ბოლო პერიოდის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საერთაშორისო ფასი მკვეთრად ეცემა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში “პლაცის” ფასი, რომლითაც ნავთობიმპორტიორები ქვეყანაში საწვავის იმპორტს ახორციელებენ, დაახლოებით, 180 დოლარით გაიაფდა.
ფასების განსაკუთრებული დაცემა 22 სექტემბრიდან აღინიშნება. ამჯერად 1 ტონა ბენზინის ფასი 900 დოლარს ჩამოცდა. ასეთი დაბალ ფასად იმპორტიორებს საწვავი ბოლო რამდენიმე თვეა აღარ შემოუტანიათ. მიუხედავად ამისა, საქართველოს საცალო ქსელში ბენზინი და დიზელი მხოლოდ 5 თეთრით გაიაფდა. ნავთობიმპორტიორები ოლიმპიურ სიმშვიდეს და სიჩუმეს ინარჩუნებენ, არადა საერთაშორისო ბირჟებზე შავი ოქრო პერმანენტულად იაფდება.
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასებმა დაცემა 10 სექტემბრიდან დაიწყო, მკვეთრი გაიაფება კი 22 სექტემბრიდან აღინიშნება. ამჯერად 1 ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარის ფარგლებშია და მალე სამნიშნა რიცხვს ჩამოცდება კიდეც. ოპეკის ფასთა კალათის ღირებულება კი უკვე 99 დოლარს შეადგენს.
თვალშისაცემად გაიაფდა საქართველოში იმპორტირებული ბენზინისა და დიზელის ფასი.
3 ოქტომბრის მონაცემებით, 1 ტონა ბენზინი 895 დოლარი ღირს, ხოლო იგივე რაოდენობის დიზელი - 872 დოლარი. ეს ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საწვავის ბითუმად შეძენა კომპანიებს 15-16%-ით უფრო იაფად შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, ისინი არ ჩქარობენ საცალო ქსელში პროდუქცია გააიაფონ. ფასების მკვეთრი დაცემის ფონზე საქართველოში 1 ლიტრი საწავავი მხოლოდ 5 თეთრით გაიაფდა.
ფასების მორიგი ცვლილების შესახებ კი ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც ყოველთვის, მენავთობეები ახლაც “იმედის თვალით” უყურებენ საერთაშორისო ბირჟებს, იქნებ შავმა ოქრომ გაძვირება (თუნდაც მცირედით) დაიწყოს, რათა მიზეზი მიეცეთ და საწვავის გაიაფებაზე სასტიკი უარი განაცხადონ. არადა, სამართლიანი ფასების პრინციპით, ბენზინი და დიზელი საქართველოში მინიმუმ 20 თეთრით მაინც უნდა გაიაფებულიყო (ანუ 10%-ით მაინც).
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, რომ ნავთობის ფასს არასტაბილურობა ახასიათებს, ამიტომ პროგნოზის გაკეთება რთულია. მისი თქმით, თუ “პლაცის” ფასი (საბითუმო ღირებულება) არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდა და ისევ არ გაიზარდა, საწვავი საქართველოშიც უნდა გაიაფდეს.
“პლატცის” ფასმა, სულ ათიოდე დღეა რაც დაიკლო, შესაბამისად, ასე უცებ ნავთობიმპორტიორები საწვავს ვერ გააიაფებდნენ, ვინაიდან იმპორტი უფრო მაღალ ფასად შემოიტანეს. თუ “პლატცის” გაიაფების ტენდენცია გაგრძელდა, საწვავის ღირებულება საქართველოშიც დაიკლებს”, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
კომპანია “გალფში” აცხადებენ, რომ თუ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაიაფების ტენდენცია გაგრძელდა, საწვავი საქართველოს საცალო ბაზარზეც გაიაფდება, ვინაიდან დაბალი ფასი რეალიზაციის მასშტაბებს უფრო ზრდის.
“რამდენიმე დღეა რაც “პლატცის” ფასი მცირდება. ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, ბუნებრივია, საწვავს საცალო ბაზარზე ჩვენც გავაიაფებთ. მერწმუნეთ, რეალიზაციის გაზრდისთვის საწვავის ფასის ყოველი 5 თეთრით შემცირება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, უფრო მეტ მოგებას ვიღებთ. თქვენ გგონიათ, რომ საწვავის გაიაფების შესაძლებლობა გვაქვს, ხოლო ჩვენ ცუდი ბიჭები ვართ და ამიტომ არ ვაიაფებთ?”, - განაცხადა “გალფის” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლაშა თევზაძემ პრესასთან საუბარში.
1229
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85