუფალი შრომის უფლებათა ფეხქვეშ გათელვა, მასობრივი უმუშევრობა და გაღატაკება. მათ მიაღწიეთ იმას, რომ ღატაკი მოსახლეობის უმრავლესობა მათი მათხოვრული სოციალური დახმარებების კლიენტი გახდა და ამას ასაღებენ ეკონომიკურ თავისუფლებად და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობად;

მოჩვენება მეოთხე – ახალი წესრიგი. ეს ყველაზე სასტიკი მოჩვენებაა, რადგან ვითომცდა პოლიციის, იუსტიციის, პროკურატურის და სასამართლო რეფორმით მათ შექმნეს  არაადამიანური რეპრესიული მანქანა. „ვინც ჩევნთან არ არის, ჩვენი მტერია, ყველანი ციხეში“ – ასეთია რეალურად მათი მოქმედი ლოზუნგი. ამის იქით სულ ერთი ნაბიჯიღაა სრულმასშტაბიან ბოლშევიკურ ტერორამდე.

მოჩვენება მეხუთე – მოქალაქეებზე ორიენტირებული ეფექტიანი საჯარო სამსახური. სინამდვილეში მათი რეფორმა მერაბიშვილის „სიბრძნეს“ ემყარება. ამ ბრძენთა-ბრძენმა და სახელმწიფოს ხერხემალმა 2004–შივე განაცხადა: „კადრები არ უნდა იყვნენ პროფესიონალები, არამედ უნდა იყვნენ ეფექტურებიო“. რეალურად, ეს ნიშნავდა ერთი პოლიტიკური ძალის მიერ საჯარო სამსახურის ფაქტობრივ პრივატიზაციას და პატრიმონიალური ურთიერთობების (როდესაც მოხელე ემსახურება არა კანონს, არამედ „ნაჩალნიკს“) სრულ გაბატონებას.

ამ „რევოლუციურ“ ზმანებათა გრძელ სიას აღარ გავაგრძელებ, რათა ისევ ნეგატიურ ტალღაზე არ გადავერთოთ. კონსოლიდირება ამ მოჩვენებათა წინააღმდეგ მხოლოდ ჩვენი შინაგანი თვითგამორკვევითაა შესაძლებელი.

ჩვენ თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ ის ღირებულებითი ორიენტირები, რასაც დაემყარება ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სამოქალაქო ცხოვრება. უნდა ვაქციოთ ეს ორიენტირები კონკრეტულ კონსტიტუციურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროექტებად. ივანიშვილის შემოჭრით ამის შანსი გაჩნდა და იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა.