„პატარკაციშვილის მაგალითი რომ არ ჰქონოდა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გაცილებით ადრე წავიდოდა“

„პატარკაციშვილის მაგალითი რომ არ ჰქონოდა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გაცილებით ადრე წავიდოდა“

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღემდე პოლიტიკურად უამბიციო ადამიანი ჩანდა, ქართულ პოლტკურ ავანსცენაზე გამოსასვლელად ემზადება. რამ აიძულა ჭორვილელი ბიზნესმენი ქართულ პოლიტიკაში ჩართულიყო, როდესაც ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში წასვლის წარუმატებელი მაგალითი ჰქონდა? ნუთუ, ივანიშვილს არ უთხრეს, რომ პოლიტიკისა და ბიზნესის კეთებას განსხვავებული უნარ-ჩვევები ჭირდება?

 

ზოგს ბიძინა ივანიშვილს გაპოლიტიკოსება კრემლის ჩანაფიქრად მიაჩნია, ზოგსაც - სააკაშვილს სასარგებლო სვლად. ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი მოლოდინის რეჟიმშია, ე.წ. პრორუსულმა პარტიებმა კი, ივანიშვილის პარტიის შექმნის გამო აღტაცება არ დამალეს.

 

დამოუკიდებელ ექსპერთა კლუბის თავმჯომარეს სოსო ცისკარიშვილს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურების მიზეზებზე ვესაუბრეთ.

 

- როდესაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნების შესახებ  გავიგე, რამდენიმე დღით ადრე ლევან ვასაძეზე გავრცელებული ცნობა გამახსენდა, რომ თითქოს ის პრეზიდენტობას აპირებდა. ჩავთვალე, რომ ეს ამბავიც ანალოგიური წყაროს ინფორმაციას ეყრდნობოდა. უფრო ლოგიკურად მიმაჩნია, რომ საზოგადოების დაზვერვის სურვილით შეპყრობილი ხელისუფლება ცდილობდეს გამოამჟღავნოს ამავე საზოგადოების რეალური დამოკიდებულება ამ ორი არცთუ ღარიბი თანამემამულის მიმართ. ამიტომაც, მკვეთრი შეფასებებისგან თავს შევიკავებ, ვიდრე ამ განცხადების ავტორი არ დაადასტურებს მის რეალურობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იმ თემებს შევეხოთ, რომელთაც  ასე მოუთმენლად დაწაფა ჩვენი მასმედია და  პოლიტიკური სპექტრი.   

 

მაგრამ პრესსამსახურის უფროსმა დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ ინფორმაცია ბიზნესმენის განცხდების საფუძველზე გავრცელდა...

- პრესცენტრი და მილიარდერი ხშირად ერთი და იგივე არ არის. მით უმეტეს, პრესსამსახური არ აკონკრეტებს, რა ქმედებებზე არის ორიენტირებული ბატონი ბიძინა. მისი შეძლების მქონე ადამიანები ხშირად საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისადმი მხადრაჭერით გამოხატავენ. ქართული რეალობა სხვაგვარია - მილიარდერები თვითონ ცდილობენ, რომ სიის პირველ გვერდზე იყვნენ, რაც დასავლეთში ანალოგიური ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანების გაკვირვებას იწვევს.

 

ქართველ საზოგადოებას შეუჩნეველი არ დარჩებოდა ბიძინა ივანიშვილის კატეგორიული თავმდაბლობა, რომ ის არასოდეს ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას.

 

თუმცა, მისი ქველმოქმედების შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა და  მიდამი საზოგადოების  კეთილგანწყობაც არსებობს

