ახალი პარტია და ძველი პოლიტიკოსები

ახალი პარტია და ძველი პოლიტიკოსები

(სოსო ცისკარიშვილი, ინტერვიუ. მეორე ნაწილი)

 

ვინ როგორ მიიღო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განაცხადი, რა სავარაუდო სცენარებით შეიძლება განვითარდეს პროცესები ქართველი მილიარდერის პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარეს სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრეთ:

 

- ვერ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაიმე პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა, განცხადება ნაბიჯი არ არის. ეს უფრო სურვილის ჩამოყალიბების პროცესია. მოვისმინეთ ეს განცხადება, რომელიც შეიძლება ვირწმუნოთ, შეიძლება - არა. უკეთესი იქნება, თუ ვნახავთ ვიდეომასალას, რას ბრძანებს ამ საკითხზე თავად ბატონი ბიძინა. იმიტომ, რომ ადამიანები ხმას პრესცენტრებს არ აძლევენ. თუ ასე, პრესცენტრის საშუაულებით აპირებს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთეირთობას, მაშინ ნაადრევი ყოფილა მის პოლიტიკურ პერსპექტივაზე ლაპარაკი. ის საზოგადოებას უნდა დაელაპარაკოს.

 

რადგან ჯერ არც ბიძინა ივანიშვილის განცხადების სრული ტექსტი გვინახავს და არც რაიმე ვიდომასალა, ვისმჯელოთ რას შეცვლის მისი პოლიტიკურად გააქტიურება?

- ეს გვალვის დროს მოსული წვიმის მსგავსი რამ იქნება, მაგრამ სხვა საკითხია ეს წვიმა დროულად გადაიღებს თუ იმდენ ხანს არ შეწყდება, რომ წყალდიდობაში გადაიზრდება. დღეს, როდესაც ოპოზიციურ პოლიტიკურ სივრცეში ნამდვილი გვალვაა, უცებ აცხადებენ პროგნოზს - მოღრუბლულობა, ალაგ-ალაგ ნალექი. ამიტომ, ცხადია, განწყობა გარკვეულ მოლოდინებთან არის დაკავშირებული. ამ წვიმას მოჰყვება რაიმე მავნე ნივთიერებები ციდან თუ სულაც კრემლიდან, ამაზე მხოლოდ მკითხაობა შეიძლება, მაგრამ საფრთხეს სრულიად სამართლიანად გრძნობს ჩვენი ხელისუფლება, რომელმაც შეგნებულად მოახდინა ქართული საზოგადოების მარგინალიზაცია.

 

ბიძინა ივანიშვილისნაირი პიროვნების კრიტიკის გარეშე მინდობის სურვილი სწორედ მარგინალურ გარემოს გააჩნია, რადგან ისინი ელიან, რომ სხვა გააკეთებს მათ გასაკეთებელს, სხვა მისცემს საჭმელის ფულს, სხვა გადაუხდის დენის გადასახადს, მათ მაგივრად სხვა დააპურებს ქალაქის მერს ნაგვის გადასახადით. როდესაც უმწეოთა და უძლურთა ფენას ქვეყანაში შეგნებულად ზრდი, მათი რჩეული იქნება სწორედ ის ადამიანი, რომელსაც ხალხი ფიზიკური გადარჩენის პერსპექტივას დაუკავშირებს. ელექტორატი, რომელიც  ერთ ტომარა შაქარსა და ფქვილზე იყიდება, შეიძლება ადვილად გამოისყიდოს მან, ვინც ორ და სამ ტომარას შეჰპირდება. სწორედ ეს  არის დიდი შეშფოთების საფუძველი იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელმაც ასეთი ტიპის ამომრჩეველთა უმრავლესობა შექმნა.

 

ასეთი კონკურენტის გასანეიტრალებლად ხელისუფება ძალას არ დაზოგავს. ივანიშვილმა, ცხადია, იცოდა, რომ სარისკო ნაბიჯს დგამდა. ზოგმა მის პოლიტიკაში  წასვლას საბედისწერო გადაწყვეტილება უწოდა.

- ბატონ ივანიშვილს იმპულსური ნაბიჯების გადადგმის გამოცდილება რომ ჰქონდეს, ბანკროტი იქნებოდა. მას ქონება ლატარიაში არ მოუგია. ადამიანი, რომელსაც  სერიოზული გათვლების უნარი აქვს, ამ თემაზეც სერიოზულად იფიქრებდა. თუმც რასაკვირველია საფრთხე არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ აფთრები უკვე კლანჭების გამოჩენას იწყებენ. ახალბედა პოლიტიკოსი თუ შეძლებს საზოგადოების დარწმუნებას მისი მიზნების განხორციელების სიკეთეში, ის არ დარჩება ეულად და მხოლოდ იმ ადამიანებსი ამარა, რომელთაც საკუთარი პარტიის წევრებად მოიაზრებს. დღეს ბატონი ივანიშვილის საკომუნიკაციო ველი საკმაოდ შეზღუდულია (თუნდაც ცნობადი სახეებით), მაგრამ ის, ალბათ, იმასაც გაითვალსიწნებს ცნობად სახეებზე გამოკიდება რა ძვირად დაუჯდა „სახალხო კრებას“.

