საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური დირექტორის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების შეფასებისას, რომელმაც თავდაცვის უწყების ქართველი მაღალჩინოსნების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა, აცხადებს, რომ ნატოს მხრიდან, საქართველოს მიმართ ასეთი კრიტიკული ტონი არ ახსოვს.
სააკაშვილი განცხადებით, იმ პირობებში, როცა საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტზე ამდენს ვმუშაობდით, გენშტაბის უფროსის დაკავება დილის 06:00 საათზე, თავდაცვის მინისტრის კაბინეტში სხვა მიზეზით გამოძახებით, ვფიქრობ, დაფიქრების საფუძველს იძლევა.
„ეს ვიზიტი ჩაგვეშალა. ნატოს გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ იქნებ გაზაფხულზე იყოს კომიტეტის ჩამოსვლა შესაძლებელი. ვუთხარი, რომ იქნებ ნატოს მინისტერიალი დეკემბერში არ „ჩაიშალოს“ და რაღაც პროგრესს მივაღწიოთ, თუ „მაპი“ არა, რადგან ამ სიტუაციაში, არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება გამოვიდეს. გენერალურ მდივანთან ჩემი გზავნილი, მას შემდეგ, რაც მან შეშფოთება გამოთქვა, იყო, რომ ამან არ უნდა შეაჩეროს საქართველოს წინსვლა ნატოში“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, გიორგი კალანდაძის გათავისუფლების შემდეგ გაერთიანებული შტაბის უფროსად მისი დატოვებით მან ახალ მთავრობას შანსი მისცა, რომელიც არ გამოიყენა.
„კიდევ ერთხელ მივეცი შანსი ახალ მთავრობას, რომ ეს ინციდენტი გვერდზე მოგვეტოვებინა, რადგან იქნებ აღარ ჩაშლილიყო ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, მან ეს შანსი არ გამოიყენა. ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ ნატოსთან დაკავშირებული საკითხები არ უნდა იყოს მთავრობას და პრეზიდენტს შორის კინკლაობის თემა. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ალიანსს მიებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ამ ყველაფერს“ ახალი მთავრობა განგებ კი არა, გამოუცდელობით აკეთებს.
„იმედია, ეს ახალ მთავრობას განგებ კი არ მოსდის, მოსდის გამოუცდელობით. ალბათ, შეიძენს უცხოეთში ვიზიტებით გამოცდილებას. მივესალმები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტს და ვფიქრობ, საქართველოს ინტერესებს ნათლად დაინახავს. არჩევნების და ხელისუფლების „უხავერდოვანესად“ გადაბარების შემდეგ გვქონდა შანსი ნატოსკენ ნახტომი გაგვეკეთებინა. მართლა არ მესმის, რა საჭირო იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, ცოტა მაინც მოეთმინათ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა არჩევნების შედეგად მოსული ახალი მთავრობის მიერ ოპონენტების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა. „როიტერის“ ცნობით, რასმუსენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს.