ტელეკომპანია ”თრიალეთის” დირექტორი საფრანგეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

ტელეკომპანია ”თრიალეთის” დირექტორი საფრანგეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

საქართველოში ჩამოსულ ნიკოლა სარკოზის კიდევ ერთი ქართველის თხოვნას გადასცემენ, რომელიც საფრანგეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ტელე-რადიოკომპანია ”თრიალეთის” დირექტორმა ჯონი ნანეტაშვილმა უკვე მიმართა საფრანგეთის საელჩოს და სარკოზისთან შეხვედრაც მოითხოვა. ნანეტაშვილმა წერილი საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოში საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიესაც მისწერა. 

წერილში ნანეტაშვილი მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამართალდამცავების მიერ გორში მისი ცემიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მან მხოლოდ სახალხო დამცველის ანგარიშიდან  შეიტყო, რომ "საქმის გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო მიმდინარე წლის თებერვალში დახურულა".

ნანეტაშვილი აცხადებს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში იგი და მისი ოჯახის წევრები გამუდმებულ ზეწოლასა და თვალთვალს განიცდიდნენ და საეჭვო პირები ხშირად მის მანქანასაც დადევნებიან. მისი თავისუფლად გადაადგილება უკვე შეუძლებელია. ამასთან, ჯონი ნანეტაშვილი ფრანგული მხარისგან ითხოვს, დაეხმარონ, რათა ტელეკომპანია ”თრიალეთის” იძულებითი გაყიდვა თავიდან აიცილოს, რასაც მისგან ხელისუფლება მოითხოვს.

პრესაგე.ტვ. ესაუბრება ჯონი ნანეტაშვილს.

-  პოლიტიკური თავშესაფარი იმ ზეწოლისა და დევნის გამო მოვითხოვე, რაც ტელეკომპანია ”თრიალეთის” მიმართ მიმდინარეობს. ფაქტობრივად, დევნას მას შემდეგ განვიცდი, რაც გორის ცენტრში, გუბერნატორის ფანჯრების წინ მცემეს. ამის გამო გამოძიება მაშინვე დაიწყო, ჩემს საკითხთან დაკავშირებით პროკურატურისგან ინფორმაციას მოვითხოვდი, მაინტერესებდა, როგორ მიმდინარეობდა ძიება, მაგრამ, არც პროკურატურიდან, არც გენპროკურატურისა და პრეზიდენტისგან არანაირი პასუხი არ მიმიღია. საბოლოო ჯამში, სახალხო დამცველის ანგარიშიდან გავიგეთ, რომ საქმის შეწყვეტა მოხდა.

რატომ დაიხურა საქმე?

- მიზეზად სამხილების უკმარისობა, დანაშულის ნიშნების არარსებობა დაასახელეს. ჩვენ მოვითხოვდით, რომ ცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია იმ ოთხი კამერიდან ამოეღოთ, რომელიც მომხდარის ადგილს უყურებდა. თუმცა, ჩვენც დაგვიბლოკეს და არ მოგვცეს ეს ინფორმაცია და თვითონაც არ გამოიყენეს საქმეში.  საქმის დახურვის შემდეგ არავინ პასუხს არ გვაძლევს. გარდა ამისა, ქარელში ნაყიდი მაქვს კინოთეატრი, მის გარშემო მიწა რაც მქონდა შესყიდული და ოფიციალურად დარეგისტრირებული, ქარელის მუნიციპალიტეტმა წამართვა და თავის თავზე გაიფორმა. უფრო ადრე კი, ქარელის გამგეობის თანამშრომლები ერთ-ერთ კაფეში ისხდნენ და მსჯელობდნენ ჩემთან დაკავშირებით, ასევე - ტელევიზიასთან მიმართებითაც, რასაც შემთხვევით შეესწრნენ ქარელში მცხოვრები ნინო მარჯანიძე და ორი ჩემი თანამშრომელი, ჟურნალისტები. ქარელის გამგეობის თანამშრომლები თურმე აცხადებდნენ, თუკი ტელეკომპანია ამ კურსით გააგრძელებს მუშაობას, მაშინ ჩემს ლიკვიდაციას მოახდენდნენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, ყოველ წუთს ჩემს თანამშრომლებს აწუხებენ, დევნიან, თვალთვალი მიმდინარეობს ტელეკომპანიაზე, ჩემი ოჯახის წევრებზე. ყოველივე ამის გამო გადავწყვიტე, ეს ნაბიჯი გადამედგა და პოლიტიკური თავშესაფარი მომეთხოვა. იქნებ, საზღვარგარეთ რომ ვიქნები, ჩვენზე ასეთი ზეწოლა აღარ გაგრძელდეს.

ტელეკომპანია ”თრიალეთი” თქვენს გარეშე შეწყვეტს მუშაობას?

- არა, მუშაობას არ შეწყვეტს. უცხოეთში სწორედ ამის გამო მივდივარ, რომ საქართველოში ტელეკომპანიის მუშაობას ხელი აღარ შეუშალონ. საზღვარგარეთ როცა ვიქნები, ვეღარც იძულებით გაყიდვას მაიძულებენ და ვერც ვერაფერს.

ტელეკომპანიის გაყიდვას რა ფასად გთავაზობენ?

- შარშან გვქონდა შემოთავაზება, აგვისტოს ბოლოს, ანუ სანამ მცემდნენ. მაშინ კატეგორიული უარი ვუთხარი, ექვს მილიონ დოლარზე იყო საუბარი. მეუბნებოდნენ, შენც და შენი ძმაც საზღვარგარეთ უნდა წახვიდეთ თქვენი ოჯახებითო და ტელეკომპანიაში ვეღარ შემოხვალთო. ამიტომ კატეგორიული უარი ვუთხარი, უკვე 7 ოქტომბერს მცემეს.