 

ბიძინა ივანიშვილამდე პოლიტიკური აქტიურობის სურვილი გამოთვა ასევე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მინდია გულუამ. რამდენად უკავშირებთ ერთმანეთს გულუასა და ივანიშვილის ინტერესებს?

- არ მაქვს რაიმე სანდო ინფორმაცია მინდია გულუაზე, მას არ ვიცნობ. ინტერვიუებიდან გამომდინარე გულუა სიმპათიას იმსახურებს, მაგრამ მახსენდება ამ ბიზნესმენის წაქეზებით როგორ აღდგა და რიხით დაიწყო  გამოსვლა გაზეთმა „დრონმა“, მაგრამ საბოლოოდ ის იძულებული გახდა, დახურულიყო. როგორც ჩანს, ან მინდია გულუას აქვს გაჭირვება და ერთ გაზეთს ვეღარ ინახავს ან ნაკლებად სანდოა ასეთი პროექტების განხორციელებისას. ეს თვისება კი პოლიტიკოსს კარგს არაფერს უქადის. თუ ამ ადამიანმა ვერ გათვალა, რამდენი თვე შეეძლო გაზეთის შენახვა, მაშინ ნურც საქართველოს გაბრწყინების იმედს უსახავს ვინმეს. როდესაც ჟურნალისტებთან გაქვს კონტრაქტი, ისინი რამდენიმე თვე უხელფასოდ არ უნდა დატოვო. არაერთი პოლიტიკოსი გვყავს, რომელიც დიდი დაპირებებით ურთიერთობს ჟურნალისტებთან და მერე  ყველაფერი ავიწყდება. როდესაც მეცხრე არხის მფლობელი იყო, ბიძინა ივანიშვილი ასე არ იქცეოდა.

 

თუ ბიძინა ივანიშვილმა მართლაც შექმნა პარტია, ხომ არ ელით ქართული ოპოზიციური სპექტრის ნაწილის მის გვერდით დაჯგუფებას?

- თუ ასეთი სურვილი თავად ბიძინა ივანიშვილს ექნება, ასეთ ოპოზიციურ ერთობაში შემსვლელი პარტიების დეფიციტს ნამდვილად არ უნდა ველოდოთ. როგორც ჩანს, საკუთარ გეზს ქრისტიან-დემოკრატები და ეროვნულ-დემოკრატები ვერ უღალატებენ, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება უკვე პრორუსულ ქმედებად მონათლეს. სხვა პოლიტიკურ ძალებს, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ გაეხარდებოდათ ასეთი კონკურენტის გამოჩემა, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ალბათ, გადასადგმელი ექნებათ ნაბიჯი, რომ რაიმე ამდაგვარ გაერთიანებაში მოხვდნენ.

 

ეს საკითხი შეიძლება აქტუალური გახდეს იმ ფონზე, როდესაც უკვე ოპოზიციური ექვსიანის დაშლის კონტურები იკვეთება.

- კარგად მახსოვს „ექვსეულის“ ჩამოყალიბების მიზანი. მაშინ არანაირ პოლიტიკურ ბლოკზე საუბარი არ ყოფილა. ეს იყო თემატური ნიშნით სხვადასხვა პრობლემისადმი საზოგადოების კონცენტრაციის საშუალებად გამოცხადებული ერთობა. „ექვსეულს“ და მრავალ ათეულ ოპოზიციურ პარტიას უამრავი საქმე აქვთ გასაკეთებელი საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად და თუ რაიმე კოალიცია უნდათ, ეს თემების გარეშე გააკეთონ. ეს არამც და არამც არ ნიშნავს არჩევნებისთვის სიის ერთად დაწერის აუცილებლობას. საზოგადოებას აღარ აინტერესებს, რომელ სიაში ვინ რა ადგილზე ეწერება. საზოგადოებას აინტერესებს მისთვის მწვავე პრობლემის გადაჭრის როგორი უნარი აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, ვის რა ხელეწიფება. ამიტომ, ოპოზიცია გაერთიანდება თუ დაიშლება, აზრი არ აქვს, თუ საზოგადოებამ არ იგრძნო მათი სატკივარის მიმართ ამ ოპოზიციური ძალების შეწუხება. თუ ხალხმა ეს შეწუხება ვერ დაინახა, ჩათვალეთ, რომ სულ ტყუილად გარჯილან ეს პოლიტიკოსები და დროა საკუთარ თავს პოლიტიკოსები აღარ უწოდონ.

