„რუსეთს არაფერში ჭირდება საქართველოში ხელისუფლების ცვლილება“

„რუსეთს არაფერში ჭირდება საქართველოში ხელისუფლების ცვლილება“

საქართველოს მომავალი რუსეთისა და ამერიკის გავლით, რას მოუტანს საქართველოს პუტინის დაბრუნება? რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას, რატომ იყიდებიან პოლიტიკური ლიდერები? რით განსხვავდებიან ისინი „ვარდების რევოლუციის“ ლიდერებისგან? რა შეიცვლება საქართველოში მომავალი არჩევნების შემდეგ და რას ითხოვს პოლიტიკა პოლიტიკოსისგან?

ეს ის თემებია, რაზეც პრესაგე.ტვ პოლიტიკურ ექსპერტს ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.   

 

მას შემდეგ, რაც პუტინმა პრეზიდენტად დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა, ჯონ მაკკეინმა გაკვირვება და აღშფოთება ერთად გამოხატა. თუნდაც მაკკეინს, ჰქონდა საფუძველი ევარაუდა, რომ კრემლი სხვა სცენარისთვის ემზადებოდა?

- ბოლო ერთი წლის მანძილზე, ამერიკულ პრესასა და ამერიკული ანალიტიკური ცენტრების გაკეთებულ ანალიზებზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა. ფაქტობრივად ის, რომ მედვედევი იყო პუტინის ჰიპოსტასი და მედლის მეორე მხარე, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. მე მაინც ვფიქრობ, გარკვეული იმედები, რომელიც გამოითქმოდა ამერიკულ პრესაში  და ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში - თითქოს, მედვედევი უფრო ლიბერალურ პოლიტიკას გაატარებდა, ვიდრე პუტინი, ეს იყო პიარი, რომელიც გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა. შესაძლოა, იგივე ამერიკის თუ  ევროპის პოლიტიკური ისტებლიშმენდისგან იმის მცდელობა, რომ მედვედევისგან რეალურად წონიანი ფიგურა შეექმნათ, მათი მხრიდან ბუნებრივი მცდელობა იყო, მაგრამ ერთია მცდელობა და სურვილი და მეორე - ის რეალობა, რომელიც რუსულ პოლიტიკაში იყო. ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, ამ რეალობას ყოველთვის ხაზს უსვავდა, იგივე ამერიკული მედია და ამერიკული ანალიტიკური ცენტრები. აქედან გამომდინარე, რაც მოხდა ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა.

რა თქმა უნდა, თუ იქნებოდა თეორიული შანსი იმისა, რომ მედვედევი გამხდარიყო მეორე ვადით პრეზიდენტი, ეს სასურველი იქნებოდა ზოგადად პოლიტიკური სტაბილურობისთვის და იმ პოლიტიკისთვის, რასაც ამერიკის პრეზიდენტი ატარებდა ამ შემთხვევაში.

 

რა თეორიული შანსი უნდა ჰქონოდა მედვედევის ხელმეორედ გაპრეზიდენტებას? როდესმე დაამტკიცა მან, რომ თავისუფალი ფიგურა იყო?

- მთელ საპრეზიდენტო პერიოდში მედვედევი იყო პუტინის ჰიპოსტასი, ასე ვთქვათ, პუტინის ნირაბი, რომელიც სჭირდებოდა. რატომღაც, ბოლო წლებში, ქართულ ანალიტიკურ სივრცეში შეეჩვივნენ, რომ რუსული პოლიტიკა ბრიყვების მიერ შექმნილ პოლიტიკად წარმოადგინონ. გარკვეულწილად, ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ დგამდა, შეიძლება ამ ფორმულირებაში ჩაეწეროს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს იყო მოჩვენებითი. რუსეთი თავისი დიდი ანალიტიკური მანქანით მუშაობდა სწორედ იმაზე, რომ მედვედევის და პუტინის ტანდემი მიეწოდებინა დასავლეთისთვის იმ სოუსით, რა სოუსითაც მიეწოდებოდა დასავლეთს ამ წლების განმავლობაში. ანუ, ორსახა იანუსივით ერთი ახმოვანებდა იმას, რაც უნდოდა მოესმინა იგივე ლიბერალურ დასავლეთს, ხოლო მეორე ახმოვანებდა, იმას რაც უნდოდა მოესმინა რუსეთის საზოგადოებას - დერჟავული სახე რუსეთისა. მე ვფიქრობ, ეს იყო მათი მხრიდან გადაგმული გონივრული ნაბიჯი, კარგად დაგეგმილი პიარი.

