საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს „მედია ჰაუს დეკომს“ (რომლის 17 %-ის მფლობელი ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილია) მიანიჭა და და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ ლიცენზიის გარეშე დატოვა. როგორც კახეთის რეგიონში პირველი და დამოუკიდებელი მედიასაშუალების, რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, კონკურსი თავიდან ბოლომდე დარღვევებით წარიმართა, რისთვისაც იგი სასამართლოს მიმართავს.
- ასეთ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან ჩემდა გასაკვირად, აქამდე მართლაც ობიექტურად მიდიოდა ყველაფერი. რამდენიმე სხდომა ჩატარდა, სადაც საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც კომპანია „ბისიჯიმ“ ჩაატარა. თავად ეს კვლევა ცალკე განსჯის საგანია, რამდენადაც ამ კვლევის 28 გვერდიდან რადიოს მხოლოდ ნახევარი გვერდი ეთმობა. თუმცა კვლევის ავტორები ამბობენ, რომ თურმე ეს იგივე კვლევაა, რაც ტელევიზიის მაყურებელმა განსაზღვრა. ანუ, რადიო და ტელევიზია ერთ კონტექსტში გაიყვანეს. არადა, ამ ორ მედიასაშუალებას აბსოლუტურად სხვადასხვა სპეციფიკა აქვს.
თქვენთვის ლიცენზიის გაუცემლობა კომისიამ რით ახსნა?
- ლიცენზიის გაუცემლობის ერთ-ერთ მიზეზად კომისია ასახელებს, რომ „ჰერეთს“ რადიოში საბავშვო გადაცემები არ ჰქონდა. ამ დროს კი, თუკი ბაზარზე სხვა მაუწყებელი საბავშვო გადაცემებს უშვებს, ახალ მაუწყებელს კონცეფციაში ამის ჩადების უფლება არ აქვს. ეს შეიძლება იმის მიზეზიც გახდეს, რომ ლიცენზია არ მოგცენ. საზოგადოებრივ რადიოს მართლაც არაჩვეულებრივი საბავშვო გადაცემები აქვს. ამიტომ ჩვენ საჭიროდ არ ჩავთვალეთ, რომ ეს გადაცემები ჩაგვედო ჩვენს კონცეფციაში.
თუ მაუწყებლის კონცეფცია საბავშვო გადაცემებს არ ითვალისწინებს, მაშინ მიზეზად ეს რატომ დაგისახელეს?
- დიახ, ეს საკითხავია. მეტიც, ფაქტობრივად, კომისიამ თავისივე კვლევა უგულებელყო, რადგან იქ ნათლად წერია, რომ რეგიონული ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის თბილისის მოსახლეობა. არადა, ჩვენი კონცეფცია მთლიანად რეგიონულ ინფორმაციაზე იყო გათვლილი. ამ კონცეფციაში იყო არა მარტო საზოგადოებრივ-პოლტიკური თოქ-შოუები და ინფორმაცია, არამედ 85% გართობა გვქონდა ჩადებული, რაც უნდოდა ხალხს, რაც წერია კიდეც „ბისიჯის“ კვლევაში. თუმცა ეს კვლევა ცალკე სასაუბროა, როგორი პირობებით ჩაატარეს და როგორ გამოჰკითხეს ხალხი. დასადგენია, გამოკითხულთა შორის რამდენი იყო რადიომსმენელთა რაოდენობა და რამდენი - ტელემაყურებელი.
„ბისიჯის“ კვლევას ტენდენციურად მიიჩნევთ?
- ვფიქრობ, კვლევა არასრულყოფილად ჩატარდა და რადიოსურათი საერთოდ არ დაინახეს. რადიოსეგმენტი სერიოზულად არ გახლდათ ათვისებული და ხარვეზებით წარადგინეს.
რადგან კვლევა ტენდენციურად ჩატარდა, ალბათ თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდათ თქვენი იგნორირება.
- ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე ჩვენი იგნორირება სურდათ, რადგან ძალიან ობიექტურად მოხდა საბუთების მიღება. შემდეგ „მედია ჰაუს დეკომს“ აკლდა გარკვეული საბუთები. საერთოდ არ გამოცხადდა უფლებამოსილი წარმომადგენელი პირი, ანუ დირექტორი. მოვიდა მხოლოდ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქალბატონი შორენა შავერდაშვილი, რომელსაც კომისიამ უთხრა, თქვენ საერთოდ ვინ ბრძანდებით, მინდობილობა არ გაქვთ და ახლა ჩვენი კეთილი ნება რომ არ იყოს, ამ სხდომას არც დაესწრებოდითო. თქვენ არ გაქვთ კითხვის დასმისა და პასუხის გაცემის უფლებაო, მაგრამ მაინც დაასწრეს სხდომას, ყველანაირი საბუთი მოატანინეს, რაც აკლდა დოკუმენტაციას. მის დოკუმენტაციაში არ იყო მფლობელების შესახებ ინფორმაცია, არ იყო მოცემული ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაცია და ინვესტორის დაფინანსების წერილი. ამიტომ მას დაევალა, ეს ყველაფერი ხუთი დღის ვადაში წარმოედგინა, რაც წარადგინა კიდეც.