 

ოპოზიციის გვალვიან ველზე ამ შემოდგომით წვიმის წამოსვლას ველოდები. ხალხი გადაწყვეტს ეს მადლის მომტანი წვიმა იქნება თუ ნიაღვარი, რომელიც ქვიშასაც კი წალეკავს. ასეთი მნიშვნელობის მოვლენა (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნების შესახებ ინფორაცია. ავტ.) პოლიტიკურ სპექტრში ერთსულოვნებას არასოდეს იწვევს. ცხადია, არიან დაიმედებულნიც და გულგახეთქილნიც. ერთია - როდესაც ებრძვი დავითაიას, თორთლაძეს, ბაღათურიას პარიებს და მეორეა - როდესაც მოწინააღმდეგედ გყავს პარტია, რომლის სათავეში

(თუ უკან) დგას მსოფლიოში ცნობილი მილიარდერი.

 

ცხადია, ამ ფაქტით ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. საკუთარ უპერსპექტივობას ბევრი აცნობიერებს, თუმც აქამდე საკუთარ თავს არ უტყდებოდა, მაგრამ პოლიტიკურ ველზე ბიძინა ივანიშვილისნაირი მოთამაშის შემოსვლის პირობებში, ან რიგში უნდა დადგნენ, რათა მისი მხადამჭერი პარტიების რომელიმე ათეულში მოხვდნენ ან სხვა პროფესიური საქმიანობაზე იფიქრონ.

 

როდესაც ბადრი პატარკაციშვილთან გაკეთდა პარალელი, ზოგს დაავიწყდა, რომ ივანიშვილს საპრეზიდენტი ამბიცია არ გამოუთქვამს და მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოხატა.

- ეს იმას ნიშნავს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ახალი კონსტიტუცია აქვს წაკითხული და იცის, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებები შეკვეცილია. პარლამენტის მნიშვნელობა დიდია და, შესაძლოა,  ჩემსავით არც ბატონი ბიძინა გამორიცხავდეს, რომ დღევანდელი პრეზიდენტისთვის შესაძლოა მომავალში უფრო მიმზიდველი პარლამენტის თავმჯდომარეობა იყოს. ამიტომაც არ ჩაესმა „ნაციონალურ მოძრაობას“  იავნანასავით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნების შესახებ განცხადება.

 

„სანამ რაიმე ამბავს შეიტყობ, ჯერ დარწმუნდი მის სინამდვილეში და მერე იმოქმედე“, - ბრძანა დიდმა ირლანდიელმა მოაზროვნემ, ოლივერ გოლდსმიტმა. ამიტომ მეც დაველოდები 7 ოქტომბრის განცხადებას. ამიტომ ხომ არ გამოცხადა 7 ოქტომბერი უქმე დღედ ჩვენმა ხელისუფლებამ? ძალიან ღრმა მნიშვნელობის თარიღია შერჩეული საკუთარი იდეის პრეზენტაციისთვის.

 

რას გულისხმობთ?

- 7 ოქტომბერი. თბილისობა. ახალი პარტია და ძველი პოლიტიკოსები. ადამიანთა ინტერესის სფერო ამ დღეს შესაძლოა გაიყოს. ეს არ არის უნებლიე დამთხვევა. და კიდევ - „ნაციონალურ მოძრაობას“ გრძელი მეხსიერება რომ ჰქონდეს, გაიხსენებდნენ, რომ 7 ოქტომბერი ბრეჟნევის კოსტიტუციის დღე იყო. ამას რომ გაიგებენ, დაბრალდება კიდეც ბიძინა ივანიშვილს, რომ მას მიუძვნა ეს პოლიტიკური ნაბიჯი, მაგრამ რა უყოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დაანონსებულ თბილისობას, მათაც რომ დაბრალდებათ, - ბრეჟნევის კოსტიტუციის პატივსაცემად თბილისობაც კი 7 ოქტომბერს გადმოიტანესო!

 

დღევანდელი ხელისუფლების ქმედებების და იმის გახსენებისას, თუ როგორ იქცა ხელისუფლების ერთგული ივანიშვილი მის მოწინააღმდეგე ივანიშვილად, ფილმ „მონანიებიდან“ ვარლამ არავიძის დახასიათება მაგონდება - რომ მას ჰქონდა გასაოცარი უნარი მტერი მოყვარედ ექცია და მოყვარე - მტრად.

 

ასეთი უნარიანი ხელისუფლების პირობებში მთავარია ბუნებრივი წვიმა მოვიდეს და არ მივიდეთ იმ უკიდურესობამდე, რომ ეს წვიმა სისხლნარევი გახდეს.