პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე შთაბეჭდილებას შეიცვლის.
როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, სამწუხაროდ, ვიღაც-ვიღაცეებმა იმისათვის იმუშავეს, რომ ნატოს გენერალურ მდივანს ასეთი წარმოდგენა ჰქონოდა.
„ეს იყო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის მზაკვრობა. მან საკომიტეტო მოსმენის დროს, ის სიცრუები ვერ გაიტანა თითქოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლას აქვს ადგილი. კომიტეტს მე და ვიქტორ დოლიძემ შემთხვევით მივუსწარით, მას დაველაპარაკეთ და ავუხსენით, რომ არ შეიძლება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ჩაიდინო მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი სიცრუეს ემყარება. მას შემდეგ, რაც მე და ვიქტორ დოლიძე აეროპორტში მოვდიოდით, მან უშუალოდ ეს ანსაბლეაზე დააფიქსირა და ეს იყო მზაკვრული გეგმის გაგრძელება. ჩვენ წამოვედით და მას ოპონენტები აღარ ჰყავდა, თუმცა, სხვადასხვა ლობი ჰყავდა, რომელთა მეშვეობითაც სიცრუები გააჟღერა“, - აცხადებს სესიაშვილი.
კანონმდებელის შეფასებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა დელეგატებთან მუშაობას კვლავ აგრძელებენ.
„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მათი ნაკარნახები ასე თუ ისე გადის. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ განცხადებებს სხვადასხვა დეპუტატები აჟღერებენ. ასეთი ქმედებისგან კანდელაკს თავი უნდა შეეკავებინა. კანდელაკმა მითხრა, რომ გუშინ კომიტეტზე ასეთი პოზიცია დავაფიქსირე, მაგრამ ჩვენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას აღარ ვაპირებთო. ევროპელ დეპუტატებს შევხვდებით და ავუხსნით, რომ ისინი შეცდომაში შეყვანილი არიან“, - დასძინა მან.