7 ოქტომბერს სარკოზის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები ერთობლივ აქციას გამართავენ, რითაც საფრანგეთის პრეზიდენტს დაანახებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისე ნათელ ფერებში არ არის, როგორც ხელისუფლებას სურს, წარმოაჩინოს. სარკოზი თავისუფლების მოედნიდან მიმართავს მის დასახვედრად შეკრებილ (თუ ნაციონალებისგან მიყვანილ) საქართველოს მოქალაქეებს და ალბათ მის მისამართით მოფერებით ნათქვამ ”სარკო, სარკოს” შეძახილსაც გაიგონებს, ქართული სამოქალაქო საზოგადოება კი 7 ოქტომბერს, 16.00 საათზე ფილარმონიასთან ეპატიჟება მათ, “ვინც ვერ ეგუება სააკაშვილის რეჟიმს”. მათ შორის, მიპატიჟება პოლიტიკურმა პარტიებმაც მიიღეს. ამასთან, აქციის ორგანიზატორები ამ დღესვე სარკოზის სპეციალურ მიმართვას გადასცემენ.
უკვე ცნობილია, რომ სარკოზისთვის პომპეზურად დასახვედრად ხელისუფლებამ მთელი სამთავრობო მექანიზმი აამუშავა. უწყებებს მინიმუმ 50 თანამშრომლის მობილიზება დაევალათ და ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სარკოზის შესახვედრად გასვლა ალბათ მთელი რიგი შემოწმებების პროცედურების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამის საპირისპიროდ, თუკი სამოქალაქო საზოგადოების დაძახილზე, ფილარმონიასთან საკმაო რაოდენობის მოქალაქეები მოიყრიან თავს, არაა გამორიცხული, თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობაც მოეწყოს.
7 ოქტომბრის გეგმების შესახებ ”პრესაგე.ტვ” ესაუბრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. როგორც ორგანიზაცია ”პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, 7 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ისინი სპეციალურ მიმართვას წაიკითხავენ, რასაც მოგვიანებით უშუალოდ პრეზიდენტ სარკოზის გადასცემენ.
”ამ მიმართვაში საუბარი იქნება ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც საქართველოში შექმნა დღევანდელმა ხელისუფლებამ, დაწყებული ტერიტორიების 20%-ით დაკარგვიდან და იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებიდან, რომ დღემდე ამაზე პასუხი არ უგიათ, დამთავრებული - სასამართლოს დამოუკიდებლობის, სიტყვის თავისუფლების წართმევით, პოლიტპატიმრების არსებობით, ბიზნესისა და კერძო საკუთრების ხელყოფით. მიმართვაში ყველა ამ პრობლემაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ჩვენი სურვილია, სარკოზიმ დაინახოს არა მხოლოდ კეთილგანწყობა, რაც ქართველ ხალხს მის მიმართ გააჩნია, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტისადმი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა 2008 წლის ომის დროს, არამედ ის რეალობა, რაც ამ ხელისუფლებამ შექმნა ქვეყანაში”, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
”ქართული აკადემიის” წევრის, რეჟისორ ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, სამინისტროებმა უკვე დაავალეს საკუთარ ქვეუწყებებს, რომ სარკოზის ვიზიტისას მინიმუმ 50 კაცი მაინც გაიყვანონ. შესაბამისად, სარკოზის შესახვედრად ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია მოახდინა.
”ვერ გეტყვით, ფილარმონიასთან ჩვენს მიერ დაგეგმილ აქციაზე მოვა თუ არა ბევრი ხალხი, მაგრამ ჩვენი სურვილია, დაფაფიქსიროთ, რომ არსებობს კიდევ სხვა მოსაზრებები, გარდა იმ ტაში-ტუშისა, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართება, რომ საქართველოში ყველაფერი არც თუ ისე კარგადაა, როგორც ამის წარმოჩენა სურთ. გვინდა, საფრანგეთის პრეზიდენტს სწორედ ის მიმართვა გავუგზავნოთ, სადაც დღევანდელი ჩვენი ყოფის შესახებ ობიექტური, პირუთვნელი შეფასებები იქნება გადმოცემული. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ერთი წლის მანძილზე საგზლად იმყოფინოს სარკოზის ვიზიტი, როგორც ეს ბუშის ვიზიტისას მოხდა, და ეს სტუმრობა ნაციონალებმა საარჩევნოდ არ გამოიყენონ,” - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ ”პრესაგე.ტვ”-სთან კომენტირებისას.
მისი თქმით, თუ ფილარმონიასთან დაგეგმილ აქციაზე ბევრი ხალხი მივა, ძალიან კარგი იქნება, ხოლო, თუ ცოტა გამოცხადდება - ესეც დაადასტურებს, რომ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები ამ ქვეყანაში კიდევ არიან.
”სამწუხაროდ, სამსახურის დაკარგვის შიშით, საზოგადოების ნაწილი იძულებული გახდება, ხელისუფლების დირექტივით თავისუფლების მოედანზე გავიდეს. ასე რომ, თავისუფლების მოედანი გატენილი იქნება და მეეჭვება, ჩვეულებრივი მოქალაქე იქ შევიდეს. ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, ფოლარმონიასთან მოვიდნენ. ეს იქნება ჩვენი კონკრეტული მიზანი, არ ვაპირებთ არავითარ არევ-დარევას, არამედ გვინდა ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა,” - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” თავმჯდომარე ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საფრანგეთის მთავრობას ინფორმაცია აქვს. ეკა ბესელიას ამის თქმის საფუძველს საფრანგეთის საგარეო უწყებაში მისი ხშირი შეხვედრები აძლევს.
”ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ სარკოზის პოლიტპატიმრების ახალი სია (74 კაციანი სია) გავუგზავნეთ, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო მოვლენების ფონზე ძალიან გაიზარდა. საფრანგეთი ის სახელმწიფოა, რომელიც იცნობს საქართველოში პოლიტიკური დევნის ფაქტებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ საფრანგეთის მთავრობამ მისცა პოლიტიკური თავშესაფარი და პოლიტიკურ დევნილად აღიარა რამდენიმე ჩვენი მოქალაქე, მათ შორის, ოქრუაშვილი, ქარელი და სხვები. ეს აქტი შემთხვევითი არ ყოფილა. ამით საფრანგეთის მთავრობამ იმ დროისთვის დაადასტურა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს”.
ეკა ბესელიას ისეთი განცდა აქვს, რომ ხელისუფლება სარკოზის ვიზიტის საკუთარ პიარ-აქციად გადაქცევას აპირებს და არა ქვეყნის ინტერესებისთვის მის გამოყენებას. ამიტომ იგი მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების იდეას, ფილარმონიასთან შეკრების თაობაზე.
”ეს იქნება მშვიდობიანი აქცია. უფრო ვიზუალურ მხარეზე გადავიტანთ ყურადღებას. ახალგაზრდები ამას იმიტირებული სახით წარმოაჩენენ”.
ამასთან, ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენაც მოეწყოს. ”ჯერ ფილარმონიასთან შევიკრიბებით და შემდეგ გადავწყვეტთ, რას მოვიმოქმედებთ. ალბათ, ჩვენს მსვლელობას (თუკი ამის აუცილებლობა წარმოიქმნება) ხელოვნური ბარიერები არ შეექმნება”.
”ქართული აკადემიის” წარმომადგენელი, თემურ ნანეიშვილი აცხადებს, რომ გაურკვეველია, ვისი ინიციატივა იყო სარკოზის დასახვედრად თავისუფლების მოედანზე სახალხო შეკრების მოწყობა, რადგან მანამ ხელისუფლება ამ განცხადებას გააკეთებდა, იქამდე საფრანგეთის საელჩოს ვებგვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ ფრანგული მხარე ეპატიჟებოდა ქართველ ხალხს.
”ცოტა ეჭვი შემეპარა, სააკაშვილის ხელისუფლებამ რისკად რომ არ ჩათვალა, რომ შეიძლებოდა 7 ოქტომბერს იქ თუნდაც ერთი კაცი მისულიყო და საპროტესტო პლაკატი აეწია. სააკაშვილის ხელისუფლებას ხომ სურს, სრული იდილიური სურათი წარმოაჩინოს?! მას შემდეგ, რაც სარკოზის დასახვედრად ხალხის მობილიზება გამოცხადდა, მეორე დღესვე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ არ ვიცით, როგორ დაიგეგმა ეს ღონისძიებაო. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში გარკვეული მერყეობა შეიმჩნეოდა, საჭირო იყო სარკოზის ასე პომპეზურად დახვედრა თუ არა”.
ნანეიშვილის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების პარალელური აქცია იმითაა განპირობებული, რათა სარკოზომ დაინახოს, რომ საქართველოში იდეალური სურათი ნამდვილად არ არის.
”სარკოზის მიუვა ჩვენი საპროტესტო განწყობა. თუ ბევრი ხალხი მოვა (და ამის გარანტია არავის აქვს, რადგან ეს ”ფეისბუქში” ორგანიზებული ღონისძიებაა და არა ”ქართული აკადემიის” ინიციატივა), მაშინ, შესაძლოა, შემდგომი მოქმედების გადაწყვეტილება ადგილზევე მივიღოთ. ძალადობას ნამდვილად არ ვაპირებთ. ბუშის ვიზიტის შემდეგ სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურა“ დაერქვა. მაშინ სრული იდილია იყო, ხალხი ნამდვილად უჭერდა მხარს. რადგან ასეთი გამოცდილება გვაქვს, გვსურს, რომ გაიგონ - პრეზიდენტის ჩამოსვლა კი არ არის მთავარი, არამედ მნიშვნელოვანია ქვეყნის ბედი. სარკოზის არაფერს ვთხოვთ. ჩვენი ძირითადი მიზანია, ობიექტივში მოხვდეს ჩვენი ღონისძიება და სარკოზის მივმართავთ, რომ ქართველი ხალხის მეგობარი იყოს და არა - სააკაშვილის მეგობარი. იმედი მაქვს, ამას სააგენტოები გადაიღებენ და მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ საქართველო ყუმების ქვეყანა არ არის და რაც მოუნდებათ, ის არ უნდა განახორციელონ. მთავარია, რომ ვიღაც, თუნდაც ხუთი კაცი, აპროტესტებს საქართველოში ასეთნაირად ცხოვრებას. რაღაც ნაპერწკალი უნდა გაჩნდეს - აბა, როგორ შეიძლება ისეთი თვითნებობა, რაც დღეს ხდება?!”- ამბობს თემურ ნანეიშვილი.