მანანა ნოზაძე
„ქართული აკადემიის“ წარმომადგენელი თემურ ნანეიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი თანმიმდევრული პოლიტიკით არ გამოირჩევა. ამდენად, დღეს შეუძლია სარკოზი დაგმოს, ხვალ კი - ღმერთად წარმოაჩინოს. პრესაგე.ტვ თემურ ნანეიშვილს ესაუბრა.
როგორ გგონიათ, რატომ ჩამოდის სარკოზი საქართველოში?
- გულწრფელად ვთქვათ, სარკოზი საქართველოში შემორბენითაა. როგორც ირკვევა, უკვე პრესაშიც გაჩნდა ცნობები, რომ სარკოზი სომხეთში შარლ აზნავურთან ერთად ჩადის. მისი ძირითადი მიზანი სწორედ სომხეთში ვიზიტია. საფრანგეთში ძალიან ძლიერი სომხური ლობია, ისინი იქაურ პარლამენტშიც არიან, ბიზნესშიც არიან ჩართულები და ელისეს მინდვრებზე მდებარე სასახლეშიც ძალიან დიდი წონა აქვთ. ამიტომ სარკოზის სურვილია, მიიმხროს სომხური ლობი. მით უმეტეს, სარკოზის ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს თავის ქვეყანაში და სომხური ლობის მხარდაჭერა ესაჭიროება. ამდენად, მისთვის ძირითადია სომხეთში ვიზიტი. მთელ ერთ დღეს სომხეთში დაჰყოფს, შემდეგ დილით ჩავა აზერბაიჯანში, იქ რომ დაასრულებს შეხვედრებს, ჩვენთან დაახლოებით სამი-ოთხი საათით ჩამოვა. თუ არ ვცდები, რვაში დილით პარიზში სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან აქვს შეხვედრა დანიშნული. ასე რომ, საქართველოში შემორბენით ჩამოდის, ეს რეგიონალური ვიზიტია და არა მიზანდასახული ვიზიტი, რათა ზუსტად საქართველოში ჩამოვიდეს.
სარკოზისთან მიმართებით რამდენად თანმიმდევრულია საქართველოს ხელისუფლება? სარკოზი ჯერ „მისტრალის“ რუსეთისთვის მიყიდვის გამო ქრთამის აღებაში დაადანაშულეს. გარდა ამისა, „ტელეიმედის“ სპეციალურ გადაცემაში სარკოზის შესახებ აღინიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს მან სააკაშვილისთვის ხელმოსაწერად, ფაქტობრივად, ორი ტექსტი ჩამოიტანა და ცდილობდა, ამ პირობებზე სააკაშვილს ხელი მოეწერა.
- დიახ, როცა სარკოზიმ რუსეთს „მისტრალი“ მიჰყიდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, ქრთამი აიღოო, ეს მიშა სააკაშვილის ჩვეული სტილია. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი შეცდომაა. ამხელა ქვეყნის, ევროპის ერთ-ერთ წამყვან პრეზიდენტზე ასეთი რამ არ უნდა თქვა, რადგან უბრალო ადამიანის ნათქვამი და პრეზიდენტის ნათქვამი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. პრეზიდენტი ხალხის სახელით ლაპარაკობს და მე კი მხოლოდ ჩემი სახელით ვლაპარაკობ. ამიტომ ასეთ გაუთვლელ ნაბიჯებზე პასუხი უნდა აგონ. პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეთ, რომ ამის გამო, შესაძლოა, მარტო პირადად კი არ იზარალონ, არამედ მთელი ქვეყანა აზარალონ. თუკი ფრანგულმა მხარემ ასეთი გამონათქვამები სერიოზულად მიიღო, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ეს სასარგებლო არ იქნება. ჩემი აზრით, ის შეხედულებაც უტრირებულია, თითქოს სარკოზი ჩვენი ქვეყნის გადამრჩენია. არავითარი ასეთი გადამწყვეტი სიტყვა სარკოზის არ აქვს, რადგან რუსეთი პირდაპირ ამბობს, მე რასაც ვიტყვი, იმას გავაკეთებ. ამიტომ რუსეთთან ჯიჯღინს სჯობია, ნორმალური ურთიერთობა დამყარდეს.
სარკოზის მისამართით მკვეთრი გამონათქვამების შემდეგ ასე რადიკალურად რატომ შეიცვალა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და სარკოზი ქვეყნის გადამრჩენელად რატომ გამოაცხადეს?