თქვენზე განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლას ამ უარს უკავშირებთ?

- დიახ, რა ვიცი… ალბათ, იმასაც უკავშირდება, რომ ობიექტურ ინფორმაციას ვაწვდით მაყურებელს. ეს ყველაფერი ხომ მათ აღიაზიანებთ?!

საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიეს შეხვდით?

-  არა, საფრანგეთის ელჩს ვერ შევხვდი, მაგრამ განცხადება დაიტოვეს, ელჩს საქმის კურსში ჩავაყენებთო და იმედი მომცეს, რომ საღამოს უკვე საფრანგეთის პრეზიდენტსაც ეცოდინოდა ყველაფერი. არ ვიცი, რა მოხდება. ვითხოვე, იქნებ ხვალისთვის შეხვედრა მომიწყოთ პრეზიდენტთან-თქო და არ ვიცი, როგორ იქნება საქმე.

როგორც ვიცი, ტელეკომპანია ”თრიალეთის” დამფუძნებელია თქვენი ძმა, ბადრი ნანეტაშვილი. საზღვaრგარეთ ისიც წავა და თავშესაფარს ისიც მოითხოვს?

- არა, ჩემი ძმა აქ რჩება. ფაქტობრივად, ყველაზე დიდი წილის მფლობელი მე ვარ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ ჩემი წასვლა ყოველგვარ ზეწოლასა და ტელეკომპანიის იძულებით გაყიდვას შეაჩერებს, რადგან ჩემი ძმის წილის გაყიდვა არაფერს ნიშნავს.

ოჯახზე ზეწოლა რაში გამოიხატება?

- ფაქტობრივად, დასდევენ, უთვალთვალებენ, ბავშვებს მანქანებით დაყვებიან… იძულებული ვარ, ტაქსით ვატარო ბავშვი სკოლაში.

რამდენადაც ვიცი, თქვენ ამოიცანით ის პირი, ვინც გვცემათ. საქმის გამოსაძიებლად უცხოეთისთვის რომ მიგემართათ?

- საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ვინმე რომ ჩარიო, ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება. დღეს ისეთი მდგომარეობა შეგვიქმნეს, რომ, ფაქტობრივად, კომპანიის გაკოტრების წინაშე ვდგავართ. ისინი ბიზნესმენებს აიძულებენ, ჩვენთან არ ჩადონ რეკლამები, არ ითანამშრომლონ. მოკლედ, აშინებენ ბიზნესმენებს. ამდენად, ტელეკომპანიას მცირე შემოსავალი აქვს. თავისთავად, გაგვიჭირდება, რომ საქმეს უცხოეთში მიეცეს მსვლელობა. წარმოდგენა არ მაქვს, თავშესაფრის მიღების შემთხვევაში, რა საქმიანობას განვაგრძობ უცხოეთში. აქამდე ამაზე არც იყო საუბარი. არც მიფიქრია ამაზე, უბრალოდ, უცებ გადავწყვიტეთ, რომ გავეცალო აქაურობას; იქნებ, გაჩერდნენ და დაგვანებონ თავი.  

მაინცდამაინც საფრანგეთი რატომ შეარჩიეთ?

-  იმის გამო, რომ სარკოზი ჩამოდის საქართველოში და ამ მოვლენას დავუკავშირეთ. იქნებ, უფრო სწრაფად დაგვეხმარონ, რადგან სარკოზი აქ იქნება. თანაც, სარკოზი თავადაც გაიგებს, რა ხდება ქვეყანაში და როგორია მედიის თავისუფლება და დემოკრატია საქართველოში. სწორედ ეს არის მიზანი.

შარშან გორის ცენტრში ვინც გცემათ?

- გავაშელი და სარაული იყვნენ, პატრულის თანამშრომლები. მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, დღესაც ჩვეულებრივად მუშაობენ პატრულში. სარჩელზე პასუხიც არ მიგვიღია და ამდენად, სტრასბურგს ვერ მივმართავთ. რა უნდა გავასაჩივრო? გარკვეული დოკუმენტი ხომ უნდა მქონდეს, რომ გავასაჩივრო? 

ტელეკომპანია ”თრიალეთის” რომელიმე გადაცემის გამო ხელისუფლებას აშკარა უკმაყოფილება გამოუთქვამს?

-  ჩვენ ყველაფერს ობიექტიურად ვაშუქებთ. ეთერს ვუთმობთ როგორც ოპოზიციას, ისე - ხელისუფლებას. ორივეს ერთნაირად ვეპატიჟებით გადაცემებში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები არ მოდიან. ამიტომაც შეიქმნა ეს იმიჯი, თითქოს ოპოზიციური ტელევიზია ვართ. სინამდვილეში, არ ვართ ოპოზიციური, ჩვენ ობიექტური ტელევიზია ვართ. თითქმის ყოველდღიურად გვაიძულებდნენ, რომ მათ პიარზე გვემუშავა.

ტელეკომპანიის მიყიდვას კონკრეტულად ვისთვის გაიძულებენ?

- იყო ასეთი კომპანია შპს. ”გეორგია”, სწორედ ამ კომპანიაზე იყო საუბარი.

ვისია ეს კომპანია?

- გვარი აღარ მახსოვს. ეს იყო სამშენებლო კომპანია. რა თქმა უნდა, ნაციონალების დავალებით ყიდულობდნენ ჩვენს ტელეკომპანიას.