2012 წელს ქვეყანას საპარლამენტო არჩევნები ელის. მალე, ამომრჩევლები დედაქალაქსა, თუ რეგიონებში საკონნმდებლო ორგანოში შესვლის მსურველთა მსუყე დაპირებებს მოისმენენ. ალბათ, დაპირებები თითქმის ისეთივე იქნება, როგორც სამი წლის წინ იყო.
პრესაგე.ტვ დაინტერესდა, თუ რამდენად ნაყოფიერად იმუშავეს საკანონმდებლო ორგანოში ქვემო ქართლის საარჩევნო ოლქებში გამარჯვებულმა - ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარებმა.
აღმოჩნდა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ქვემოქართლელი მაჟორიტარების კანონშემოქმედებითი მუშაობა არასოდეს გამხდარა მედიის ყურადღების საგანი. საზოგადოებას არც მათი საპარლამენტო სხდომებზე გაკეთებული საჯარო განცხადებები ახსოვს. „ჩვენი მაჟორიტარი, რაც ავირჩიერთ, მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ადამიანის დანახვა თუ არ გინდა, ე.ი ხმა უნდა მისცე?! მე ხმა ნაციონალების კანდიდატს იმიტომ მივეცი, რომ ჩვენი პრობლემები მთავრობამდე მიეტანა, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენთვის ვეღარ მოიცალა“ – ამბობს რუსთაველი ნელი ქვათაძე.
ქვათაძე რუსთავის მაჟორიტარზე, დავით ნადაშვილზე საუბრობს. ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამ უკანასკნელს მხოლოდ სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებზე ხედავს. „მე მასეთ ადგილებში ვინ მიმიპატიჟებს?! ადგილობრივი ტელევიზიით ვნახე” – დასძინა რუსთაველი ქალბატონი.
პრესაგე.ტვ დავით ნადაშვილს რუსთავის ბიუროში ესტუმრა. მაჟორიტარი არ დაგვხდა. მასთან დაკავშირებაში დახმარებას ბიუროს თანამშრომელი, მაკა შველიძე შეგვპირდა.
ჩვენ ავუხსენით, რომ გვაინტერესებდა მაჟორიტარის მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში; მის მიერ ინიცირებული კანონპროეტები და რუსთაველთა პრობლემები, რომლებიც მან საკანმდებლო ორგანოს გააცნო.
დღის ბოლოს შველიძე დაგვიკავშირდა. „სამწუხაროდ, ბატონი დავითი ამ ეტაპზე ვერ შეგხვდებათ. ის თავს იკავებს ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან. გარწმუნებთ ეს მხოლოდ თქვენ შემთხვევაში არ ხდება” – გვიხსნის რუსთაველი მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომელი.
ჩვენი შემდეგი, სასურველი რესპოდენტი, ნაციონალური მოძრაობის გარდაბნის მაჟორიტარი, დავით მახნიაშვილია. მას ბიუროს პარლამენტში ვურეკავთ.
„ბატონი დავითის თანაშემწე გახლავართ. ახლა სხდომაზეა. თქვენთვის საინტერესო თემას ჩავინიშნავ და შევატყობინებ” - გვპასუხობს მახნიაშვილის თანაშემწე. მოგვიანებით კი სატელეფონო საუბარში შემდეგს გვეუბნება:
„ბატონი დავითი ქალაქში არ არის და ეს დღეები არ იქნება. მე შემიძლია რამით დაგეხმაროთ?!“
ჩვენ კითხვაზე - სხდომებს რატომ არ ესწრება დეპუტატი? - გვპასუხობს: „არა, სამსახურში დადის და სხდომებსაც ესწრება. მე გადავცემ თქვენ შესახებ ინფორმაციას, კიდევ ერთხელ და, ვნახოთ...”
უცნაურია, რატომ არ ისურვეს ქვემო ქართლის მაჟორიტარებმა პარლამენტში, საკუთარ კანონშემოქმედებით საქმეებზე საუბარი.
რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარების მუშაობის შესახებ პარლამეტის ოფიციალურ საიტზე მწირი ინფორმაცია დევს. თუ საკანონმდებლო ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუჯერებთ, გარდაბნის მაჟორიტარმა 4 წლის განმავლობაში სულ ორჯერ დაიმსახურა მათი ყურადღება.
პარლამენტის ოფიციალურ საიტზე მახნიაშვილის აქტივობის შესახებ სულ ორი მასალა არსებობს. ერთში მისი გვარი 2008 წლის სტატიაშია მოხსენიებული. საქმე ეხება, ნინო ბურჯანაძის რუსთაველ პენსიონერებთან შეხვედრას. ღონისძიებას მახნიაშვილიც ესწრებოდა. მეორე მასალა, სადაც მახნიაშვილია მოხსენიებული, 2008 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმია. აღნიშნულ ოქმში წერია, რომ კომიტეტის სხდომას დავით მახნიაშვილი საპატიო მიზეზით არ ესწრება.
რაც შეეხება რუსთაველ მაჟორიტარს, დავით ნადაშვილს მასზე საკანონმდებლო ორგანოს საიტის არქივი ოთხ მასალას ინახავს. ყველა მათგანი, მახნიაშვილის მსგავსად, ნადაშვილის 2008 წლის აქტივობის ამსახველია.
სხვა წლებში რით იყვნენ დაკავებული რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარები, ვერც საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური საიტიდან და ვერც პირადად მათგან ვერ გავიგეთ.