აღმოსავლეთის იზოლირება არ შეიძლება

აღმოსავლეთის იზოლირება არ შეიძლება


საგარეო პოლიტიკური რევოლუციები ჩუმად და შეუმჩნევლად ხდება. მაგრამ თუკი დიპლომატიურ სცენაზე მსახიობები ზოგჯერ საკმარისად მოქნილები არ არიან, ამ გზაზე შეიძლება პრობლემები გაჩნდეს. „უნდა დასრულდეს ღირებულებებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა“, – ერთხმად მოითხოვეს ამ კვირაში გერმანელმა ექსპერტმა ჩინეთის საკითხებში ებერჰარდ ზანდშნაიდერმა და რუსეთის სპეციალისტმა საგარეო პოლიტიკის გერმანული საზოგადოებიდან ალექსანდრე რარმა. საგარეო საქმეთა მინისტმრა გიდო ვესტერველემ ჯერ კიდევ პეკინში ვიზიტის დროს გაცხრილა მატარებელში მისი თანმხლები პირების სია, გაეროს უშიშროების საბჭოში ლიბიის საკითხზე კენჭისყრის დროს მოკავშირეებისგან გერმანია გამიჯნა და შესაბამისად რუსეთის და ჩინეთის ბანაკში აღმოჩნდა.

სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პოლიტიკური ელიტები ფარხმალს ყრიან და სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა თავისუფლება და ადამიანის უფლებები – ჩინეთი და რუსეთი კუნთებს ათამაშებენ და დასავლეთი დათმობებზე მიდის. ფედერალური მთავრობა და ევროკომისია, სულ უფრო მკვეთრად გამოდიან თითქოს ნაკლებად მნიშვნელოვანი და პატარა სახელმწიფოების წინააღმდეგ. ბერლინის და ბრიუსელის პოლიტიკოსები მხოლოდ შეიშმუშნენ, როდესაც კრემლმა ნავთობმაგნატი მიხეილ ხოდორკოვსკი დაიჭირა და დიდი ხნით გამოკეტა ციხეში, სამაგიეროდ ახლა ისინი უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ ორგანიზებული სასამართლო პროცესის გამო აღშფოთებას არ მალავენ. იმ გამამტყუნებელი განაჩენის გამო, რომელიც მოსალოდნელია ტიმოშენკოს საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც კორუმპირებული გაზის პრინცესა, შესაძლებელია გაიყინოს ევროკავშირში უკრაინის ასოცირებულ წევრობაზე შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიც კი. იმავდროულად, არავის გამოჰპარვია ის ფაქტი, რომ ტიმოშენკოს პოლიტიკური მფარველი და ბიზნეს პარტნიორი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი პავლე ლაზარენკო ახლახანს შეერთებულ შტატებში ფულის გათეთრების ბრალდებით გაასამართლეს.

მაგრამ პირველ რიგში არავინ ითვალისწინებს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს, რომელსაც ჩვენი პოლიტიკოსები უნდა წარმოადგენდნენ. უკრაინასთან დაკავშირებული ევროპული ინტერესი კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს უზარმაზარი ტერიტორიის მქონე ევროპული სახელმწიფო მჭიდროდ უნდა დაუკავშირდეს ევროკავშირს, და მისი სტაბილიზაცია უნდა მოხდეს ეროზიით დაავადებული ისეთი ქვეყნების ხარჯზე, როგორიც მოლდავეთი და საქართველოა. სწორედ ეს არის ვარშავაში ევროკავშირის სამიტის იდეა, რომელშიც „აღმოსავლურ პარტნიორობის“ პროგრამაში ჩართული ევროპული ქვეყნები მონაწილეობენ, თუმცა პოლონეთის და გერმანიის მიღმა ამ ღონისძიების მიმართ ინტერესი დაბალია.

და ეს მომაკვდინებელია. უკრაინა ხომ მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყანაა თუკი ევროკავშირის წევრები რუსეთის გვერდის ავლით მილსადენების აშენებას და ნედლეულით მდიდარ კასპიისპირა სახელმწიფოებთან დაკავშირებას აპირებენ. უკრაინის თითქოს პრორუს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების გაფორმება სურს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო მას შეიძლება სერიოზული კონფლიქტი მოუვიდეს კრემლთან, რომელსაც უარს ეტყვის მოსკოვის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. მას ვისაც უნდა რომ უკრაინას მოსკოვის მარწუხებისკენ უბიძგოს, შეუძლია უბრალოდ შეაჩეროს კიევთან მოლაპარაკებები, მაგრამ ის, ვინც უკრაინის ინტეგრირების მომხრეა, ისეთი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს, რომელიც ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული.
foreignpress.ge