ოთხი პოლიტიკური პარტიის განცხადება

ოთხი პოლიტიკური პარტიის განცხადება

6 ოქტომბერი, 2011

2011 წლის 8 ივლისს ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ (ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა და ხალხის პარტია) შევქმენით პოლიტიკური კოალიცია „თავისუფალი არჩევანი“ და განვაცხადეთ, რომ ვიღებდით პასუხისმგებლობას საარჩევნო გარემოსთან ერთად საარსებო გარემოს შეცვლაზე, არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნაზე და ქვეყანაში პოსტსაბჭოური ნეობოლშევიზმის ეპოქის დასრულებაზე.

ხელისუფლების ალტერნატივობის შემძლე პოლიტიკურ ძალის თაობაზე ჩვენი განაცხადი ეფუძნებოდა ყველა პარტნიორის მზადყოფნას იმაზე, რომ აგვისტოს ბოლომდე გავაერთიანებდით ყველა სახის პარტიულ რესურსს, შევიმუშავებდით კოალიციურ პოლიტიკურ პლატფორმას და სტრატეგიას, შევქმნიდით მართვის ერთიან ვერტიკალს, შევთანხმდებოდით საარჩევნო ბლოკის ძირითად საკითხებზე და სექტემბრიდან დავიწყებდით ინტენსიურ და მრავალმხრივ პოლიტიკურ კამპანიას. ამასთანავე, შევთანხმდით იმაზეც, რომ კოალიციას ექნებოდა მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვინც გაიზიარებდა ჩვენს ძირითად ხედვებს.

ბოლო ხანებში გაირკვა, რომ კოალიციის ორი დამფუძნებელი პარტნიორი (თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი), სხვადასხვა მიზეზის გამო, სადამფუძნებლო შეთანხმების შესრულებაზე უარს ამბობს და გვთავაზობს დაგეგმილი და გამოცხადებული კოალიციური ინტეგრაციის გადადებას გაურკვეველი მიზეზებით, გაურკვეველი ვადით და გაურკვეველი მოვლენების მოლოდინში. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ორიოდე თვის წინ საჯაროდ გაცხადებულ პოზიციებზე და გეგმებზე პარტნიორების მიერ უარის თქმა, ვინაიდან დღეს კიდევ უფრო ცხადია, რომ:

საარჩევნო გარემოს საკითხებზე მოსახლეობის ფართო მხარდაჭერის მოპოვება და დემონსტრირება შეუძლია მხოლოდ მჭიდროდ ინტეგრირებულ, მზარდი რეიტინგის მქონე, არჩევნებზე მყარად ორიენტირებულ პოლიტიკურ ბლოკს, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ საარჩევნო გარემოს, არამედ საარსებო გარემოს შესაცვლელადაც. მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერის გარეშე კი ჩვენს საარჩევნო წინადადებებს არც ხელისუფლება გაუწევს ანგარიშს და არც საერთაშორისო საზოგადოება, რაც მხოლოდ საარჩევნო ნიჰილიზმს გააღვივებს; თუ ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ჩვენს მიერ გაცხადებული ძირითადი კონცეფციისა („ხელისუფლება უნდა შეიცვალოს სამართლიანი არჩევნებით ან უსამართლო არჩევნების ფონზე“), მაშინ დაუყოვნებლივ უნდა ვიღებდეთ ხელში ინიციატივას და არ უნდა ვუშვებდეთ მოვლენების განვითარებას ძველი სცენარით („დავდგეთ ერთად ყველა, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგია, შევკრიბოთ ხალხი და დანარჩენი მერე გამოჩნდება“); მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ბლოკები არჩევნებმადე ორიოდე თვით ადრე იქმნება, სწორედ საარჩევნო ბლოკის ხარისხის ინტეგრაციაა დღეს საჭირო იმისათვის, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ კომპლექსურ ამოცანებს. შეთანხმება საარჩევნო ბლოკის საკითხებზე არის არა პარლამენტში პარტიული წარმომადგენლობის გარანტია (ამას ამომრჩეველი წყვეტს), არამედ ძალების ეფექტიანი თავმოყრის საშუალება და წარმატებული პოლიტიკური კამპანიის გარანტია (რაც გამორიცხავს ინდივიდუალურ „მარშებს“ საპირისპირო მიმართულებით). ამასთანავე, ექვსი პარტიის წინასაარჩევნო შეთანხმება არის აუცილებელი (და არა დამაბრკოლებელი) წინაპირობა სწორი პოლიტიკური გეზის მქონე, მომავალში შესაძლოა უფრო მრავალსუბიექტიანი, საარჩევნო ბლოკის შექმნისა; ხელისუფლების მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანია (არჩევნების თარიღით მანიპულირების შესაძლებლობის გათვალისწინებით) დაუყოვნებლივ ითხოვს ოპოზიციის სათანადო აქტიურობას და არა მორიგ ექსპერიმენტებს და  თეორიულ განსჯებს.

ამ საკითხებზე ხანგრძლივი და მრავალგზის საუბრების შემდეგ ჩვენმა პარტნიორებმა საბოლოოდ უარი განაცხადეს სადამფუძნებლო შეთანხმების მიხედვით საქმიანობაზე და, შესაბამისად, კოალიცია „თავისუფალი არჩევანისთვის“ აღარ ფუნქციონირებს. ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ სწორი პოლიტიკური პროექტის შესაქმნელად, ასამოქმედებლად და შესანარჩუნებლად და ვწუხვართ მისი ამგვარი დასასრულის გამო. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ გეგმებს, ამის შესახებ საზოგადოებას ვამცნობთ ინდივიდუალურ რეჟიმში.

 

კონსერვატიული პარტია

რესპუბლიკური პარტია

საქართველოს გზა

ხალხის პარტია