ცხინვალში ვითარება უკიდურესად იძაბება. კოკოითმა რუსეთთან საზღვარი გადაკეტა. დე ფაქტო საგარეო მინისტრის, მურატ ჯიოევის განცხადებით, „საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საზღვარი ნაწილობრივ ჩაკეტილი იქნება“. მისივე თქმით, „სტაბილურობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რუსებს სამხრეთ ოსეთში ჩასვლა ეკრძალებათ“.
„შეზღუდვა არ ეხებათ სამხედრო მოსამსახურეებს, მშენებლებსა და მათი ოჯახის წევრებს. საზღვარზე დროებითი შეზღუდვის შესახებ რუსულ მხარეს უკვე ეცნობა“, - აცხადებს ჯიოევი.
ამ ფონზე, კოკოითის ხელისუფლება ოპოზიციონერების გასანეიტრალებლად გადამწყვეტი იერეშისთვის ემზადება. ცხინვალში რამდენიმე საათით ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი როლანდ ქელეხსაევი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. როგორც თავად ქელეხსაევი აცხადებს, დაკავებისას მან იმდენად ძლიერი დარტყმა მიიღო, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში გონი დაკარგა.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ ე.წ. სამართალდამცავები აღნიშნულთან დაკავშირებით არავითარ კომენტარს არ აკეთებენ.
„მილიციის თანამშრომლებმა დამაკავეს და თავში ავტომატის კონდახი ჩამარტყეს. ამის შემდეგ გავითიშე და გონს მხოლოდ მილიციის განყოფილებაში მოვედი“, – აცხადებს ქელეხსაევი და დასძენს, რომ მილიციის თანამშრომლები მისგან მისი პარტიის ბეჭედსა და დოკუმენტებს მოითხოვდნენ.
ქელეხსაევი რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ცესკოს“ ქელეხსაევის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის“ კანდიდატად დარეგისტრირების საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტია.
თავის მხრივ, „პრეზიდენტობის“ მეორე კანდიდატი ჯამბოლატ თედეევი, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ცესკომ“ დარეგისტრირებაზე უარი უთხრა, ცხინვალში მდებარე თავის სახლზე ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების მიერ იერიშის მიტანას ელის.
თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვთნელი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მმართველ რეჟიმს მისი დაპატიმრება და პროკურატურაში წაყვანა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ „გაზეტა რუ“ ავრცელებს.
„ახლა, ისევე როგორც გასული ოთხი დღის განმავლობაში, ჩემი სახლი ჩემივე მომხრეებითაა ალყაშემორტყმული. მრავალი მათგანი შიგნით იმყოფება, ისინი ორივე სართულზე არიან განაგებულნი. ისინი აქ ჭამენ და სძინავთ. სახლიდან ჩემი წაყვანა და პროკურატურაში წაყვანა სურთ.
მე არსად არ წავალ, ვიდრე არ მივხვდები თუ კონკრეტულად რაში მდებენ ბრალს. ჯერ ჯერობით მე ვხედავ, რომ ხელისუფლება პოლიტიკური კონკურენტის ჩამოცილებას ცდილობს“.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცესკო, ცდილობს ჯამბოლატ თედეევი ცხინვალში 30 სექტემბერს მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულოს. აღნიშნული ინციდენტის დროს თედეევის მომხრეებმა ე.წ. ცესკოს სხდომაზე შეჭრა სცადეს. სხდომაზე კი ამ დროს განიხილავდნენ უნდა დარეგისტრირებულიყო თუ არა თედეევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად. თედეევს ამასთან დაკავშირებით, სახლში სასამართლოს უწყებაც მიუტანეს, თუმცა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა იგი დახია.
ცხინვალის გენპროკურატურაში კი ადასტურებენ, რომ ცესკოს სხდომაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და თედეევი ამ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით გადის.
