მანუჩარ დარასელიას განცხადებით, მას შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მუქარის შედეგად მიაცემინეს. აღნიშნულის შესახებ, მანუჩარ დარასელია ვიდეო-მიმართვაში საუბრობს, რომელიც გაზეთ „პრაიმტაიმის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებს დღეს თეა თუთბერიძემ გააცნო.
თუთბერიძის განმარტებით, მანუჩარ დარასელია არის ადამიანი, რომელსაც თითქოსდა თავისუფლებააღკვეთილი ზვიად აბესაძე ჩააბარეს.
„2012 წლის 7 ნოემბერს დამიბარეს ორთაჭალაში, პოლიციაში. როდესაც მივედი, იქ დამხვდა გამომძიებელი მამაკაცი და ასევე პროკურორი თენგიზ ხარებავა. ასევე იქ იყო დაახლოებით 5 პოლიციელი. ვიღაც ბიჭმა დაწერა ჩვენება, რომელიც შემდეგ პროკურორმა წამიკითხა. იქ ეწერა რაღაც ძალადობის შესახებ, რომელიც მე არ მსმენია. მითხრეს - „ხელი მოაწერეო“, რაზეც უარი ვუთხარი, რის შემდეგ ყვირილი დამიწყეს - „დროზე მოაწერეო“. პროკურორმა მითხრა, 7-დან 10 წლამდე მოგელისო და აქედან ვერ გახვალო. ამ ფსიქოლოგიური მუქარის და ზეწოლის ქვეშ მოვაწერე ხელი“, - აცხადებს დარასელია ვიდეო მიმართვაში და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მიმართავს, მისი ოჯახის უფლებები დაიცვას.