სარკოზის გეგმები და „სარკორეალიზატორების“ მოლოდინები

სარკოზის გეგმები და „სარკორეალიზატორების“ მოლოდინები

საქართველოში სარკოზის ვიზიტისთვის ხელისუფლებამ ლამის კალენდარული დღეები შეცვალოს. ამჯერად თბილისობის დღესასწაულის ქრონომეტრაჟი დაარღვიეს და, აგერ უკვე 1979 წლიდან მოყოლებული, ტრადიციული ოქტომბრის ბოლო დღეების ნაცვლად თბილისობის დღესასწაული 7, 8 და 9 ოქტომბრისთვის გადმოიტანეს - სარკოზიმ ხომ უნდა იხილოს, როგორი საზეიმო განწყობა აქვს ქართველ ხალხს, ყოველგვარი პრობლემების გარეშე როგორ დასეირნობენ თბილისის ქუჩებში. ხელისუფლების სურვილი ალბათ ისიცაა, რომ ღვინის საწნახელში ჩამდგარი, რეზინისჩექმებიანი სარკოზიც იხილოს, რომელიც, სავარაუდოდ, „ნანის ვენახებიდან“ დაკრეფილ ყურძენს დაწურავს. რაც უნდა ამტკიცოს ოპოზიციამ, რომ სარკოზი საქართველოში ხათრის გამო ჩამოდის და სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ საქართველოს უნუგეშოდ ვერ დატოვებდა, ფაქტი ერთია - სარკოზი თბილისში ჩამოვა და ამ მოვლენას ხელისუფლება სათავისოდ მაინც გამოიყენებს.

თავის მხრივ, საქართველოში სარკოზის ვიზიტის შეფასებისას ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე რეალურ შედეგს არ მოელის. მისი აზრით, საქართველოს გამო დასავლეთი ურთიერთობას რუსეთთან არ გაიფუჭებს. არადა, ჩვენი ხელისუფლება თავის დროზე ირწმუნებოდა, რომ თბილისში ჩამოსული სარკოზი მკვეთრ განცხადებებს გააკეთებდა რუსეთთან მიმართებით. მოგვიანებით, ხელისუფლების ტონი უფრო შერბილდა და გამოაცხადეს, რომ სარკოზი მხარს დაუჭერდა საქართველოს, ოღონდ არ გააკრიტიკებდა რუსეთს. 

 

ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი ევროკავშირში საქართველოსა და უკრაინის დაჩქარებულად შესვლის წინააღმდეგ გამოვიდა. „ფრანს პრესის“ ცნობით, ვარშავაში გამართულ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფორუმზე ფიონმა აღნიშნა, რომ მას ძალიან კარგად ესმის უკრაინისა და საქართველოს მოლოდინი, მაგრამ ევროკავშირში მათ შესვლაზე საბოლოო ფორმირების თვალსაზრისით, დებატების დაწყება არაეფექტური იქნება.

 

“ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროპაში განსაზღვრული დაღლილობა შეიმჩნევა. დასავლეთში დომინირებს განწყობა, რომ ბულგარეთმა და რუმინეთმა, რომლებიც ევროკავშირში 2007 წელს შევიდნენ, ეს ნაბიჯი ძალიან ნაადრევად გადადგეს“.  PanARMENIAN.Net-ის ცნობით, ფიონის ასეთმა განცხადებამ მიხეილ სააკაშვილს იმედები გაუცრუა. „ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება საქართველოსთვის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია და საქართველო ევროპული სახლის წევრი უნდა გახდეს“, - აღნიშნა სააკაშილმა ამავე სამიტზე.  

სულ სხვაგვარად უყურებენ სარკოზის ვიზიტს სომხეთში. იქაურები დარწმუნებულნი არიან, რომ სარკოზი კავკასიაში მათთვის ჩადის. სომხების არგუმენტები უფრო ლოგიკურიც ჩანს. სარკოზის დაღმავალი რეიტინგისთვის დღეს ძალზედ მნიშვნელოვანია საფრანგეთში მცხოვრები სომეხი ემიგრანტების საამომრჩევლო  ხმები. სომხების თვალსაზრისს ისიც ამყარებს, რომ სულ ახლახანს საფრანგეთში ჩასული მათი პრეზიდენტისთვის სარკოზის უთქვამს, რომ მოუთმენლად ელის სომხეთში ვიზიტს. სომხურ მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბიაში წარმატების მიღწევამ და კადაფის რეჟიმის ჩამოშორებამ ოფიციალურ პარიზს ფრთები შეასხა. საფრანგეთში უფრო და უფრო ხშირად ისმის, რომ ახლა ჯერი  სირიასა და ირანზეა. სარკოზის კი ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში „პირველი ვიოლინოს“ როლის თამაში სურს. მით უფრო, რომ დიმიტრი მედვედევს ამ როლის მორგება არ გამოუვიდა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთს სომხეთში სიტყვა მართლაც ეთქმის, რადგან საგარეო ინვესტიციების მოცულობით, ფრანგული ინვესტიციები სომხეთში მეორე ადგილზეა. ამასთან, სომხეთში ფრანკოფონიური განწყობა სულ უფრო მატულობს, რა თქმა უნდა, რუსული განწყობის შემდეგ. მოსკოვის დიდ უკმაყოფილებას კი ის უნდა იწვევდეს, რომ ფრანგული მხარე სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საქმეში თანამშრომლობას აპირებს. ის, რომ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სარკოზის ვიზიტი სომხეთში უფრო არსებითი იქნება, იმითაც დასტურდება, რომ სომხების კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით სარკოზის თანმხლების ფუნქციას იტვირთავს წარმომავლობით სომეხი მომღერალი შარლ აზნავური. ჯერ კიდევ გასულ თვეში, 28 სექტემბერს, პარიზის დარბაზში „ოლიმპია“ შარლ აზნავურის კონცერტი გაიმართა, რომელსაც საფრანგეთისა და სომხეთის პრეზიდენტები დაესწრნენ. ეს კონცერტი სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავს მიეძღვნა და შესული თანხა ასოციაციას „აზნავური სომხეთისთვის“ გადაეცა.      

