თომას დე ვაალი “The National Interest”
რუსეთის მეზობლებს აინტერესებთ, რას შეიძლება ნიშნავდეს მათი რეგიონებისთვის კრემლში ვლადიმერ პუტინის დაბრუნება. ერთ-ერთი ასეთი რეგიონი სამხრეთ კავკასიაა.
კავკასიელ მმართველთა გათვლები აუცილებლად შეიცვლება პუტინის ამ ნაბიჯის გამო. სომხეთში მისი დაბრუნების შესახებ ცნობა კიდევ ერთ ექს-პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს გაახარებს, რომელიც ჯერ-ჯერობით ჩრდილში რჩება. ამ ორ ადამიანს შორის აშკარა მსგავსებაა: ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ 2008 წელს თანამდებობა ორივემ დატოვა და ხელისუფლება სანდო მემკვიდრეებს გადასცა. ქოჩარიანმა ყოფილი მოკავშირის დაბრუნებაში შეიძლება საკუთარი სახელმწიფო კარიერის განახლების შანსი დაინახოს.
თუმცა მნიშვნელოვანი სხვაობაც არსებობს. დიმიტრი მედვედევისგან განსხვავებით, სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი (მისი უფლებამოსილება 2013 წლის დასაწყისში იწურება) მისი წინამორბედის თანასწორია. სინამდვილეში, ეს ადამიანები უკვე ცამეტი წელია რაც პარტნიორები არიან; მათი პოლიტიკური კარიერა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ქალაქ სტეპანაკერტში, კომკავშირში (კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია) დაიწყო. სარქისიანი უფროსი, ქოჩარიანი კი უმცროსი პარტნიორი იყო.
უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ პუტინი რუსეთში მართლაც პოპულარულია. ქვეყანას რომ მართლაც კონკურენტული არჩევნები ჩაეტარებინა და არა კარგად დადგმული მეფედ კურთხევა, ის როგორც ჩანს მაინც გაიმარჯვებდა. პუტინისგან განსხვავებით, ქოჩარიანი სომხური საზოგადოების დიდ ნაწილში ძალიან არაპოპულარულია, და მისი დაბრუნების მცდელობას სერიოზული სახალხო წინააღმდეგობა მოჰყვება. სერჟ სარქისიანმა ეს იცის და შეუძლია ოპოზიციონერ მოღვაწეთა ფარულ მხარდაჭერას დაეყრდნოს, რომლებსაც ქოჩარიანის პრეზიდენტობას, მისი პრეზიდენტობა ურჩევნიათ.
საეჭვოა, აზერბაიჯანში ილჰამ ალიევმა ეს ფაქტი შამპანიურის გახსნით აღნიშნოს. პუტინთან მას საკმაოდ ნორმალური სამუშაო ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ 2006 წელს ეს ურთიერთობა გაფუჭდა, როდესაც ალიევმა უარი თქვა პუტინის გეგმის მხარდაჭერაზე, რაც საქართველოს იაფი გაზის გარეშე დატოვებას გულისხმობდა. მედვედევთან ალიევმა უფრო სტაბილური ურთიერთობები დაამყარა და 2008 წლის ივლისში, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, მათ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე უზარმაზარ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდ პრობლემას – სომხეთ-აზერბაიჯანის მბჭუტავ კონფლიქტს მთიანი ყარაბახის გამო, აქ პუტინისგან გაცილებით ნაკლებ ხელშეწყობას უნდა ველოდოთ, ვიდრე მედვედევისგან. ცნობილია ის, თუ როგორ განრისხდა ერთხელ პუტინი, 2004 წლის სექტემბერში ასტანაში, როდესაც მართლაც შეეცადა შუამავლის როლი ეთამაშა სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის. მათ ის ჯერ დიდხანს ალოდინეს, შემდეგ კი მისი თანდასწრებით იჩხუბეს. პუტინს არ უყვარს, როდესაც მას ასე ეპყრობიან – მედვედევისგან განსხვავებით, რომელსაც თავშეკავება ეყო იმისთვის, რომ ალიევს და სარქისიანს შორის ცხრა შეხვედრა გაემართა.
2007 წლის თებერვალში, პუტინის ერთ-ერთი მარათონული პრეს-კონფერენციის დროს კრემლში, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა მას მთიან-ყარაბახზე შეკითხვა დაუსვა. პასუხი მთლიანად ასახავს პუტინის შეხედულებას ამ საკითხზე. რუსეთის ლიდერმა საუბარი ძალიან გონივრულად დაიწყო, განაცხადა რა, რომ რუსეთი გადაწყვეტილებას თავს არავის მოახვევს. „თქვენ [სომხებმა და აზერბაიჯანლებმა] ეს პრობლემა ჩვენ არ უნდა გადმოგვაბაროთ. თქვენ თავად უნდა გამონახოთ ამ სიტუაციიდან მისაღები გამოსავალი“. მაგრამ პუტინი ამაზე არ შეჩერდა. მან ხმამაღლა დაიწყო საბჭოთა ეპოქის პორტვეინის „აგდამი“-ს განხილვა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანლებმა და სომხებმა ამავე სახელწოდების ქალაქი (მას დღეს სომხები აკონტროლებენ და ნანგრევებშია) უნდა აღადგინონ და განაახლონ ღვინის წარმოება. მან ისეთი სურათი შექმნა, თითქოს ეს კონფლიქტი რაღაც მეორეხარისხოვანი პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებს და მასთვის მხოლოდ სტუდენტური პერიოდის მოლხენებთან ასოცირდება.
საქართველოში რეალობა გაცილებით მძიმეა. პუტინი და საქართველოს ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს საშინლად ვერ იტანენ. ერთხელ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის უთხრა, რომ სააკაშვილს კვერცხებით დაკიდებდა. ხოლო უფრო მაღალი სააკაშვილის ხუმრობამ „ლილიპუტინზე“ მოსკოვამდე მიაღწია. ეს ორი ქვეყანა ომობდა, და მომავალ წელს პუტინის დაბრუნებასთან ერთად მათი მტრობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესების გარანტიაა. იმავდროულად, საქართველო დღემდე იყენებს ვეტოს უფლებას და რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ბლოკავს. თბილისი მოსკოვს დათმობას სთხოვს ისეთ საკითხში, როგორიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე საქართველოს მხრიდან მონიტორინგის დაწესებაა. ჩვენ შეიძლება მხოლოდ იმედი ვიქონიოთ, რომ შეთანხმება პუტინის დაბრუნებამდე მოხდება.
ეს ყველაფერი ნაკლებად იმედისმომცემია. მაგრამ პუტინის დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროგნოზი აუცილებლად არასრული იქნება. ბოლოს და ბოლოს, პუტინი პრაგმატიკოსია, და მას სხვა და როგორც ჩანს უფრო სუსტი რუსეთის მართვა მოუწევს, რუსეთის, რომლის ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია 2008 წლისგან მკვეთრად განსხვავდება. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ პუტინი საკუთარ ძალაუფლების და ავტორიტეტის გამოყენებას შეეცდება იმისთვის, რომ კავკასიიის შარლ დეგოლი გახდეს, შესთავაზოს რა თავის პატარა სამხრეთელ მეზობლებს დიდი სტრატეგიული ზავი რუსეთის მხრიდან. ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელი.
foreignpress.ge
1206
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85