- რომელი დიდი ქვეყნის პრეზიდენტიც ჩამოვა, ყველას ასე გაუგორებენ. თბილისობასაც დაამთხვევენ, სხვა რაღაცასაც მოიგონებენ. ეს ქვეყანა პიარზე დგას. დიდი ხანია, სააკაშვილს არავინ შეხვედრია.
ნაციონალები ამაყობენ, რომ ამას წინათ არაფორმალურ გარემოში სააკაშვილი ობამას შეხვდა?
- ამერიკაში ახლახანს რომ იყო ჩასული, ობამამ სააკაშვილს ხელი ჩამოართვა და გაიარა, მეტი ოფიციალური შეხვედრა იქ არ ჰქონიათ. სააკაშვილს იოლად არ ელაპარაკებიან, ხომ ნახეთ, რომ ოფიციალური ვიზიტები შეწყვეტილია. ამიტომ, თუ ვინმე ჩამოვიდა საქართველოში, რა თქმა უნდა, ასეთ აჟიოტაჟს ატეხენ.
ანუ, რეალურად ამ ხელისუფლებისთვის სარკოზი გადამრჩენელია თუ რუსეთის ინტერესების გამტარებელი?
- სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, ეს ხელისუფლება თავის ნამოქმედარზე პასუხს არავის წინაშე არ აგებს. შეუძლიათ, ერთ დღეს ერთი თქვან, მეორე დღეს - მეორე. თანმიმდევრული პოლიტიკით მიშა სააკაშვილი არ გამოირჩევა. საერთოდ, არ აქვს თანმიმდევრული პოლიტიკა, დღეს შუძლია ვინმეს აგინოს, ხვალ შეუძლია ღმერთად წარმოაჩინოს. ჩვენს ხელისუფლებას ახლა ნამდვილად სჭირდება სარკოზის ჩამოსვლა, რადგან ინფორმაცია მაქვს, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რუსეთთან რამენაირად აწარმოოს დიალოგი. ერთი ხელით ამას აკეთებენ, მეორე ხელით კი აგინებენ და პიროვნულ შეურაცხყოფასაც კი აყენებენ.
გვესმის, რომ სარკოზის დასახვედრად ხელისუფლებამ მთელი სამთავრობო მანქანა აამუშავა და საფრანგეთის პრეზიდენტს დასამახსოვრებელ შეხვედრას მოუწყობენ „სარკო, სარკოს“ ძახილით. იმ შემთხსვევაში, თუ საააკაშვილის დაძახილზე თავისუფლების მოედანზე გაცილებით მეტი ადამიანი გავა, ხოლო ფილარმონიასთან სააკაშვილის რეჟიმს შედარებით ნაკლები მოქალაქეები გააპროტესტებენ, სარკოზი საქართველოში შექმნილ რეალურ სურათს მაინც დაინახავს?
- განა ეჭვის შეტანა შეიძლება? რა თქმა უნდა, სამთავრობო მანქანა მობილიზებულია. თავისუფლების მოედანზე 50-50 კაცის გაყვანა ყველა უწყებას დაავალეს. რამდენადაც ვიცი, საფრანგეთის საელჩოს ვებგვერდზე ინფორმაცია დაიდო, რომ ფრანგული მხარე ეპატიჟებოდა ხალხს თავისუფლების მოედანზე. მიკვირს, სააკაშვილის ხელისუფლებამ რისკად რატომ არ ჩათვალა, რომ დედაქალაქის მთავარ მოედანზე მის საწინააღმდეგო საპროტესტო პლაკატს ასწევდნენ?! არადა, ხელისუფლებას ხომ სურს, სრული იდილიური სურათი წარმოაჩინოს? სხვათაშორის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჩვენ არ ვიცით, როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერიო. როგორც ჩანს, გარკვეული მერყეობა ჰქონდა ხელისუფლებას, საჭირო იყო თუ არა ამის გაკეთება. სარკოზის უნდა დავანახოთ, რომ საქართველოში ასეთი იდეალური სიტუაცია არ არის.
პოლიტიკურ პარტიებს ფილარმონიასთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟებით. როგორ გგონიათ, ისინი გამოგეხმაურებიან?
- იმედი მაქვს, რომ მოვლენ. უკვე გამოხმაურებაც გვაქვს, რომ მოვლენ. თუ აქცია ხალხმრავალი იქნება, შეიძლება, ადგილზევე მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომი მოქმედების შესახებ და თავისუფლებისკენ დავიძრეთ. ძალადობას არ ვაპირებთ. რა გასაკვირია, ჩვენ არ მოგვწონდეს ყოველდღიური ჩვენი ცხოვრება, ის, რომ ქვეყანაში ბევრი პოლიტპატიმარია, რომ სასამართლო არ გვაქვს.