 

ამერიკა რამდენად ადეკვატურად აღიქვამდა ამ ყველაფერს და მაშინ გადატვირთვის პოლიტიკა რას ემსახურებოდა - პიარს?

- ამერიკაც აბსოლუტურად ადეკვატური იყო. გადატვირთვის პოლიტიკაც იყო ერთგვარი იმიჯი, პიარი. ის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა იმ რეალობაში, ვგულისხმობ ამერიკაში ობამას გაპრეზიდენტება, ხოლო რუსეთში - მედვედევის, ეს იყო ორივე მხარისთვის სასურველი მოდელი, რადგან რუსეთისა და ამერიკის ინტერესები ბევრ სფეროებში გადაიკვეთა. ორივე ქვეყანას, იგივე ავღანეთის, ირანის და ერაყის საკითხებთან დაკავშირებით, გარკვეული შეხება ჰქონდათ. თუნდაც ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსეთის და ამერიკის ეკონომიკური მონოპოლიური ძალების ინტერესები გარკვეულწილად თანხმდებოდა და აბსოლუტურად ჰარმონიულად მიდიოდა მათი თანამშრომლობა. ისევ ვიმეორებ: მედვედევის ეს ორსახა იანუსის სახე გათვლილი იყო სწორედ გარე მომხმარებელზე - რუსეთი, როგორც ამერიკის პარტნიორი, რაც შიდა, რუსული საზოგადოებისთვის დიდად მისაღები არ არის.

 

ამერიკისთვისაც კარგად იყო შერჩეული  იმიჯი, თუმცა ახლა შევხედოთ ამერიკის პარტნიორებისთვის რამდენად მტკივნეული იყო ეს ყველაფერი. ალბათ, გემახსოვრებათ ჩეხეთის და პოლონეთის მძაფრი რეაქციები, როდესაც ამერიკამ ეს გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო და რუსეთის სასარგებლოდ გარკვეული დათმობები განახორციელა ამ პოლიტიკის ფარგლებში. ამიტომ, ამერიკისთვისაც გამართლებული იყო მედვედევი, როგორც მეტ-ნაკლებად ლიბერალური სახე რუსული ელიტისა. ის ურთიერთობდა არა პუტინთან, რომელიც საფრთხეს უქმნის იგივე ჩეხეთსა თუ პოლონეთს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ მედვედევთან, რომლისგანაც ეს საფრთხე ნაკლებად მოდიოდა. ეს ორივე მხრისთვის წაუგებელი თამაში იყო.

 

მაგრამ რეალობა ხომ მაინც სხვა იყო - მედვედევს პუტინი მართავდა.

- რეალობა იყო ის, რომ იმ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში, ამერიკის და რუსეთის ინტერესები გლობალურ საკითხებში თანხმდებოდა. ამ კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში ისევ საქართველოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ამერიკისთვის მომგებიანი იყო ის, რომ საქართველოს შეენარჩუნებინა სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი, მაგრამ არა - აქტიურ ფაზაში. საუბარი იმაზე, რომ ამერიკა საქართველოს თმობს, ამაზე საუბარი ზედმეტია, თუნდაც პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში, მაგრამ იმ მონაკვეთში ბოლო სამი, ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით - 2008 წლის შემდეგ, ამერიკას აწყობდა დაკონსერვებული საქართველო იმ სტატუსით, იმ ფარგლებში და იმ ინტერესებში, რა ფარგლებშიც ის იყო. საქართველოს მიმართ აქტიური პოლიტიკა არ ხორციელდებოდა, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავდა იმას, რომ საქართველი ამ ინტერესებიდან ამოვარდა. ბოლო პერიოდში, თუ დავაკვირდებით ნაბუქოს თემის გააქტიურებას, დავინახავთ, რომ საქართველო, როგორც სტრატეგიული ინტერესის ობიექტი, ამერიკისთვის ისევ რჩება. საქართველოს აქტიურობა იმავე ამერიკისთვის დასაშვებია იმ ფარგლებში, სანამ იმ ისტორიულ მონაკვეთში აწყობს. იგივე შეიძლება ითქვას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე.

 

რუსეთის მომავალი უკვე გარკვეულია - პუტინი მოდის, მაგრამ არ ვიცით, ვინ იქნება ამერიკის მომავალი პრეზიდენტი და, საერთოდ, თუ რესპუბლიკელები ისევ მოვლენ სათევეში, რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთვის?