შეგახსენებთ, რომ ჯამბოლატ თედეევს ე.წ. ცესკომ „პრეზიდენტობის კანდიდატად“ რეგისტრაციაზე უარი უთხრა და მიზეზად ის დაასახელა, რომ თედეევს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ უცხოვრია.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას კომიკურად აფასებს. როგორც „პირWელს“ არეშიძემ განუცხადა, ეს გადაწყვეტილება ედუარდ კოკოითის დე ფაქტო ხელისუფლების ოპოზიციის წინააღმდეგ არის მიმართული: „ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, კრემლის რომელიმე ფრთა უჭერს მხარს თედეევს. მე პირადად არა მგონია, ის მოსკოვის მხარდაჭერის გარეშე ასეთი აქტიური ყოფილიყო, მაგრამ მეორეს მხრივ, არც კოკოითია „უპატრონო“.
არეშიძის განმარტებით, თუ თედეევი გაიმარჯვებს, კოკოითის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება:
„ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სიტუაცია იქ არ არის ერთგვეროვანი. მაქვს ინფორმაცია, რომ ძალოვან სტრუქტურებშიც კი გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც არ მოინდომეს თედეევთან დაპირისპირება და დაახლოებით 20-მა კაცმა განცხადებაც კი დაწერა წასვლის თაობაზე. უნდა ვიცოდეთ, რას წარმოადგენს თედეევი. თედეევი არის დიდი გვარის წარმომადგენელი. მას ქართულ სოციუმში ქართული შესატყვისი - თედიაშვილი აქვს. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ძალიან ბევრია ამ გვარის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთოსურ საზოგადოებას ასეთი ცნობილი წარმომადგენელი რუსეთში არც ჰყავს. თედეევი არის თავისუფალ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და გარდა ამისა არის, იმ „ბიზნეს-სპორტული გუნდის“ წარმატებული წევრი, რომლის ხელმძღვანელია რუსეთის საჭიდაო სახეობათა ფედერაციის თავჯდომარე მიხეილ მამიაშვილი. მამიაშვილის ახლობლობა პუტინთან ყველასთვის ცნობილი და თედეევიც ამ გუნდში მოიაზრება. თედეევს აქვს სახლ-კარი სამხრეთ ოსეთში და მამამისი ახლაც იქ ცხოვრობს.
თედეევმა და მისი ძმებმა მოიყვანეს კოკოითი ხელისუფლებაში. კოკოითიმ შემდეგ, უხეშად რომ ვთქვათ, „გადააგდო“. საქმე იქამდე მივიდა, რომ არსებული ინფორმაციის თანახმად, კოკოითის ხელშეწყობით მოკლეს შუათანა ძმა იბრაგიმ თედეევი. ჯამბულატ თედეევის გარშემო შეკრებილია სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით - ცხინვალი. ხალხი შეიკრიბა ძლიერი პიროვნების გარშემო, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თედეევს შეუძლია კრიზისიდან გამოიყვანოს ცხინვალი და კოკოითოს დაუპირისპირდეს სხვებისგან განსხვავებით, რეალურად“, - აცხადებს არეშიძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ და დასძენს, რომ დაპირისპირება ზღვარამდეა მისული.
„კოკოითიმ ძალიან კარგად იცის, რომ თუ მან ბრძოლა წააგო, არა მარტო მის პოლიტიკაში დარჩენას ემუქრება საფრთხე, არამედ მის სიცოცხლესაც, რადგან ჯამბულატ თედეევი ითვლება მის მოსისხლე მტრად. ჯამბულატს ნათქვამი აქვს, რომ თუ კოკოითი არ იქნება სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობაში, ის მას აუცილებლად გაუსწორდება.
ამიტომ კოკოითი ყველა ღონეს ხმარობს. ყველა ღონეში გამოიხატება ის, რომ მან რუსეთთან საზღვარი დაკეტა. მხოლოდ სამხედროებსა და მშენებლებს ატარებს. უამრავი მოჭიდავე რუსეთიდან დაიძრა თედეევის დასახმარებლად. კოკოითიმ გზა ჩაუკეტა ფაძაევს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია და რუსეთის დუმის დეპუტატია ჩრდილო ოსეთიდან. კოკოითის მხარდაჭერების შიგნითაც უთანხმოებაა, რადგან არ სურთ სისხლი დაიღვაროს. კოკოითი ვერ ბედავს, ალყაშემორტყმული თედეევის სახლზე შტურმი განახორციელოს“.