თურქული გაზეთ Hurriyet-ის ცნობით, თავის დროზე სომხურ დიასპორასთან სარკოზის დამოკიდებულება მაშინ გაფუჭდა, როცა მან სომხების გენოციდის უარყოფის კრიმინალიზაციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ეს იმ დროს, როცა საფრანგეთში დაახლოებით 500 ათასი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება აქვთ. სარკოზისგან განსხვავებით, უფრო მოქნილი აღმოჩნდა საპრეზიდენტო ამბიციის მქონე მეორე კანდიდატი ფრანსუა ჰოლანდი, სოციალისტური პარტიიდან. ფრანსუა ჰოლანდმა საფრანგეთში მცხოვრებ სომხებს პირობა მისცა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მათ გენოციდს აღიარებდა. როგორც ჩანს, ამჯერად სარკოზიმ გადახედა თავის ტაქტიკას და ჩათვალა, რომ საპრეზიდენტო მარათონში სომეხი ამომრჩევლების დაკარგვა არ ღირს.  

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ალბათ აზერბაიჯანლებს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, რას ნიშნავს სარკოზის სიტყვები: „საფრანგეთი სომხეთის გვერდით დგას“. ყარაბახის კონფლიქტის გარდა კი აზერბაიჯანისა და საფრანგეთის პირველ პირებს ორმხრივი სავაჭრო, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო ავიაციის საკითხებზე ექნებათ სალაპარაკო. უკვე ცნობილია, რომ აზერბაიჯანმა ფრანგული კომპანიები ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ექსპერტი გია ხუხაშვილი ნაკლებად მოელის, რომ სარკოზის ვიზიტით ჩვენს ხელისუფლებას ერთგვარ გაფრთხილებას მისცემენ და ყვითელ ბარათს უჩვენებენ. „ყვითელი ბარათის საჩვენებლად არავინ არსად არ ჩადის. მე ვფიქრობ, რომ სარკოზის ვიზიტს რამდენიმე მიზანი აქვს. პირველი ის, რომ დააფიქსიროს პარტნიორობა საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებასთან. გარდა ამისა, სარკოზისთვის საკუთარი პოლიტიკური მიზნებიც მნიშვნელოვანია, რადგან საფრანგეთის შიდა პოლიტიკური გაგებით, მას სურს, მშვიდობისმყოფელის მანტია შეახსენოს ყველას. პრინციპში, საკითხი ისე წარმოაჩინოს, რომ მან გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოში ომის დასრულებაში. ეს სიმპტომები უკვე გამოჩნდა ბოლო კომენტარებში, რაზეც შეგვიძლია დავეთანხმოთ, თუმცა მიმაჩნია, რომ ოდნავ გადაჭარბებულია მისი როლი, უფრო სწორად - გადაჭარბებულია ის ისტორია, რომელიც იწერება მისი მხარდამჭერების მიერ. თუმცა მის მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის“, - აცხადებს გია ხუხაშვილი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში.

ექსპერტის აზრით, სარკოზის ვიზიტის მეორე მიზანი ალბათ ისიც არის, რომ თავისი მისიონისტური ბუნებიდან გამომდინარე, საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ალბათ ცდილობს, გახდეს მსოფლიო ლიდერი, ანუ გლობალურ პროცესებში პირველი ვიოლინოს როლი ითამაშოს, რაც გია ხუხაშვილის აზრით, ღიმილისმომგვრელია. ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სომხეთში სარკოზის ვიზიტიც არაა შემთხვევითი. „სომხური საზოგადოების ინტეგრაცია საფრანგეთის სინამდვილეში ბევრად უფრო მაღალია, რაც, რა თქმა უნდა, დიდად მნიშვნელოვანია. თუმცა, საქართველოსთან მიმართებით ასეთი თამაში მიმდინარეობს: სარკოზი ცდილობს, საქართველოში თავისი ვიზიტი გამოიყენოს შიდა პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებაც ცდილობს, გამოიყენოს ეს ვიზიტი საკუთარი შიდა პოლიტიკისთვის და ბუშის ვიზიტთან ანალოგიებიც გვესმის ბოლო პერიოდში. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ ორი, აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენა.“ გია ხუხაშვილის თქმით, სარკოზის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი იქნება, როგორც საეტაპო, ახალი იმედის მომცემ ვიზიტად.

„პირველად საქართველოს ისტორიაში...“- ამ დღეებში ბევრჯერ მოვისმენთ სარკოზის ვიზიტის გადაჭარბებულ შეფასებას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან,“ - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.