კახელ გლეხებს სიმინდის აღება უჭირთ

კახელ გლეხებს სიმინდის აღება უჭირთ

სანამ მთვარობის ე.წ. „ჰიბრიდული“ სიმინდის კამპანიის დამცველები სიმინდის ტაროებსა და ყვითელი ფქვილისგან გამომცხვარ მჭადებს პარლამენტში დაატარებენ, გლეხები მოსავლის აღებასა და მის დაბინავებაზე იმტვრევენ თავს. ფერმერები, რომლებმაც მთავრობის სარეკლამო მოწოდებებს დაუჯერეს და „პიონერის“ ჯიშის ჰიბრიდული სიმინდი დიდ ფართობებზე დათესეს, შესაძლოა ვალებში აღმოჩნდნენ, რადგან მოსავლის სიჭარბის გამო, სიმინდის ფასი დაეცა და მისი იაფად გაყიდვის შემთხვევაში მოგებას უნდა დაემშვიდობონ.

 

კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდი კახეთში მაქსიმუმ 50 თეთრი ღირს. კახელი გლეხების ერთი ნაწილი, ვისაც შხამ-ქიმიკატების, ან სათესლე მასალის ფული აქვს გასასტუმრებელი, ან ბანკის ვალი აქვს გადასახდელი, კილოგრამ სიმინდს შაბათ-კვირას ლაგოდეხის ბაზრობაზე 40 თეთრადაც ყიდის. ბევრი მათგანი ნაშრომს იაფად იმიტომ ელევა, რომ მისი დასაწყობებისთვის ადგილი არ აქვს. მოსავლის შესანახი ადგილის დაქირავება კი ძვირი ღირს. გლეხებს ეძვირებათ ლაგოდეხის სასაწყობო მეურნეობის ფასებიც, სადაც აღებული მარცვლეულის გაშრობა-შენახვა უნდა მოხდეს და, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია ქვეყანაში (მეორე ანალოგიური საწყობ-საშრობი აბაშაში შენდება). სოფლის მეურნეობის კორპორაციამ საწყობ-საშრობში სიმინდის გლეხებისგან მიღება დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო, მაგრამ მისი სრული დატვირთვით ამუშავება ჯერ ვერ შეძლო.

 

სიმინდი შესანახად კორპორაციის საწყობს მხოლოდ რამდენიმე მსხვილმა ფერმერმა მიაბარა, რომლებსაც დიდი მოსავალი ჰქონდათ და შესანახად ადგილი არ ეყოთ.

პირველ თვეს კილოგრამი სიმინდის შენახვა-გაშრობისთვის ფერმერმა კორპორაციას 8 თეთრი უნდა გადაუხადოს. მომდევნო თვეებში კი კილოგრამი ერთი თეთრი ღირს. მართალია, ფერემერი შენახვის ფასს მარცვლის რეალიზაციის შემდეგ იხდის, მაგრამ ვისაც ჰიბრიდული „პიონერი“ ტონობით მოუვიდა, მათ საკმაოდ დიდი ქირა უგროვდებათ და დასაწყობებაც აღარ უღირთ. ვისაც 50-100 ტონამდე მოსავალი მოუვიდა, ის მას ერთბაშად ვერ გაყიდის, მარცვალი ბუნებრივ პირობებში რომ შეინახოს, დიდია რისკი, რომ გაუფუჭდეს კიდეც, ამიტომ იძულებულია ისევ სახელმწიფო საწყობს მიაბაროს.

 

ლაგოდეხის სასაწყობო მეურნეობაში ამბობენ, რომ სიმინდს ევროსტანდარტების დაცვით აშრობენ, ტენიანობის მაჩვენებელი 18%-მდე ჩამოყავთ, ხოლო თუ სიმინდი გარეთ ბუნებრივ პირობებში გამოშრა, ტენიანობის მაჩვენებელი 8-10%-მდე ჩამოდის, ამასთან გლეხები თვითონ მარცვალს განიავებასაც ვერ უკეთებენ, ამიტომ დანაკარგი მეტი აქვთ. გაშრობისა და განიავების შემდეგ სიმინდს ცელოფნის ტომრებში ყრიან და ისე ასაწყობებენ. სასაწყობო მეურნეობის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ამით მოსავალი გაფუჭებისგან დაცულია. მარცვლეულის შენახვის ეს მეთოდი სოფლის მეურნეობის კორპორაციამ არგენტინიდან გადმოიღო. ლაგოდეხის საწყობის მოსაწყობადაც არგენტინელები ჩამოიყვანეს.