- საქართველოს და ამერიკის ურთიერთობას ვერ განვიხილავთ რუსეთის გარეშე, ეს არის სამკუთხედი, რომელიც არის რეალობა, რომელსაც მუდმივად ანგარიში უნდა გაეწიოს, რადგან საქართველო ამ წრეზე დადის. მე ვფიქრობ, ისევე პუტინის ფაქტორიდან გამომდინარე, გარკვეული კორექტივები იქნება შეტანილი. ეს კორექტივები საქართველოსთან და მის არჩევნებთან მიმართებაში შემდეგი სახის იქნება, ამერიკა იქნება გაცილებით ფრთხილი საქართველოში პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით, ანუ როდესაც რუსეთის სათავეშია პუტინი, ამერიკა ეცდება საქართველოში არ დაიძაბოს სიტუაცია იმგვარად, რომ მოვლენებმა მიიღოს რევოლუციური განვითარების ხასიათი. ჯერჯერობით, ამერიკას, გარდა არსებული ხელისუფლებისა, არ ეგულება იმ ტიპის პარტნიორი საქართველოში, რომელიც შეძლებს მისი ინტერესების დაცვას. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, რევოლუციური სცენარის განვითარების შემთხვევაში, ამერიკას არა აქვს არანაირი გარანტია, რომ საქათველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც მის ინტერესებს გაატარებს იმ დოზით და იმ ხარისხით, რა დოზითაც ატარებს დღეს ნაციონალური მოძრაობა.

 

მაგრამ 2008 წელს რეალურად ამ ხელისუფლებამ პრაქტიკულად,  ამერიკა კი არა, ლამის მსოფლიოს ჩაითრია მესამე მსოფლიო ომში და ამაზე თავად ამერიკელი ანალიტიკოსები წერდნენ... რამდენად  კარგი პარტნიორიანაციონალური მოძრაობა“? თუ, მას შემდეგ ამ ხელისუფლებამაც ისწავლა რუსეთთან ფრთხილი დამოკიდებულება?

- ერთი მხრივ, ხელისუფლებამაც მიიღო გაკვეთილი 2008 წლიდან, მეორე მხრივ - ამერიკამ ისწავლა საქართველოს ხელისუფლების უფრო მჭიდრო მართვა და მისი ემოციური გადაწყვეტილებებისგან თავდაცვის რაღაც მექანიზმები შეიმუშავა.

როდესაც საუბრობთ, რომ ამერიკის ხელისუფლება უფრო ფრთხილი იქნება საქართველოში მიმდინარე არჩევნევნებთან დაკავშირებით, ანუ შეეცდება ხელი შეუშალოს ახალ რევოლუციას, მეორე მხრივ, თვითონ პუტინის რუსეთსაც უნდა აწყობდეს  საქართველოსთან სტატუს-კვოს შენარჩუნება, ანუ, მისთვის მისაღები უნდა იყოს სააკაშვილის ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ვინ შექმნის საფრთხის გამომწვევ საფუძველს?

- საინტერესო კითხვაა... მე როცა ვსაუბრობდი რევოლუციურ განვითარებაზე, არ ვგულისხმობ, რომ ეს აპრიორი მოხდება. უფრო მეტიც - დღევანდელი სიტუაციიდან თითქმის გამოვრიცხავ, რომ პროცესები რევოლუციის განვითარებით წავიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, პუტინის რუსეთის დროს ამერიკა შეეცდება უფრო მეტად  დაიზღვიოს თავი ამ პროცესების განვითარებისგან. თუმცა, შიდა სოციალურმა ფონმა შეიძლება თავისთავად გამოიწვიოს რაღაცა პროცესების ინსპირირება, ამ შემთხვევაში ამერიკა დააზღვევს საკუთარ ფარულ ინტერესს საქართველოში და სწორედ იმიტომ, რომ მას ამ ეტაპზე არ  ეგულება ის ძალა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, შეძლებს პროცესების მართვას და ამ სასურველ ნაკადში მოქცევას.

 

ამერიკას შეიძლება გარკვეული სიმპათიები ჰქონდეს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეულ ფიგურების მიმართ, ეს იქნება ალასანია, იქნებიან რესპუბლიკელები თუ ა.შ. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ ძალუძთ პროცესების მართვა და სასურველი მიმართულების მიცემა, ამერიკა საკუთარი ინტერესების დაზღვევას არჩევს ნაციონალური  მოძრაობის მხარდაჭერით.