თუმცა ამის შემდეგ ჩატარებულ სხდომაზე იქ დამსწრე „ჰერეთის“ გუნდმა შეცვლილი სურათი დავინახეთ. თუ აქამდე შორენა შავერდაშვილი და „მედია ჰაუს დეკომის“ წარმომადგენლები ყველა სხდომასა და კომისიის ყველა გადაწყვეტილებას ფეხების ბაკუნით აპროტესტებდნენ და მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებდნენ, კონკურსის დღეს აბსოლუტურად სხვა სურათი ვიხილეთ, ისინი ძალიან სიამტკბილობით იყვნენ განწყობილნი კომისიასთან. კიდევ ერთი რამ მინდა, აუცილებლად იცოდეს პრესაგე.ტვ-მ, „მედია ჰაუს დეკომმა“ ტყუილზე გათვლილი კონცეფცია წარადგინა. მათი მთლიანი კონცეფცია დიასპორაზეა აგებული, აბსოლუტურად არ შეესაბამება „ბისიჯის“ კვლევის მოთხოვნებს, განსხვავებით, ჩვენი კვლევისგან, რომელიც ქართულ საზოგადოებას მიესადაგება.
საქმე ისაა, რომ „მნიშვნელოვანი“ რამ უწერია „მედია ჰაუს დეკომს“, რომ თურმე ისინი კომპანია „ეპლთან“ აწარმოებენ მოლაპარაკებას რადიოსტრინინგისა და აპლიკაციის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაშვებაზე, რაც ტყუილია, რადგან ეს ინფორმაცია ჩვენ ბრიტანეთის ოფისში გადავამოწმეთ. მეტსაც გეტყვით, „ეპლთან“ არანაირი მოლაპარაკება არ არის საჭირო, ნებისმიერ მაუწყებელს შეუძლია განათავსოს რადიოსტრინინგი, ვინც მოინდომებს და შეუკვეთავს „ID COMPANY“-ს აპლიკაციას.
ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო, თუ რატომ არ უნდა მიეცათ ლიცენზია „მედია ჰაუს დეკომისთვის“. გარდა ამისა, კონკურსის პირობების მიხედვით, კონცეფციაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო გადაცემების ანოტაცია. თუმცა ამგვარი ანოტაცია არ იყო ჩადებული ამ კონცეფციაში: რა საინფორმაციო პოლიტიკით შემოვიდოდა „ცხელი შოკოლადი“, ან „მედია ჰაუს დეკომის“ რადიო სამაუწყებლო ბაზარზე, როგორი სტრატეგია ექნებოდა მათ შემეცნებით გადაცემებს, რა სეგმენტზე იმუშავებდნენ. საერთოდ, ასაკობრივი ჭრილი არ უწერიათ, თუ რა ასაკობრივ ზღვარზე იმუშავებენ. არადა, ეს ყველაფერი მოთხოვნებში ძალიან კარგად იყო განსაზღვრული. ჩვენ მივუთითეთ ეს ასაკობრივი ზღვარი, მაგრამ ეს ნაკლად ჩაგვითვალეს, ასაკობრივი ზღვარი რატომ გაქვთ მითითებულიო?!
მართალია, რომ შორენა შავერდაშვილის კომპანია ორი კვირის წინ ჩამოყალიბდა, სპეციალურად მარეგულირებლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად?
- დიახ, ამას სამოქალაქო რეესტრის ამონაწერიც ადასტურებს. ეს არის „ონლაინი“ და ამაზე ყველას მიუწვდება ხელი, იქ ნახავთ, თუ როდის არის დარეგისტრირებული „მედია ჰაუს დეკომი“ - 2011 წლის 8 აგვისტოს, ანუ კონკურსის ამოწურვამდე 21 დღით ადრე დარეგისტრირდა.
ანუ, დაჩქარებული წესით სპეციალურად შეიქმნა?