- არ ვისაუბრებ იმაზე, რაც ყველამ იცის. ბატონი ბიძინას ქველმოქმედების ერთ-ერთ მწვერვალად მიამჩნია საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ რეფორმებისა და განვითარების ფონდში 2004 წლიდან 2006 წლამდე ყოველთვიურად მილიონი დოლარის შეტანა. სოროსის შენატანად წოდებული თანხა სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილისა იყო. სოროსმა ამ ფონდში ერთი მილიონი შეიტანა, ბიძინა ივანიშვილმა კი - 20-ჯერ მეტი. მაშინ, რატომღაც, ეს თანხა არ ითვლებოდა რუსული წარმოშობის თანხად, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ბიზნესმენი ყოფილა, მისი ფული კი - რუსული წარმოშობის. უკაცრავად, მაგრამ რა წარმოშობის ფულით არიან ასე არხეინად „ნაციონალური მოძრაობის“ მამამთავრები და რა წარმოშობის ფულით ანებივრებს მათ ბატონი ბენდუქიძე? ავსტრალიაში იშოვა მან ქონება თუ სწორედ 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კრემლი და უშიშროების სამსახურები რუსეთის სიმდიდრის გადანაწილებას აწარმოებდნენ?! მაშინ ხომ არ აღმოჩნდა გამოჩენილი რუსი ოლიგარქი ბენდუქიძე მილიონერთა სიაში?

 

თურმე, ხელისუფლებამ შეიძლება რუსული ფული შეირგოს სპილენძისა და ოქროს მოპოვებაში, ელექტოგადამცემ თუ საბანკო სისტმაში და ბევრ სხვა ინფრასტუქტურულ სფეროში, რომელიც ასე უხვად გადასცა რუსულ სახელმწიფო კაპიტალს და ის კაპიტალი, რომელიც 2004-2006 წლებში ასულდგმულებდა საქართველოს სახელმწიფო მოხელეთა დიდ ნაწილს (ხელფასების სახით) რუსული წარმოშობის ყოფილა. ასეთი მოკლე მეხსიერების მქონე ხელისუფლება, რასაკვირველია, იმასაც დაივიწყებს, რომ მათი ქმედება ადვილად პროგნოზორებადია. მათ კისერზე აწევთ ბადრი პატარკაციშვილის ცოდვა და დღეს იმავე მოდელის გაჟღერება იქამდე მიგვიყვანს, რომ შესაძლოა კუდის ხელმძღვანელად ერეკლე კოდუა დააბრუნონ.

 

როდესაც ბადრი პატარკაციშვილის მაგალითი ჰქონდა, რატომ უნდა მოენდომებინა ბიძინა ივანიშვილს  პოლიტიკაში წასვლა?

- ბიძინა ივანიშვილს პატარკაციშვილის მაგალითი რომ არ ჰქონოდა, პოლიტიკაში გაცილებით ადრე წავიდოდა. მოულოდნელობის ეფექტი დღევანდელ განცხადებას დააკარგვინა იმ ფაქტმა, რომლის მომსწრენიც ვიყავით ჯერ კიდევ 26 მაისამდე, როდესაც მართლაც მოულოდნელი და მწვავე განცხადებები გაკეთდა ყველაფრის მომთმენი და ყველაფერზე დუმილით მოპასუხე ბიძინა ივანიშვილისაგან. მაშინ დავინახეთ პირველად, რომ მას დუმილის გარდა გაცხარებაც შესძლებია. ივანიშვილის პოლიტიკური საქმიანობის პერსპექტივა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ბუნებრივი იყო მისი გრძელვადიანი დუმილის პერიოდი. ეს იყო საკუთარი თავისათვის დუმილის იძულება თუ დუმილის პროცესში გარკვეული შინაგანი კომფორტის განცდა. მდუმარე პოლიტიკოსის წარმატებაზე მე არაფერი მსმენია.

 

გაკეთდა შეფასება, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა საქართველოში არსებული ვითარების შესაცვლელად პოლიტიკაში ჩართულიყოო.

- ანალოგიური მოტივაცია ჰქონდა ჯერ გოგი თოფაძეს, შემდეგ - ბადრი პატარკაციშვილს. ცხადია, რაიმე შემაშფოთებელი მიზეზი რომ არა, საბანკო ანგარიშების მრავალი ნოლით დამშვებეულ ნირვანას ადამიანი ადვილად არ მიატოვებს. ჩემი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება შინაგანი მოთხოვნილებით არის ნაკარნახევი - ეს არის ისეთი კაცის ნაბიჯი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად შთამომავლობაზე ფიქრობს. ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანას კი არ ძარცვავს, სხვა ქვეყანაში ხდება მილიარდერი, დიდი ალბათობით საკუთარი ქვეყნის პატრიოტად რჩება. დღეს იმის წამოძახება, რომ ივანიშვილი რუსული ფულით აპირებს რუსული საქმის გაკეთებას, ძალიან პრიმიტიული პლაგიატია ხელისუფლების მიერ გათამაშებული იმ სპექტაკლისა, რომელიც 2007-2008 წლებში უკვე ვნახეთ.

