საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან აქციას აგრძელებენ. სტუდენტებს ადმინისტრაციულ კორპუსთან 8 კარავი აქვთ გაშლილი და მანამდე არ აპირებენ დაშლას, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.
„დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის“ ლიდერის და სტუ-ს სტუდენტის ლექსო კობაიძის განცხადებით, სტუდენტებს ამ ეტაპზე ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ.
„პირველი მოთხოვნაა, რომ გაუქმდეს შარშან, უკანონოდ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მეორე მოთხოვნა კი, ტექნიკურ უნივერსიტეტში დაკავებული თანამდებობებიდან იმ ადამიანების გათავისუფლებაა, რომლებმაც მე და ჩემი მეგობრები გასულ წელს რექტორის მისაღებიდან გაგვიტაცეს“, - განაცხადა კობაიძემ.
კობაიძის თქმით, თუ ორი დღის განმავლობაში არ იქნება მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული, მოთხოვნებს რექტორის გადადგომის საკითხიც დაემატება.
სტუდენტების აღნიშნულ მოთხოვნებს გამოეხმაურა უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი.
ფრანგიშვილის განცხადებით, სტუდენტური თვითმართველობის ვადამდელი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
„რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს ის დაპირისპირება, რომელიც არის სტუდენტებს შორის. ეს არასოდეს ახასიათებდა ტექნიკურ უნივერსიტეტს. სტუდენტების გარკვეული ჯგუფის მოთხოვნაა, რომ ჩავერიო სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში და დავნიშნო ვადამდელი არჩევნები. ეს შეუძლებელია, რადგან კანონი არ მაძლევს ამის უფლებას და, რა თქმა უნდა, არ დავარღვევ კანონს“, - განაცხადა ფრანგიშვილმა.
გატაცებასთან დაკავშირებით კი, რექტორი განმარტავს, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.
„რაც შეეხება, ჩემი კაბინეტიდან სტუდენტების გატაცებას, რა თქმა უნდა, ესეც სიცრუეა. არსებობს ლეგალური ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს ჩემი და სტუდენტების შეხვედრას, რომლის შემდეგაც ახალგაზრდები ჩემი კაბინეტიდან მშვიდობიანად, მადლობის გადახდით გადიან. ამ მასალას აუცილებლად მივაწვდი პროკურატურას“, - განაცხადა ფრანგიშვილმა.