ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მოქალაქე გოჩა გიუნაშვილი მაღალჩინოსნების მიერ, საკუთარი ქონების მითვისებასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართავს.
ხაჭაპურიძის განცხადებით, გიუნაშვილის ქონების მითვისებაში კონკრეტულად, დავით ბეჟუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიორგი ცხაკაია და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.
აღნიშნულის შესახებ, დღეს შალვა ხაჭაპურიძემ for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
მისი თქმით, მოქალაქე გოჩა გიუნაშვილი გორის რაიონში „ტირიფონ ჰესს“ ფლობდა და 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მამამისი სასამართლოში დაიბარეს და საკუთარი ჰესის გადაფორმება დავით ბეჟუაშვილზე მოსთხოვეს.
„აღნიშნულზე ამ ადამიანმა უარი განაცხადა და ნერვიულობის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ეს ფაქტი და ძალადობა არ შეწყვეტილა და მის მემკვიდრეს გოჩა გიუნაშვილს მიადგნენ. მას მოსამართლეებმა და სხვა მაღალჩინოსნებმა დაჭერის მუქარით არაერთხელ უბრძანეს, რომ ქონება ბეჟუაშვილისთვის გადაეფორმებინა, რაზეც ეს ადამიანი წინააღმდეგი წავიდა. ამის შემდეგ, უკვე საჯარო რეესტრში გაჩნდა ყალბი დოკუმენტი, თითქოს ჰესს დავალიანება 325 ათასი ამერიკული დოლარი გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გიუნაშვილმა მიმართა სასამართლოს და წლების განმავლობაში უთანასწორო ბრძოლა აწარმოა, ეს ქონება აუქციონზე გაიტანეს და გაყიდეს. ქონების მყიდველი ბანკი აღმოჩნდა, ხოლო შემდეგ ბანკიდან ეს ქონება „რუს მეტალმა“ შეიძინა, მისგან კი, დავით ბეჟუაშვილის კუთვნილმა კომპანიამ. გარდა ამისა, ამ ადამიანს არ აკმარეს ეს უსამართლობა და ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით, ჰესთან არსებული ყველა შენობა-ნაგებობები წაართვეს. უფრო მეტიც, ბეჟუაშვილმა გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა და უკვე პირადად, თავისი მონაწილეობით გაიტაცა 3 მილიონის ქონება, დაახლოებით, 120 დასახელების ნივთი.
შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრას“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში მონაწილეობდნენ: დავით ბეჟუაშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი - ზურაბ ადეიშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი - გიორგი ცხაკაია, გორის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - გოჩა გოჩიტაშვილი, ასევე ყოფილი მოსამართლე - ქართლოს სულაბერიძე, პარლამენტის ყოფილი წევრი, ამჟამად, რუსთავის მერი ლაშა მინდელი, შემოსავლების სამსახურის უფროსი - ჯამბულ ებანოიძე, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ეკა ზარნაძე, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი- დავით ონიაშვილი და აშ.
შესაბამისად, ხაჭაპურიძე ამ საქმის გამოძიებას ითხოვს.