[თეონა ხარაბაძე]
ადამიანი დეპუტატი რომ ხდება, დება ფიცს. ამ ფიცში ნათქვამია, რომ იგი პირნათლად შეასრულებს თავის მოვალეობას და ა.შ. დეპუტატის მოვალეობა კი, მინიმუმ ის არის, სხდომებზე იაროს. სხდომებზე თუ არა, რეგისტრაციას მაინც დაესწროს.
ყოველ შემთხვევაში, ყველა სესიაზე სხდომის წამყვანი დეპუტატებს მოუწოდებს, რომ რეგისტრაცია გაიარონ. მიხეილ მაჭავარიანი კი იმასაც დაამატებს ხოლმე, განსახილველი კანონპროექტის ავტორები დარჩით, დანარჩენებს კი შეგიძლიათ, თქვენ თქვენს რეგიონებში ამომრჩევლებს შეხვდეთო.
ცნობისთვის, სესია თვეში ორი კვირის განმავლობაში იმართება, ისიც კვირაში ერთი ან ორი დღე. საერთო ჯამში კი გამოდის, რომ დეპუტატები თვეში მაქსიმუმ ოთხ-ხუთჯერ უნდა მივიდნენ რეგისტრაციის გასავლელად და მერე შეუძლიათ, „ამომრჩევლებს შეხვდნენ“.
დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა კომიტეტის სხდომებზეც და დეპუტატები პარლამენტში თვეში მაქსიმუმ 6-7 მისვლაში საკმაოდ დიდ ხელფასს იღებენ. შეგახსენებთ, რომ რიგითი დეპუტატის ხელფასი 2200 ლარია.
მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დეპუტატებს პარლამენტში მისვლაც კი არ უნდათ და ეს ახალი პრობლემა არ არის. სხდომის თავმჯდომარეს მუდმივად იმაზე უწევს ლაპარაკი, რომ დეპუტატები სხდომაზე მივიდნენ და გამცდენი დეპუტატების მიმართ ხშირად ხელფასის დაქვითვის გაფრთხილებაც ისმის.
ცოტა ძნელი გასაგებია, ვის ექვითება ხელფასი, რადგან სესიაზე მუდმივად ქვორუმის პრობლემაა, რა თქმა უნდა, თუ სააკაშვილი არ გამოდის სიტყვით. მაგრამ, საინტერესო ის არის, რომ პარლამენტის ვებგვერდზე გამცდენი დეპუტატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2009 წლამდე მონაცემებით შემოიფარგლება. მას შემდეგ კი ორი წელი ისე გავიდა, რომ ამაზე არაფერი არ არის ნათქვამი.
თავისთავად ეს მონაცემებიც ძალიან სასაცილოა, რადგან ბოლო, 2009 წლის საშემოდგომო მონაცემების თანახმად, სესია არასაპატიოდ სულ 7 დეპუტატს გაუცდენია. მათ შორის, დავით ნადაშვილს ოთხჯერ, მაგდა ანიკაშვილს ორჯერ, კახა გეწაძეს, პაატა დავითაიას, გია თორთლაძეს და გია გოგუაძეს მხოლოდ ორ-ორჯერ, გივი თარგამაძეს კი სამჯერ. არადა, გივი თარგამაძე ამ მოწვევის პარლამენტში სულ სამჯერ თუ ყოფილა ისიც კი ძნელი დასაჯერებელია.
ასეა თუ ისე, პარლამენტის ვებგვერდის მონაცემები ამ მხრივ 2009 წელშია ჩარჩენილი. სხდომის თავმჯდომარეებს კი სულ უფრო მეტი მუქარის გაკეთება უწევთ, რომ დეპუტატები როგორმე სხდომაზე მიიყვანონ, თანაც მხოლოდ რეგისტრაციის გასავლელად, სხდომაზე მყოფ დეპუტატებს და მანდატურებს კი სხვისი პულტების გამოყენება, რომ ტაბლოზე ქვორუმი დააფიქსირონ.
მაგალითად, პარასკევს სესიაზე კენჭისყრა იმიტომ ვერ გაიმართა, რომ პარლამენტში ქვორუმი ვერ დაფიქსირდა და უნდა ითქვას, რომ ესეც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ ყურადღებით ყოფნის გამო მოხდა, თორემ სხვისი პულტების გამოყენება მერე გენახათ.
კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე რეგისტრაცია თავდაპირველად 68-მა დეპუტატმა გაირა, თუმცა, ქვორუმისთვის, დარბაზში 76 დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც იმ დღეს სხდომას თავმჯდომარეობდა, განმეორებითი რეგისტრაცია 15 წუთში დანიშნა და თან განაცხადა, რომ მიუხედავად რეგლამენტით მინიჭებული შესაძლებლობისა, რეგისტრაციას მესამედ აღარ ჩაატარებდა და არასაპატიო მიზეზით გამცდენ დეპუტატებს, ხელფასს დაუქვითავდა. მან ისიც აღნიშნა, რომ სხვისი პულტების გამოყენების შესაძლებლობას ამჯერად აღარავის მისცემდა.
ამის შემდეგ უმრავლეოსობის წევრები, სატელეფონო კავშირის გამოყენებით, დარბაზში ერთმანეთის მობილიზებას ცდილობდნენ. რეგისტრაციის განმეორებით ჩატარებისას, დარბაზში მხოლოდ 70 დეპუტატი აღმოჩნდა და, შესაბამისად, ქვორუმი არც ამჯერად შედგა.
მიუხედავად დაპირებისა, მაჭავარიანმა რეგისტრაციის მესამედ ჩატარების გადაწყვეტილება მაინც მიიღო იმ მიზეზით, რომ დარბაზში უმრავლესობის წევრები - ეკა ხერხეულიძე, გიორგი გოდაბრელიძე, კახა გეწაძე, რომანოზ ბჟალავა, ჯაბა მაღლაკელიძე შემოვიდნენ. თუმცა, მაჭავარინმა მესამედ ჩატარებული რეგისტრაციის შედეგადაც, დარბაზში მხოლოდ 74 დეპუტატის შეგროვება შეძლო.
სწორედ ამის გამო პარასკევის სესიაზე დაგეგმილი კენჭისყრა გადაიდო, სხდომა დაიხურა და მიხეილ მაჭავარიანმა არასაპატიო მიზეზით გამცდენი დეპუტატების ხელფასების დაქვითვის პირობა დადო. მაგრამ რეალურად დაექვითებათ თუ არა, ალბათ, ორი-სამი წლის შემდეგ გავიგებთ, რადგან პარლამენტის ვებგვერდი ინფორმაციას ორი-სამი წლის შემდეგ აქვეყნებს. თანაც, როგორც ჩანს, არასრულყოფილს.
დეპუტატებს რომ პარლამენტში სიარული ეზარებათ, ეს ახალი ამბავი არ არის და საზოგადოება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამას შეჩვეულია. მაგრამ მათი სიზარმაცე უკვე იქამდე მივიდა, რომ გუშინ ბუიროს სხდომაზე ქვორუმის პრობლემაც კი შეიქმნა. თუმცა, სხდომა შოთა მალაშხიას ხარჯზე მაინც ჩატარდა.
პარლამენტის ბიურო 29 წევრისგან შედგება. რეგლამენტის თანახმად ბიუროს წევრები არიან კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ თხუთმეტი დეპუტატი.
ბიუროს გუშინდელ სხდომას კი ბიუროს სიითი შემადგენლობიდან მხოლოდ 14 მათგანი ესწრებოდა. თუმცა, შოთა მალაშხიას ხარჯზე ჩაითვალა, რომ ქვორუმისთვის საკმარისი დეპუტატები სხდომას ესწრებოდნენ.
საქმე ის არის, რომ შოთა მალაშხია, რომელიც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარეა, ბიუროს წევრად არ ითვლება და არც ბიუროს გადაწყვეტილებებში ღებულობს მონაწილეობას. ამიტომ იგი არც ქვორუმისთვის საჭირო რაოდენობაში უნდა ჩაეთვალათ, მაგრამ 15 დეპუტატი სწორედ მისი ჩათვლით იყო.
ბიუროს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებმა ეს ფაქტი გავაპროტესტეთ, მაგრამ საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ჩვენ ვცდებოდით და ქვორუმისთვის საკმარისი დეპუტატები სხდომაზე იყვნენ.
ფაქტია, რომ დეპუტატებს პარლამენტში სიარული ეზარებათ და ამიტომაც ჩნდება კითხვა, თუ დეპუტატობისთვის თავს რატომღა იკლავენ?