რაც შეეხება რუსეთს, აბსოლუტურად გეთანხმები - რუსეთსაც არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება აწყობს და ამაზე მიუთითებს ის, რომ თუ ჩვენ გამოვალთ იმ კლიშეებიდან - რომ რუსულ პოლიტიკას ბრიყვები აკეთებენ - მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთს არაფერში ჭირდება საქართველოში ხელისუფლების ცვლილება. როგორ დავიჯერო, რომ რუსეთს არ შეუძლია ზედაპირზე ამოიყვანოს ისეთი ფიგურები, რომლებიც ამას შეძლებენ და არა გაშარჟებულები, როგორიც არის ებრალიძე, ან მისი ტიპის ფიგურები. ყოველ შემთხვევაში, ის ვინც რუსეთმა ზედაპირზე  წამოსწია, ყველა აპრიორი თავად იყო განწირული დამარცხებისთვის და მეორე მხრივ, ყველა ის ძალა, რომელიც მასთან იქნებოდა ასოცირებული ასევე განწირული იყო პოლიტიკიდან გასვლისთვის.

 

ანუ, რეალურად რუსეთი ყველა ამ ფიგურას ანკესად ისროდა ქართულ პოლიტიკაში, რომ დაეძირა ყველა ვინც მას წამოეგებოდა?

- ახლა კი არა, საერთოდ, იგივე შევარდნაძის პერიოდიდან დაწყებული, რუსეთს რომელი ფიგურაც არ უნდა ამოეწია ზედაპირზე ყველა აპრიორი დამარცხებისთვის იყო განწირული.

 

გამოდის, ქართული პოლიტიკური სპექტრი ვერ ხვდებოდა ამას, თუ სიხარბე სძლევდა და მათთვის მთავარი მხოლოდ  ფინანსები იყო?

- კი, და ამიტომ ვამბობ, რომ რუსეთი ამ ფიგურებზე ფსონს აბსოლუტურად შეგნებულად დებდა. ქართული ოპოზიციისთვის პოლიტიკა იქცა დაუბეგრავი შემოსავლის წყაროდ. არ მინდა კონკრეტულ წარმონაქმნებზე ვისაუბრო, ან პირებზე, მაგრამ პროცენტულად თუ დავყოფთ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრების 100%-დან  90%-ი პოლიტიკას განიხილავს, როგორც დაუბეგრავი ბიზნესის წყაროს და ამის იქით არ მიდის. ისინი ნებისმიერისგან იღებენ ფულს, ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილისთვის სულერთია ვის გამოსძალავს ფულს, რუსი იქნება, ამერიკელი თუ ჩინელი. ჩინეთმა საქართველოს მიმართ პოლიტიკური ინტერესი რომ გამოხატოს, აქ ისეთივე წარმატებით იტრიალებს ჩინური კაპიტალი, როგორც აქამდე რუსული და ამერიკული ტრიალებდა.

ასე რომ, დღეს აქ ორი ფაქტორის თანხვედრაზე  უნდა ვისაუბრობთ - ერთი ის, რომ ამ მოცემულ მომენტში, სააკაშვილის ხელისუფლება, როგორც ჩანს, აწყობს რუსეთსაც და ამერიკასაც და მეორე მხრივ, თუ შევარდნაძის პერიოდში არსებობდა შევარდნაძის ჩანაცვლების ალტერნატივა, დღეს ასეთი ალტერნატივა არ არსებობას.

 

ალტერნატივაზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს საკუთარი ძალმოსილების დამტკიცებას, როგორც შიდა ელექტორატისათვის, ასევე გარე ელექტორატისათვის. ამ შემთხვევაში, ამერიკაც და რუსეთიც ელექტორატია, რომელმაც  ისეთივე  წარმატებით უნდა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება, როგორც შიდა ელექტორატმა. ამ ბალანსის არარსებობის შემთხვევაში, საქართველოში არჩევანი ვერ მოხდება.

 

თავის დროზე, ის ძალა, რომელმაც ჩაანაცვლა შევარდნაძის ხელისუფლება დასავლეთის ფინანსური დახმარებით გაძლიერდა, ვგულისხმობ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას. „თავისუფლებიოს ინსტიტუტი“ სწორედ აქედან არ იღებს სათავეს? დღეს, სხვადასხვა მიზეზებით  ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ეს ფინანსები შეზღუდული აქვს.

