საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის მოგზაურობა კავკასიაში მშვიდობის მხარდასაჭერად

საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის მოგზაურობა კავკასიაში მშვიდობის მხარდასაჭერად


ერევანი – საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, კავკასიაში ხანმოკლე მოგზაურობისას, რომელიც ხუთშაბათს დაიწყო, საქართველოს მოუწოდებს გამოასწოროს ურთიერთობები რუსეთთან და ამით განაახლებს მოგონებებს მის საშუამავლო როლზე 2008 წლის ქართულ-რუსული ომის მიმდინარეობისას.

სარკოზი, რომელიც ცდილობს თავისი რეიტინგის განმტკიცებას აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ასევე შეეცდება წაახალისოს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, რათა მათ გადაწყვიტონ მთიანი ყარაბახის კონფლიქტი. ეს ანკლავი ძირითადად სომხებითაა დასახლებული.

ის სომხეთში ხუთშაბათს საღამოს ჩავა, პარასკევს აზერბაიჯანში გაემგზავრება და პარიზში გამგზავრებამდე თბილისში სამ საათზე ნაკლებს დაჰყოფს.

ის ფაქტი, რომ სარკოზიმ სამი წლის წინ რუსულ-ქართული ომის დროს საზავო შეთანხმების პროცესში იშუამდგომლა, მას თბილისში თბილი შეხვედრის გარანტიას უქმნის. იქ ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მიმართავს ხალხს თავისუფლების მოედანზე.

სარკოზი სააკაშვილს მოუწოდებს გაიხედოს ქვეყნებს შორის არსებულ უთანხმოებათა მიღმა, მათ შორის იმის მიღმაც, თუ როგორ ხსნიან ისინი საზავო შეთანხმებას და აღადგინოს ნდობა მოსკოვთან ურთიერთობაში.

“თქვენ დიალოგის ძაფს მეტი მიზანდასახულობით უნდა ჩაავლოთ ხელი. ეს არის გზავნილი, რომელსაც სარკოზი სააკაშვილს ჩაუტანს, ისევე, როგორც ეს რუსეთის ლიდერებთან გააკეთა,” – განაცხადა წყარომ ფრანგი პრეზიდენტის სამსახურიდან.

ორივე მხარე ერთმანეთს პროვოკაციებში და ურთიერთობათა საბოტაჟში სდებს ბრალს. მოსკოვმა თბილისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით აღაშფოთა.

არ არის ცნობილი განიხილავს თუ არა სარკოზი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საქმეს – საქართველოს, როგორც ორგანიზაციის წევრს, შეუძლია მისი გაწევრიანება დაბლოკოს. მოსკოვი იმედოვნებს, რომ სავაჭრო ორგანიზაციის 153-ე წევრი ამ წლის ბოლოს გახდება.

რეიტინგის განმტკიცების იმედით

სარკოზიმ 2008 წლის საზავო შეთანხმებას ევროპის კავშირის სახელით უშუამდგომლა – იმ დროს საფრანგეთი ევროკავშირის მმართველი ქვეყანა იყო.

ამან დაასრულა ომი, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო მოხდა. მაგრამ საქართველოს თქმით, რუსეთი იმით, რომ არ გაჰყავს ჯარი ომამდელ პოზიციებზე, შეთანხმებას არღვევს.

სატელევიზიო კადრები, სადაც სარკოზი მოზეიმე მასებს მიმართავს, მას არ მიაყენებს ზიანს, მით უფრო რომ ის ცდილობს განამტკიცოს მისი დაბალი რეიტინგი ორტურიანი არჩევნების წინ. არჩევნები 22 აპრილს და 6 მაისს გაიმართება. სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა სამშაბათს აჩვენა, რომ ლიდერის პოზიცია სოციალიტ ფრანსუა ოლანდს უკავია.

ელიან, რომ სარკოზი ერევანში, სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარქისიანთან და ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან მთიანი ყარაბახის გაყინულ კონფლიქტსაც განიხილავს.

საფრანგეთი მინსკის ჯგუფში, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეყნებისგან შედგება და რომელიც ცდილობს გადაწყვიტოს კონფლიქტები, წამყვან როლს ასრულებს.

”ის ენერგიულად მოუწოდებს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, რათა მათ აჩვენონ ღაიობა და კომპრომისებზე წასვლის უნარი,” განაცხადა წყარომ საფრანგეთის პრეზიდენტის სამსახურიდან.

სომხების მხარდაჭერით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მთიანი ყარაბახი აზერბაიჯანელთა კონტროლს მოწყვიტეს. როდესაც 1994 წელს კონლიქტი საზავო შეთანხმებით დასრულდა, აღმოჩნდა, რომ 30,000 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით მილიონი საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს.

სარკოზი თავისი ვიზიტის დროს ბიზნესსაც დაუთმობს დროს, თუმცა ოფიციალური პირები არ ავრცელებენ ინფორმაციას დაგეგმილი შეხვედრების შესახებ.

ფრანგულმა ჯგუფმა ”ტოტალმა”, რომელიც ნავთობის ბიზნესში მუშაობს, გასულ თვეს განაცხადა, რომ აზერბაიჯანში, აბშერონის ბლოკში, კასპიის ზღვაში აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა. გარდა ამისა, ფრანგულ კომპანიებს, ასევე შანსი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ბაქოს მეტროს გაფართოებაში

(იუწყებიან მარგარიტა ანთიძე თბილისიდან და ემანულე ჯარი პარიზიდან; დაწერა ტიმოთი ჰერიტიჯმა; რედაქტორი ჯენეტ ლოურენსი)
foreignpress.ge