 

ხელისუფლებას დაბეჯითებით ვურჩევ, ვიდრე რუსულ კაპიტალთან დაკავშირებით სხვისკენ გაიშვერენ ხელს, საკუთარი ანგარიშების წარმოშობა მოინახულონ.

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურების სხვადასხვა მიზეზი განიხილება. ერთი ვერსიით, ივანიშვილი მედვედევ-პუტინის გეგმას ახორცილეებს, მეორე ვერსიით - ივანიშვილი გარკვეულ წრეებში ირაკლი ალასანიას საპირწონედ მოიაზრება და, მესამე ვერსიით ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება ყველაზე მეტად სააკაშვილის ინტერესშია. რომელი ვერსიაა ყველაზე სარწმუნო?

- არცერთ წარმოთქმულ ვერსიას სასიცოცხლო ნიშანი არ აქვს. ივანიშვილის მოტივაცია მაშინ გაცხადდება, როდესაც ახალი პოლიტიკური პარტიის პლატფორმა გამომჟღავნდება. ბევრის მთქმელი იქნება იმ ადამიანების შემადგენლობა, რომლებიც ადგილს ივანიშვილის ჩრდილში იპოვნიან. როდესაც სხვადასხვა ვერსიების განხილვისას თეორიულადაც კი გამოირიცხება ადამიანის პატრიოტიზმი და ქვეყნისთვის სიკეთის ქმნის სურვილი, ეს ავადმყოფური სუბიექტივიზმია, თანაც როდესაც ვლაპარაკობთ ადამიანზე, რომელმაც საქართველოს ბიუჯეტის ტოლფასი დაბანდებები გააკეთა ქველმოქმედების და არა მოგების მიზნით. 

 

ივანიშვილს მაშინაც კი არ ამოუღია ხმა, როდესაც ქობულეთის მისადგომებთან 7-8 მილიონად ღირებული გასართობი ქალაქის პროექტი, ხელისუფლებამ საკუთარ დამსახურებად წარმოაჩინა, მერე კი უჩუმრად მიჰყიდა ერთ სომეხ ბიზნესმენს. ბიძინა ივანიშვილს არსად ჩივილი არ დაუწყია. მან მონახა ახალი მეპატრონე და თავიდან შეიძინა ის, რაც მან სახელმწიფოს აჩუქა. ასეთი ფაქტის მომსწრე ადამიანს რაიმე დამატებითი მოტივაცია სჭირდება საიმისოდ, რომ ეცადოს ქვეყანაში ვითარების შეცვლას? მგონი, ეს ფაქტიც საკმარისია, რომ ივანიშვილი სიყვარულით არ იყოს განმსჭვალული დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც საკუთარ უზომო მადას ვერ ერევა და რუსული ფულის გამოყენების პრეტენზიები მუდმივად ეზრდება.

 

ოპოზიციაში დღეს მეტნაკლებად წონიანი ფიგურა  ირაკლი ალასანიაა, ზოგიერთი ბიძინა ივანიშვილს სწორედ ალასანიას საპირწონედ განიხილავს.

- ზუსტად ასეთივე წარმატებით შეიძლება განვიხილოთ ვერსია, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიას ირაკლი ალასანიას მხარდასაჭერად ქმნის და ვიკამათოთ ამ თემაზე, მაგრამ რეალურად ერთი ვერსიაც აბსურდულად მეჩვენება და მეორეც. რა აქვს ალასანიასთან საქიშპო ბიძინა ივანიშვილს? თუ ის პოლიტიკაში ალასანიასთან საქიშპოდ და ნაციონალური მოძრაობის გასაძლიერებლად მოდის, აფერუმ ტელეკომპანია „იმედს“, როგორ ოსტატურად შევყავართ შეცდომაში, რომ მათ საფრთხე ელით ივანიშვილისაგან. მაშინ, ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ პოლიტიკაში შემოგზავნილი ჯაშუში ყოფილა და ალასანიას წინააღმდეგ აპირებს ბრძოლას. აფერუმ ამ იდეის ავტორებს!