ქართველი მეღვინეები რუსეთზე უარს თავად ამბობენ?!

ქართველი მეღვინეები რუსეთზე უარს თავად ამბობენ?!



ღვინის მწარმოებელი კომპანიები რუსეთში პროდუქციის გაყიდვაზე უარს ამბობენ და პრიორიტეტულ მიმართულებებად მხოლოდ საერთაშორისო, მათ შორის ამერიკულ და ევროპულ ბაზრებს ასახელებენ. ამ აქტიურობიდან რა გამოვა, ეს მეორე საკითხია, მაგრამ მეღვინეებმა რუსეთზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნიეს.

“თელიანი ველის” დირექტორის შოთა ხობელიას თქმით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების წარმოებას მენეჯმენტი ამ ეტაპზე არ გეგმავს, რადგან კომპანიისთვის ბოლო 5 წლის მანძილზე სხვა პრიორიტეტები გამოიკვეთა.

ასეთივე განცხადებას აკეთებს “თელავის ღვინის მარნის” დირექტორი ზურაბ რამაზაშვილიც. ის აცხადებს, რომ “როსპოტრებნადზორის” მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის დაბრუნების შესახებ მხოლოდ პოლიტიკური თამაშია.

როგორც რამაზაშვილი განმარტავს, 2006 წელს ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე დაწესებული ემბარგოს შემდეგ რუსულ მხარეს მისი მოხსნის შესახებ არაერთი განცხადება გაუკეთებია, თუმცა “როსპოტრებნადზორთან” ქართულ მხარეს, მათ შორის არც ღვინის ასოციაციას მოლაპარაკება არასდროს გაუმართავს.

თანაც რუსეთი არ აპირებს აღიაროს “საქპატენტის” მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისა და სხვა პროდუქციის დაცვას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, “საქპატენტმა” 18 დასახელების ღვინო და 19 ქართული კერძი დაარეგისტრირა, მათ შორის, სულგუნი, გუდის ყველი, ქართული “ჭაჭა” და ჩურჩხელა.

რუსული მხარის განმარტებით, “საქპატენტის” მიერ ეროვნულიკერძების რეგისტრაციაზე გაცემულ დოკუმენტს რუსეთის ტერიტორიაზე ძალა არ ექნება. 
“საქპატენტის” თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის განცხადებით კი, რუსეთი ვალდებულია, მის ტერიტორიაზე ქართული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების უფლებრივი დაცვა უზრუნველყოს, რადგან 2004 წელს მათ შორის ამ საკითხებზე შეთანხმებაა გაფორმებული.

არადა, სულ რამდენიმე თვის წინათ ქართველი მეღვინეები დღენიადაგ რუსულ ბაზარს მისტიროდნენ და სიმართლუ უნდა ითქვას, რომ სატირალი მართლაც ჰქონდათ. “საქსტატის” ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ღვინის ექსპორტის ოდენობა კვლავაც საგრძნობლად ჩამორჩება რუსეთის ემბარგომდე არსებულ მონაცემებს.  
ქართული ღვინის ექსპორტმა პიკს 2005 წელს მიაღწია, როცა შემოსავალი 81 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეს მონაცემი მომდევნო წელს 41 მლნ აშშ დოლარამდე დაეცა, როცა რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი აკრძალა; 2007 წელს ის კიდევ უფრო შემცირდა 29 მლნ აშშ დოლარამდე. მცირედი მატება დაფიქსირდა 2008 წელს 36.6 მლნ აშშ დოლარამდე; 2009 წელს 32 მლნ აშშ დოლარამდე და 2010 წელს 39.2 მლნ აშშ დოლარამდე. 2011 წლის შვიდი თვის მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინიდან შემოსავალი 27.51 მლნ აშშ დოლარია.

თუმცა, მეღვინეებს გონება, ეტყობა, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ “გაუნათდათ”. ორიოდე თვის წინათ პოლონეთში ვიზიტად მყოფმა სააკაშვილმა ქართული სასმელების რუსეთში დაბრუნების საჭიროება გამორიცხა. ამის შემდეგ იყო, რომ ღვინის კომპანიებმა აზიიკენ და ოკეანისგაღმა დაიწყეს ცქერა.

აქვს თუ არა ამ მიმართულებით ქართულ ღვინოს პერსპექტივა? ვაშინგტონში ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის ღვინის ბარი კეთდება. ინიციატივა ისევ და ისევ საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. მისი აზრით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ამერიკულ ბაზარზე 10-დან 15 მილიონ ბოთლამდე გაყიდოს.

კომპანია “შუხმან ვაინი” ერთ-ერთია, რომელიც მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არის წარმოდგენილი ამერიკულ ბაზარზე. კომპანიის კომერციული დირექტორი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ თუ ქართულ ღვინოს აქვს პრეტენზია ცივილიზებულ სამყაროზე, ის ამერიკის ბაზარზე უნდა აქტიურობდეს. მისი აზრით, არის წინაპირობები, მათ შორის პოლიტიკური კეთილგანწყობა, რომელიც ქართულ ღვინის ამერიკულ ბაზარზე აქტიურად შესვლის საშუალებას მისცემს. ქართული ღვინო საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტზე მუშაობას შეეცდება.