 

მართალია, მოთხოვნაც, მშრალ, დანიავებულ და ხარისხიაიან მარცვალზეა, მაგრამ ფერმერებს მაინც მოსავლის გაყიდვის პრობლემა აქვთ, რადგან საწყობში შენახული სიმინდი გაძვირებული გამოდის. არადა, სოფლის მეურნეობის კორპორაცია დაპირდა ფერმერებს, რომ თუ მოსავალს მათ საწყობში შეინახავდნენ, კლიენტსაც თვითონ მოუძებნიდნენ. თუმცა, საწყობიდან ჯერ ერთი კილოგრამი სიმინდიც არ გაყიდულა. კახეთში ჩასული მყიდველი სიმინდს გარეთ, კარდაკარ, უმეტესად კი ბაზრობაზე ეძებს, სადაც მისი შოვნა უფრო იაფად შეიძლება.

 

სიმინდის კლიენტები უმეტესად მეფრინველეობის ფაბრიკები არიან, რომლებიც ზამთრისთვის იჭერენ თადარიგს და რადგან სიმინდს დაბალი ფასი აქვს, ეშურებიან. როგორც ლაგოდეხში ამბობენ, კლიენტები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც გადმოდიან, მაგრამ მათ სიმინდი ძალიან იაფად, 40 თეთრად უნდათ. კახეთში გადამყიდველები ტრაილერებით დადიან და საექპორტოდ მიაქვთ, თუმცა, პირდაპირ ექსპორტს არ აჩვენებენ, სომხების და აზერბაიჯანის სახელზე ანბაჟებენ.

 

ნუკრი თავღორაშვილი (ფერმერი): მოსავალს არ ვემდური, მაგრამ მის აღებას ვერ ვახერხებ. მთავრობის კომპანია, რომელსაც კომბაინები აქვს, ნისიაზე არ მოდის, იმაზეც უარს ამბობენ, სიმინდით რომ გადავუხადოთ. მთავრობას ჩვენი ხელის შეწყობა თუ უნდა, იმის საშუალება მაინც მოეცათ, რომ კომბაინისთვის მოსავლის გაყიდვის შემდეგ გადაგვეხადა. მოსავლის ასაღები ფული ვერ ვიშოვე, რა ვქნა არ ვიცი. ბანკებმა უარი მითხრეს, რადგან სესხი უკვე გამოტანილი მაქვს. მანქანა უნდა ჩავდო ლომბარდში და ამ ფულით კერძო კომბაინი ვიქირავო. სიმინდის ჰექტარზე აღება თავისის საწვავით 250 ლარს იღებენ. თუ ფულს ვიშოვი, ისევ კერძოს ვიქირავებ, მთავრობის კომბაინს მაინც არ გადავუხდი. ზოგმა ფერმერმა მუშები მონახა და ტაროს ხელით ატეხინებენ. ასე ამჯობინეს, რადგან მუშა გვაცდის ფულს. თუ კომბაინის ფულს ვერ ვიშოვი, სხვა გზა არ დამრჩება, მუშები უნდა ვიშოვო.

 

მოსავალს შესანახად სახელმწიფო საწყობში არ მივიტან, ძვირი ჯდება. ისევ კერძო საწყობს მოველაპარაკები, სადაც მარცვლის 3-4%-ს მახდევინებენ. შეიძლება 100 ტონა სიმინდი ავიღო და 3-4 ტონის დატოვება მომიწევს, ამიტომ ეს მირჩევნია. სახელმწიფო საწყობში კი, როგორც ვიანგარიშე, შენახვისა და გაშრობისთვის 8 ათას ლარამდე გადასახადი მომიწევს. პირველივე თვეში რომ ვერ გავყიდო, ქირა კიდევ დაემატება. ბაზარში ძალიან დაბალი ფასებია, თუ სიმინდი არ გაძვირდა, შეიძლება ვალებში ჩავცვივდეთ. რა გველის არ ვიცით, რადგან ყველას ბანკის ვალები აქვს.

