თავდაცვისა და შს ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას საქმეს მთავარმა პროკურატურამ კიდევ ერთი ეპიზოდი დაუმატა. ამის შესახებ განცხადება არჩილ კბილაშვილმა დღეს, დილით გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქმეში გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის სახელიც ფიგურირებს, რომელსაც იმ პერიოდში სახმელეთო ჯარების სარდლის პოსტი ეკავა. საქმე 2010 წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს ეხება.
როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, 2010 წლის 16 თებერვალს, გვარდიის უზრუნველყოფის დეპარტამენტის 17-მა თანამშრომელმა, იმ საფუძვლით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განაცხადეს დილის ვარჯიშზე.
2010 წლის 18 თებერვალს, ღამით, დაახლოებით 2-დან 3 საათამდე, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, რომელიც იმჟამად საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, მითითებული პირები, მათი დასჯის მიზნით, ქალაქ თბილისიდან გადაიყვანეს სენაკის სამხედრო ბაზაზე, მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე.
ადგილზე ჩასულ სამხედროებს სხვა პირებთან ერთად დახვდა ბაჩო ახალაია და სახმელეთო ჯარების სარდალი გიორგი კალანდაძე.
ბაჩო ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა, სენაკში ჩაყვანილ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ ორ ოცმეთაურთან ერთად, მიაყენეს სიტყვოერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ამის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები, მინისტრ ახალაიას ბრძანებით წელს ზევით გააშიშვლეს და სიცივეში ერთი საათის განმავლობაში არბენინეს. შემდეგ, ჩაკეტეს მეორე ბრიგადის აბანოში, დაუყენეს გუშაგები, გამოურთეს გათბობა და ამ პირობებში ამყოფეს სამი რამის და ორი დღის განმავლობაში, 2010 წლის20 თებერვლამდე.
მთავარი პროკურორის განცხადებით, ამით ბაჩო ახალაიამ, უკანონო ბრძანებით ჯარისკაცებს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯარისკაცებს არ მიეწოდებოდათ წყალი და საკვები და იმყოფებოდნენ გაუსაძლის პირობებში.
აბანოში, სადაც ჯარისკაცები ჩაკეტეს, არ იყოს ლოგინი და სკამები, ამიტომ მათ, ცივი მეტლახის ფილებზე ეძინათ.
არჩილ კბილაშვილის განცხადებით ამ ქმედებით ბაჩო ახალაიამ ჩაიდინა ქმედება, გათვალისწინებული სსსკ-ს 143 მუხლის მესამე ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას და 144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის გ და დ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს წამებას და ითვალისწინებს 9-დან 15 წლამდე პატიმრობას.