- მე ასე ვფიქრობ, რადგან თავიდანვე, როგორც ჩანს, გათვლილი ჰქონდათ, რომ „მედია ჰაუს დეკომი“ მიიღებდა ლიცენზიას. აქ მთელი რვაფეხა სისტემაა. „მედია ჰაუს დეკომის“ დამფუძნებელი და ასპროცენტიანი წილის მფლობელი არის „ვენჩერ სიქურიტი ჯორჯია“, რაც დააფუძნეს შორენა შავერდაშვილმა (მისი წილია 17%); ქეთი ბაბუნაშვილმა, დირექტორმა, მას აქვს 16%; შალვა ჩუბინიძეს აქვს 17% და 50%-იანი წილის მფლობელია გერმანული კომპანია „ვიდოფონი“, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელია კოკა ტოგონიძე, რომელიც ქართველი რეჟისორის ლანა ღოღობერიძის სიძეა და, რომელიც ჰამბურგში, გერმანიაში მოღვაწეობს.
ამ ყველაფრის მიღმა ხელისუფლების ინტერესი იკვეთება?
- კომისიის მხრიდან მე დავინახე კეთილგანწყობა და მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც გააკეთა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა. გადაწყვეტილების მიღებამდე, სანამ კენჭისყრა ტარდებოდა, ორივე მხარეს იქვე გამოგვიცხადეს (და ამის ჩანაწერიც არსებობს), რომ, იმედი მაქვს, რადიოკომპანიები ერთმანეთს არ დაჭამთო. რას ნიშნავს რადიოკომპანიები? ე.ი. გათვლა იქითკენ იყო, რომ „მედია ჰაუს დეკომს“ უნდა მიეღო ლიცენზია? ამის შესახებ პირდაპირაც კეთდებოდა მინიშნებები და ირიბადაც. მათი მხოლოდ პოზიტიური მხარეები წარმოადგინეს, მაშინ, როცა ჩვენი მხოლოდ ნეგატიური მხარე დაინახეს. ჩვენთან დაინახეს მარტო საზოგადოებრივ-პოლიტიკური შოუები და მათთან მხოლოდ გართობა დაინახეს.
გამარჯვებული „მედია ჰაუს დეკომის“ უკან ვინ დგას?
- შემიძლია ჩემი ვარაუდი გამოვთქვა, იმდენად, რამდენადაც ქალბატონი შორენა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოშია... მეორე ის, რომ შიდა ინფორმაცია ყველამ კარგად იცის, თუ როგორი სახით ხდებოდა და ხდება ტენდერები საქართველოში. წინასწარ რეგისტრირდებიან კომპანიები და შემდეგ სხვადასხვა კონკურსებში „იმარჯვებენ“. მესამეც, ეს სამაუწყებლო კონცეფციები ვითომ ყველასთვის საჯარო იყო, ამ დროს კი რატომღაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე არ აღმოჩნდა. არ გამოქვეყნებულა, საზოგადოებას არ მიეცა მსჯელობისა და საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმის საშუალება. მე მაინც ვვარაუდობ, რომ აქ შეიძლება იყოს გავლენიან ადამიანთა ინტერესები.
მარეგულირებლის ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებთ?
- რა თქმა უნდა, გავაპროტესტებ. ვგრძნობ, რომ აქ დიდი ფულის სუნი ტრიალებს. საიდან მოდის ეს ფული, კიდევ საკითხავია. რა თქმა უნდა, ეს გაირკვევა და საზოგადოება ამაზე ინფორმაციას მიიღებს. „ცხელი შოკოლადი“ თუ გავიდა ეთერში და, ალბათ, გავა კიდეც და იმაუწყებლებს, ამ არხის საინფორმაციო პოლიტიკას უკვე მიხვდებით. მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მაუწყებლობის უფლება მოვიპოვოთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ობიექტური ინფორმაცია გავიგოთ.
რადიო „ჰერეთში“ ოპოზიციური განწყობა იგრძნობოდა? ესეც ხომ არ გახდა თქვენი დაბლოკვის მიზეზი?
