საქართველოს მთავრობა ნატოს სთხოვს ქართულ ჯარში აქამდე და ახლა არსებული ვითარების შესწავლისთვის ჯგუფი შეიქმნას. შესაბამისი წინადადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერით საუბრისას გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ინიციატივას ანდერს ფოგ რასმუსენს პირადად შესთავაზებს.
„ჩვენ პარტიული ნიშნით და შერჩეული სამართლით არ ვაპირებთ მოქმედებას. ამაში მე დავარწმუნებ ბატონ რასმუსენს შეხვედრის დროს. ნატოსაც შეუძლია სამუშაო ჯგუფი შექმნას და ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა იმის გარკვევაში, თუ რა ხდებოდა ქართულ ჯარში და რა ხდება ახლა. სიამოვნებით შევთავაზებ ამას ბატონ რასმუსენს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავება ნებისმიერი ქვეყნისთვის სირცხვილია, რის კონტექსტშიც ევროპელების რეაქცია „ნორმალური და ჯანსაღია“.
„ყოფილი ხელისუფლება ცდილობს ეს ანგარიშსწორებად წარმოაჩინოს, მაგრამ სინამდვილე სულ სხვაა. რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია ის, რომ პროკურატურა იძულებულია გენერალური შტაბის უფროსი დააკავოს. სირცხვილია, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის დაკავება მოხდა. ჩვენც უკმაყოფილოები ვართ და განიცდიან ევროპელებიც. ასე რომ, მათი რეაქცია ნორმალური და ჯანსაღია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ივანიშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპელების დაბნევას ცდილობს, თუმცა, მთავრობა სიმართლეს ყველასთან მიიტანს. „ჩვენ სიმართლე ქართველ ხალხს გავაგებინეთ და ასევე გავაგებინებთ მას ამერიკელებსა და ევროპელებს“, - დასძინა ივანიშვილმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა არჩევნების შედეგად მოსული ახალი მთავრობის მიერ ოპონენტების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა.
როიტერის ცნობით, რასმუსენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს.
„მე უკიდურესად შეწუხებული ვარ არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას უკავშირდება. ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით“, - განაცხადა რასმუსენმა პრაღაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.