- იცით რა, ის, რომ შევარდნაძის პერიოდში იდეალური პირობები ჰქონდა ოპოზიციას შექმნილი განვითარებისათვის ასე, რა თქმა უნდა, არ იყო. შევარდნაძის ხელისუფლებაც იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მისი ხედვა და გამოცდილება წვდებოდა, ასე თუ ისე, ცდილობდა რომ ოპოზიცია დასუსტებულიყო, გავიხსენოთ რამდენჯერ დაიშალა მაშინდელი პოლიტიკური კონგლომერატები, როგორ ცდილობდნენ იგივე ედპ-ს გამოყენებას და ყოველთვის, დანარჩენი ოპოზიციიდან მოგლეჯას და ხელისუფლების გვერდით დაყენებას. ანუ, დღეს ეს პროცესები -ოპოზიციის დაქსაქსვის მცდელობა, იქიდან იღებს სათავეს, მაგრამ მაშინ ოპოზიციაში იყო ძალა, რომელიც პოლიტიკაში იყო პოლიტიკისთვის და არა ვაჭრობისთვის.

 

ხშირად მიფიქრია - დღეს რომ ვთქვათ, იგივე გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, აღარაფერს ვლაპარაკობ სააკაშვილზე ან მერაბიშვილზე, იყვნენ ოპოზიციაში, ისინიც ასეთ პოლიტიკურ მოვაჭრეებად იქცეოდნენ თუ არა და მე შემიძლია თითქმის  დარწმუნებით ვთქვა, რომ ისინი პოლიტიკურ ვაჭრებად არ დახურდავდებოდნენ. მათ ჰქონდათ იდეა და მათ ჰქონდათ  მიზანი ხელისუფლებაში მოსვლის და რეალურად იმ იდეით მოდიოდნენ, რომ შეეცვალათ მთლიანად  ქართული რეალობა. მათ სწორედ მიაჩნდათ ის რეფორმები გაეტარებინათ როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ასევე იდეოლოგიური და ცნობიერების რეფორმა, რაც ყველაზე მთავარია და ისინი ამას პოლიტიკური ვაჭრობის საგნად არ აქცევდნენ როგორი ზეწოლაც არ უნდა ყოფილიყო მათზე. რეალურად რომ შევხედოთ პოლიტიკური ზეწოლა და რეპრესიები ოპოზიციის დიდი ნაწილის მიმართ არ ხორციელდება.

 

მოდი ასე შევხედოთ, რა იყო მათი იდეალები და ვისთან უნდა ევაჭრათ? ერთ მხარეს იყო დიდი ფული და მეორე მხარეს - შევარდნაძის დამყაყებული რეჟიმი, რომელიც ერთი ხელის კვრით  წაიქცეოდა. „რევოლუციონერებმა“ ფულთან ერთად მიიღეს ხელისუფლებაც და როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათ მიიღეს კიდევ უფრო დიდი ფული და განუსაზღვრელი ძალაუფლება. მერაბიშვილი, სააკაშვილი, ბოკერია და სხვა ბევრი, დღეს ფინანსურად იგივე მდგომარეობაში არიან როგორც მაშინ? გადაჭრაბებული ხომ არ არის, როცა მათ იდეისთვის მებრძოლებად განიხილავთ? დღევანდელი ოპოზიციის ფულის წყარო მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებაა. იქნებ დღევანდელ და მაშინდელ ოპოზიციას შორის არც ისე დიდი განსხვავებაა, უბრალოდ, ვითარებაა სხვადასხვა?

 

- დღევანდელ ოპოზიციაში ფულს არავინ ჩადებს. იმათში თუ დებდნენ, იცოდნენ, რომ  ამ ფულის ჩადებას შედეგი ექნებოდა, აქ მარტო იდეაზეც არ არის საუბარი.

 

შედეგი იქნებოდა ზუსტად იმიტომ, რომ მაშინ სახელმწიფოც კი არ იყო.

- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - როდესაც დაფახფახებულს ებრძვი, იქ გაცილებით დიდი გული გაქვს და გაცილებით დიდი რესურსი. მეორეა, როდესაც ფაქტიურად ძალაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ებრძვი, რომელიც შეუდარებლად ძლიერია იმაზე, რაც იყო 2003 წლამდე. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სრულიად  სხვა რესურსი გჭირდება. ეს ფაქტორი უდავოდ მუშაობს. დღევანდელი პოლიტიკური ლიდერი აიღეთ, მათზე არც ამ დაფახფახებული სახელმწიფოს პირობებში არავან დადებდა ფსონს და გასაგებია, რომ დღესაც არც არავინ დებს. საერთოდ, ნუ ვილაპარაკებთ იდეოლოგიაზე და ვისაუბროთ უბრალოდ მიზანზე, მაშინ, მიზანი იყო პოლიტიკაში მოსვლა. ამ მიზანთან მიმართებაშიც კი ოპოზიციის უმრავლესობა დღეს არჩევს კონკრეტული თანხით დაკმაყოფილდეს და დაივიწყოს ეს მიზანი.

 

ამ შემთხვევაში, პოლიტიკა ქცეულია ხელისუფლებაში მოსვლამდე ფულის მოპოვების საშუალებად, როცა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, პოლიტიკა განიხილებოდა ფულის შოვნის საშუალებად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. აი ეს არსებითი განსხვავებაა, მაშინ გაცილებით დიდი იყო ის მაზანდა, რომელსაც ესწრაფოდნენ იმ დროს ოპოზიციაში მყოფი პირები და გაცილებით ნაკლებია ის მაზანდა, რომელსაც დღევანდელი ოპოზიცია ესწრაფის.

 

წარმოვიდგინოთ ორი მიხეილ სააკაშვილი. ერთი - რომელიც დღეს ხელისუფლებაშია და მეორე - რომელიც ებრძვის დღეს ხელისუფლებაში არსებულ  მიხეილ სააკაშვილს. სრულიად სხვა რეალობას მივიღებდით. რა თქმა უნდა, დღევანდელ რეალობაში სააკაშვილი ასე იოლად ვერ მოიპოვებდა ხელისუფლებას ისე, როგორც მოიპოვა, მაგრამ იგი ყოველ შემთხვევაში განიხილებოდა აუცილებლად ალტერნატივად, რომელშიც ფულსაც ჩადებდნენ, მხარსაც დაუჭერდნენ და რომლისთვის მხარდასაჭერად საზოგადოებასაც მოამწიფებდნენ. დღეს ასეთი ალტერნატივა არ ჩანს, ანუ, ადამიანი, რომელიც საკუთარი ცხოვრების ყველაზე დიდ მიზნად მოიაზრებდა ხელისუფლებაში მოსვლას.

 

იგივე  ირაკლი ალასანია რომ ავიღოთ, რომელიც ყველაზე თუ არა ერთ-ერთ მორალურ სახედ ჩანს ქართულ ოპოზიციაში, ეს არ არის ის ფიგურა (ცუდი გაგებით არ ვამბობ), რომელიც  ყველაფერზე წავა ხელისუფლებაში მოსვლისთვის. არადა პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ მოითხოვს ამას. შეიძლება ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ, პოლიტიკა მოითხოვს გაწირო ოჯახი, რომ მიაღწიო იმ უზენაეს მიზანს, რასაც პოლიტიკაში მოსვლა ჰქვია, შეიძლება ეს ამორალური იყოს მაგრამ - რეალობა ესაა.

პოლიტიკას ყველაფერი უნდა შესწირო - საკითხი ასე არ უნდა იდგეს, მაგრამ თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ პირველ პირს მსოფლიოში, რომელსაც ოჯახური იდილია ჰქონდეს. ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მიდიხარ იმ მიზანთან, რომელსაც ჰქვია ქვეყნის პირველი პირობა და ხელისუფლებაში მოსვლა, სამწუხაროდ ამ გზაზე ოჯახი დამხმარე საშუალებად იქცევა და პირველად ღირებულებას კარგავს და ეს  მხოლოდ ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი არ არის. ეს არის ისეთი სფერო, რომელიც ინტერესების გაყოფას არ გაპატიებს. აქედან გამომდინარე, ის ისეთი იშვიათი პროფესიაა, რომელიც ოჯახს ითხოვს მსხვერპლად. თუ ამაზე წამსვლელი არ ხარ, ანუ, შენი მორალური ჰაბიტუსი ამის საშუალებას არ გაძლევს, მაშინ პოლიტიკაში მოსვლისთვის არ ხარ მზად.

 

ანუ უნდა იყო ამორალური?

ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც ამორალობას, უბრალოდ, უნდა იყო ისეთი წყობის ადამიანი, რომელიც არჩევანის წინაშე რომ დადგეს პოლიტიკას არჩევს ოჯახს.