 

არ ვიცოდით, რომ ჰიბრიდული „პიონერის“ მოყვანა ძალიან ძვირი ჯდება, ჩვეულებრივ ტრადიციულ სიმინდზე ბევრად ხარჯიანია. ჯერ ნიადაგის დამუშავება, მერე ჰექტარზე 500 კილოგრამი სასუქი უნდა. შეწამვლა ჭირდება აუცილებლად. თუ არ შეწამლე და ვიტამინები არ მიახმარე - არ მოვა. ამ ჯიშის სიმინდს სპეციალური სათესი სჭირდება, ნორმალურად რომ დაითესოს. სათესლე მასალაც ძვირი იყო და ჯერ მისი ფულიც არ გაუსტუმრებია ხალხს. ბევრი არ არის კმაყოფილი, ნათესებში წყალი ჩაუდგა, ზოგს წვიმამ შეუშალა ხელი და გვიან დათესა“.

 

ჯონი ქიქუაშვილი (ფერმერი): შარშან დეკემბერში კილოგრამი სიმინდი 80 თეთრად- ერთ ლარადაც იყიდებოდა. ხალხმა იფიქრა, რომ მოგებას ნახავდა, მაგრამ წელს 40 თეთრზე მეტი არ ღირს. ახლა ამ ფასად რომ გავყიდო, ვალებსაც ვერ გადავიხდი. სიმინდის მოსაყვანად ბანკიდან 15 ათასი დოლარი გამოვიტანე, მთელი ცხოვრება გირაოში მაქვს ჩადებული, რომ ვერ გავისტუმრო, ყველაფერს ვკარგავ. ფასმა თუ არ აიწია, დაღუპულები ვართ. მთავრობას ვენდე, დავუჯერე და „პიონერი“ დავთესე, მაგრამ მოყვანა ძვირი დაჯდა. ტექნიკა ძვირია, სასუქი ბევრი სჭირდება, 16-17 კილოგრამიანი ტომარა სათესლე მასალა 265 ლარად მოგვყიდეს, 65 ათასი მარცვალი ითესება ჰექტარზეო, მაგრამ ცოტა მეტი აღმოჩნდა საჭირო. ჰექტარზე 70 ათასი მარცვალი უნდა დაითესოს. გლეხების 98% ემდურება „პიონერს“. ერთ ჰექტარზე ფრანგული ჯიშის სიმინდი მეთესა, უკეთესი მოსავალი მომცა, ტაროც უფრო დიდია და უკეთესი ხარისხისაა. წელს თუ არ გაამართლა, გაისად ისევ ე.წ. ქართულ სიმინდს დავთესავ. „პიონერს“ კი იმდენს მოვიყვან, საქონელს რომ ვაჭამო“.

 

არიან ისეთებიც, რომლებიც მოსავალს არ ემდურებიან და მოგების იმედი აქვთ.

 

ბესიკ ბებრიშვილი(ფერმერი): „მოსავლით კმაყოფილი ვარ. ჯერ მოსავალი ასაღები მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ მოგება მექნება. ჩემი გათვლებით, ჰექტარზე 8 ტონა სიმინდის მოწევის შემთხვევაში, კილოგრამი 28,6 თეთრი ჯდება. საწყობის ხარჯის გათვალისწინებით, 50 თეთრადაც რომ გავყიდო, 21,4 თეთრი ანუ 70%-იანი მოგება მრჩება. ჰექტარზე 4 ტონაზე მეტს თუ ვერ აიღებ, ზარალია“.

 

ფერმერების საქმე არც ისე კარგადაა, როგორც ამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ირწმუნება. ამის მიუხედავად, მთავრობაში ამბობენ, რომ სიმინდის სახელმწიფო პროგრამამ გაამართლა და ის მომავალ წელსაც გაგრძელდება. მთავრობის გათვლებით, უახლოეს წლებში საქართველო სიმინდის მწარმოებელი ქვეყნების პირველ ოცეულში უნდა შევიდეს.