- ეს გახლავთ კომპანია, რომელიც აბსოლუტურად ობიექტურად მუშაობს. შეგახსენებთ, როცა 2007 წელს ჩემთან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მოვიდნენ და პირდაპირ განმიცხადეს, იმდროინდელ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილზე თუ არ ვიმუშავებდი, ლიცენზიასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემები შემექმნებოდა. ხოლო, თუ ამას დავთანხმდებოდი, მივიღებდი „ენ“ რაოდენობის თანხას, შემეძლო, დამესახელებინა ნებისმიერი თანხა, რაც მინდოდა და ამ თანხის ჩემს ანგარიშზე გადმორიცხვა მოხდებოდა, ან ქეშად მომცემდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩავწერე. არ დავთანხმდი ამ გარიგებას, თუმცა ვუთხარი, რომ არანაირი რეკლამის წინააღმდეგი არ ვიყავი. - კი ბატონო, მოიტანეთ, რამდენი რეკლამაც გაგიხარდებათ, ოღონდ ეს ოფიციალურად გავაფორმოთ და ნუ მელაპარაკებით თქვენ, მელაპარაკოს თქვენი მარკეტინგის დირექტორი-თქო. რადგან ამ გარიგებას არ დავთანხმდი, კომუნიკაციების კომისია უცებ კახეთში ჩავიდა და ხუთი ათასი ლარით დაგვაჯარიმეს, ვითომ ჩვენ მაშინ კახეთში უკანონოდ ვმაუწყებლობდით. ამ დროს ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში გვქონდა.
გარკვეულწილად, ლიცენზიის მოპოვებისას „ჰერეთს“ ბარიერი მუდმივად ექმნება. კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან შორსაა აქ დამოუკიდებელი მედიაბიზნესი არსებობდეს და მედიამ თავისუფლად იმუშაოს. ამიტომ ჩვენ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. ახლა მივდივარ ბრიუსელში და ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ სემინარზეც გავაკეთებ განცხადებას.
ფიქრობთ, შორენა შავერდაშვილი ხელისუფლების მხარეს გადაბარგდა?
- დარწმუნებით, არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ფაქტია, რაც მოხდა. ეს არ იყო ობიექტური კონკურსი. ერთ მნიშვნელოვან ამბავს გეტყვით. ექვსი წელია, ვითხოვთ მაუწყებლობის ლიცენზიას, ქალბატონმა შორენამ კონკურსამდე თვენახევრით ადრე დამირეკა და მითხრა, რომ მათი ჟურნალი „ლიბერალი“ ჩვენს პრობლემებთან დაკავშირებით სტატიას ამზადებდა, ყველაფერი გამომკითხა, თუ რა პრობლემები მქონდა კომუნიკაციების კომისიაში, რამდენი თავისუფალი სიხშირე არსებობდა და ა.შ. გავიხედეთ და, ზუსტად ერთ თვეში კონკურენტად მოგვევლინა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ველაპარაკებოდი არა როგორც ჟურნალისტს, არამედ როგორც კონკურენტს. აქედან გამომდინარე, თქვენ თვითონ იმსჯელეთ, როგორი ფორმით მოხდა ლიცენზიის აღება.
საეჭვოდ არ გენიშნათ, რომ თავდაპირველად მარეგულირებლის კომისიის სხდომაზე შორენა შავერდაშვილის დაშვებას თითქოს არ აპირებდნენ, მაგრამ შემდგომში მაინც მიიღეს. ესეც თქვენი თვალის ასახვევად ხომ არ გათამაშდა?
- არაფერს გამოვრიცხავ. კომუნიკაციების კომისიის საიტზე რომ შეხვიდეთ, ნახავთ, სიტყვასიტყვით როგორ წერია, რომ შავერდაშვილის კომპანიამ გაიმარჯვა. რას ნიშნავს „შავერდაშვილის კომპანია“? შავერდაშვილი იქ არის მხოლოდ 17%-იანი წილის დამფუძნებელი. გუშინ „მაესტროზე“ კახი ყურაშვილმა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტმა ახსენა: „ტელეკომპანია „ჰერეთიო“. კითხვა მიჩნდება, საერთოდ, წაიკითხეს ჩვენი პროექტი? იმდენი მექანიკური შეცდომა გროვდება, რომ საერთოდ იცნობენ კი ამ კონცეფციას, თუ მექანიკურად მიიღეს გადაწყვეტილება? კიდევ ერთი, ალბათ, რაღაცას დავიჯერებდი და გავჩუმდებოდი, მაგრამ კომისიის ხუთივე წევრმა ხელი ასწია „მედია ჰაუს დეკომის“ სასარგებლოდ. დემოკრატიულობა მაინც გაეთამაშებინათ?! არადა, ამბობდნენ, ორივე პროექტი მოგვეწონა, ძალიან მაგრად გიმუშავიათო, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც უნდა მივიღოთო. ჩვენს სასარგებლოდ ერთმა ადამიანმაც არ ასწია ხელი, თუნდაც ირაკლი მოსეშვილმა, რომელიც ოპოზიციის ფრონტიდანაა. როგორ, არავის არ მოეწონა ჩვენი პროექტი?!