მართალია შემოდგომა საზოგადოდ გრილი სეზონია, მაგრამ თბილისის წყამომარაგების კომპანიისთვის ზედმეტად ცხელიც კი აღმოჩნდა. კვირა არ გავა, რომ «ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის» წინააღმდეგ ვინმემ სერიოზული «ლაშქრობა» არ მოაწყოს. კომპანიას ბრალს დებენ ყველაფერში, რაშიც სიტყვა წყალი ფიგურირებს.
ამჯერად რესპუბლიკური პარტია «ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ»-ს მცირე მეწარმეებისთვის ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლები მცირე მეწარმეებს აიძულებენ, დააყენონ ძვირადღირებული, კონკრეტული კომპანიის მიერ წარმოებული წყლის მრიცხველები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი წყლის მიწოდების შეწყვეტით და ჯარიმების დაწესებით ემუქრებიან.
«ბოლო პერიოდში «რესპუბლიკელებს» ბევრმა მოქალაქემ და განსაკუთრებით მცირე ბიზნესის წარმომდგენლებმა მოგვმართეს, რომლებიც თბილისის წყლის მიერ მრიცხველების დამონტაჟების პროცესის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ.
თბილისის წყლის კომპანია სრულიად აბსურდული ე.წ. გაფრთხილების საფუძველზე მიუთითებს მცირე მეწარმეებს, რომ გაფრთხილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში მითითება შეასრულონ, თუმცა თავად მითითება მეწარმეებს არც ბარდებათ და მათთის არც მისი დოკუმენტური დასაბუთების წარდგენა ხდება», - ამბობს ხიდაშელი.
მისი თქმით, ობიექტებზე დამონტაჟებული მრიცხველების არც ექსპერტიზა ტარდება, არც არსებული მრიცხველის ვარგისიანობის შემოწმება, არც ალტერნატივების შეთავაზება.
«მრიცხველების თემა საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, მოსახლეობისაგან ფულის გამოძალვის წყაროდ იქცა და, სამწუხაროდ, ხელისუფლება ამგვარ გადაწყვეტილებებს მშვიდად ეგუება, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სახელშეკრულებო ვალდებულებებს მუდმივად არღვევს «რესპუბლიკელები» მივმართავთ მეწარმეებს, საკუთარი ინტერესები დაიცვან და მორჩილად ნუ გადაიხდიან ახალი მრიცხველების გადასახადს კომპანიის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე, როგორც სალარო აპარატების მრავალჯერადი შესყიდვის ვალდებულების დაკისრებისას, აღნიშნული ვალდებულების შესრულების მოთხოვნამ და შესაბამისად, არაადეკვატურად მაღალი გადასახადების გადახდამ, შესაძლოა, მრავალჯერადი ხასიათი მიიღოს», - განაცხადა ხიდაშელმა.
მუდმივი შეტევის შემდეგ, როგორც იქნა «ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერშიც» გადაწყვიტეს პასუხი გაემზადებიანთ. კომპანია კატეგორიულად არ ეთანხმება ხიდაშელის მიერ გავრცელებულ განცხადებას. მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ «ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი» გამაფრთხილებელ წერილს მხოლოდ იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს უგზავნის, რომელსაც დამონტაჟებული აქვს წყალმზომის ის ტიპი, რომელიც არ შეესაბამება «გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონსა და სემეკის 2010 წლის N6 დადგენილებას.
«კომპანიის მოთხოვნა სრულიად სამართლიანია, რადგან კანონმდებლობის თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტისა და სტანდარტების შესაბამისი გამართული სააღრიცხვო კვანძის მოწყობა», - აცხადებენ «ჯორჯიან უოთერ ენდფაუერში».
რაც შეეხება ობიექტებზე დამონტაჟებული მრიცხველების ექსპერტიზას, კომპანიის ინფორმაციით, კანონმდებლობით აკრძალულია არარეგისტრირებული მრიცხველებისთვის რამე სახის ექსპერტიზის ჩატარება.