საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ შვიდი კარავი გაშალეს.
„დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის“ ლიდერის ლექსო კობაიძის თქმით, კარვებში მანამდე დარჩებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ამასთან, კობაიძე და სტუდენტები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ორ დღეს აძლევენ მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
„ჩვენ ვაძლევთ ორ დღეს, რომ ჩვენს მოთხოვნებზე იყოს დადებითი პასუხი მიღებული. რაც შეეხება ჩვენს შემდგომ გეგმებს, პასუხზე იქნება დამოკიდებული" - განაცხადა კობაიძემ.
სტუდენტები თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ასევე, როგორც „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" ლიდერი ლექსო კობიძე აცხადებს, სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს ოთხი თანამშრომელი, რომელიც მისი და კიდევ რამდენიმე სტუდენტის გატაცებაში მონაწილეობდნენ.
ამასთან, სტუდენტები მოუწოდებენ სხვა სტუდენტებსაც, რომ მათ აქციას შეუერთდნენ.