რამდენიმე დღის წინ, როდესაც ხელისუფლებამ ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტში ჩუმად შეტანილი ცვლილებების პრეზენტაცია გამართა, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ეს ცვლილებები ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ცვლილებები არც ისეთი სასიკეთო აღმოჩნდა, როგორც ამის წარმოჩენა ხელისუფლებას სურს. არასასიკეთო საზოგადოებისთვის, თორემ ეს ყველაფერი ისევ ნაციონალების მდგომარეობას რომ გააუმჯობესებს, ამაში ცხადია, ეჭვი არავის ეპარება.
ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ამ ცვლილებებს ოპოზიციური სპექტრი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საკმაოდ უარყოფითად რომ შეხვდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პროექტი მხოლოდ ოპოზიციისთვის კი არ არის მიუღებელი, არამედ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც.
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საია-მ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მოამზადეს ერთობლივი დასკვნა, სადაც შეფასებულია საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები.
„პროექტში ბევრი ცვლილებაა შესული. თუმცა ძირითადი სიახლეები პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებულ შეთანხმებას უკავშირდება, სადაც განსაკუთრებული აქცენტი მათ დაფინანსებაზე კეთდება. საერთო ჯამში, აღნიშნული პროექტი არ შეიცავს არსებით ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. პირიქით, ზოგ შემთხვევაში კოდექსის მუხლები კიდევ უფრო აუარესებს არსებულ მდგომარეობას, ან ნორმათა ბუნდოვანება შეუძლებელს ხდის სხვადასხვა ფორმულირების აღქმას“, - ასეთია ამ სამი ორგანიზააცის ზოგადი შეფასება.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის დაწყებისთანავე ითქვა, რომ რეფორმის რამდენიმე მიმართულებით განხორციელება იყო საჭირო. ეს არის არჩევნების გამჭვირვალობა და მონიტორინგი, საარჩევნო სიები, საარჩევნო სისტემა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არჩევნების დაფინანსება, საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო დავები და პასუხისმგებლობის ზომები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო.
შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსის“ პროექტში, რომელიც ვენეციის კომისიას უკვე გაეგზავნა, უნდა ასახულიყო ის საკითხები, რაც ოპოზიციის ნაწილთან გაფორმებულ შეთანხმებაშია აღნიშნული და უნდა ითქვას, რომ ეს პირობა შესრულებულია.
საარჩევნო სისტემის შესაცვლელად პარლამენტართა რაოდენობა 150-დან 190-მდე იზრდება, საიდანაც 83 აირჩევა მაჟორიტარული სისტემით, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 107 აირჩევა პროპორციული სისტემის საფუძველზე. ის საარჩევნო ოლქები კი, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული, გაიყოფა და ამ პრინციპის გათვალისწინებით, თითო მანდატი დაემატება შემდეგ საარჩევნო ოლქებს საბურთალო, ისანი, სამგორი, ნაძალადევი, გლდანი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.
შეთანხმების საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებისთვის შემოწირულობათა ზღვარი გაორმაგდება და განისაზღვრება 60 000 ლარის ოდენობით ფიზიკური პირებისათვის და 200 000 ლარის ოდენობით იურიდიული პირებისათვის.
ასევე ჩაიწერა, რომ ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტი მიიღებს ბიუჯეტიდან ერთჯერად დახმარებას 1 მილიონი ლარის ოდენობით და აქედან 300 ათასი უნდა გადაუხადოს ტელევიზიებს წინასაარჩევნო რეკლამისთვის. ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში 100 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, დგინდება ზედა ზღვარი გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე და ეს იქნება არაუმეტეს 3%-სა.
ხოლო საარჩევნო დავებისას სარჩელის შეტანის ვადები თითო დღით იზრდება. ასევე იკრძალება საოლქო საარჩევნო კომისიების განთავსება იმ შენობებში, სადაც განთავსებულია თვითმმართველობისა და პრეზიდენტის რწმუნებულების სამუშაო ოფისები.
ეს არის ძირითადი საკითხები, რაც საარჩევნო კოდექსში შეთანხმების საფუძველზე მოხდა. ამას ასევე ემატება ისეთი ტექნიკური საკითხები, როგორიც არის საარჩევნო უბანზე ბეჭდისთვის ნაჭდევების გაკეთების რაოდენობის გაზრდა და ა.შ.
თუმცა მას შემდეგ, რაც პროექტი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რამდენიმე სიურპრიზი აღმოჩნდა. მათ შორის ისეთი საკითხები, როგორც არის მარკირებისა და საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების გაუქმების საკითხი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გასაიდუმლოება, ცესკო-ს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების გაზრდა, დამკვირვებლისთვის უბანზე ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისთვის საარჩევნო კამპანიისას პარტიის დაფინანსების შესაძლებლობის მიცემა და ა.შ.
ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს.
როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია განმარტავს, საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანია რამდენიმე არსებითი საკითხის უზრუნველყოფა: ეს არის არჩევნების გამჭვირვალობა და მონიტორინგი, საარჩევნო სიები, საარჩევნო სისტემა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, არჩევნების დაფინანსება, საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო დავები და პასუხისმგებლობის ზომები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო. პრობლემა კი ამ ორგანიზაციების შეფასებით არის ის, რომ „ცვლილებები ვერც ერთი ამ საკითხის მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს“.
ამ დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ პროექტი საზოგადოებასთან შეუთანხმებლად შემუშავდა და მთელი რიგი საკითხების შესახებ ინფორმაციას თავად შეთანხმების მონაწილე პარტიებიც კი არ ფლობდნენ.
„ნომერ პირველი პრობლემა არის ის, რომ ასეთი საქმეები ასე არ კეთდება. თუ არჩევნებზე ვლაპარაკობთ და მისადმი ნდობის გაზრდაზე, ხელისუფლება ერთი წელი არ უნდა იტყუებოდეს შინ და გარეთ, რომ ვითომ მოქმედ კოდექსში გარკვეულ ცვლილებებს ამზადებს და სინამდვილეში სადღაც სარდაფებში ისხდნენ და იქ წერდნენ ახალ პროექტს, რომელიც სიურპრიზად მოუვლინეს ყველას, მოქალაქეებსაც, იმ ოპოზიციასაც, რომელიც მათთან არ თანხმდებოდა, იმ ოპოზიციასაც, რომელიც რაღაცაზე დაეთანხმა და მთელ საერთაშორისო საზოგადოებასაც.
მეორე, - კოდექსი ტექნიკურად უკიდურესად დაბალ დონეზეაშესრულებული. შინაარსს რომ თავი დავანებოთ, პროცედურებში და იმტერმინთა განმარტებებში და იმ საკითხების მოგვარებაში, რასაც კოდექსი უნდა აგვარებდეს, არის უამრავი პრობლემა და ამ კოდექსით არჩევნების ჩატარება, უბრალოდ, შეუძლებელია, კარგისაც და ცუდისაც“, - ამბობს „რესპუბლიკელების“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ დასკვნის პრეზენტაციას ესწრებოდა და მათ შენიშვნებს სრულად იზიარებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ღონისძიებას ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, მიუხედავდ იმისა, რომ ისინი მიწვეულნი იყვნენ. რაც შეეხება შეთანხმებაზე ხელმომწერ სხვა პარტიების წარმომადგენელბს, არასამთავრობოების დასკვნის პრეზენტაციას მხოლოდ „ახლების“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე დაესწრო და მასაც დიდად არ უაქტიურია.
რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, ექსპერტები საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ „ხელისუფლების მომზადებულ კანონპროექტში ისეთი ნორმებია ჩადებული, რომელიც ვითარებას უფრო მეტად გააუარესებს“.
ერთ-ერთი ასეთი თემაა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა. თავის დროზე „რვიანის“ მიერ შემუშავებულ წინადადებებში ნათქვამი იყო, რომ ამისთვის უნდა გაზრდილიყო დამკვირვებლების უფლებები და რეალური მონიტორინგი განხორციელებულიყო მედიის მუშაობასა და ადამინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.
საია-ს, „სამართლიანი არჩევნების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებულ დასკვნაში კი ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით ვითარება უფრო მეტად უარესდება, რადგან დამკვირვებლების უფლებები მცირდება.
პროექტის თანახმად საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალი აღარიქნება დამონტაჟებული, აღარ მოხდება ამომრჩეველთა მარკირება,უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს აღარ ექნებათ ფოტო და ვიდეოგადაღების საშუალება.
ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხსნის. როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, მარკირებასთან დაკავშირებით მუდმივად არსებობს პრეტენზიები, რაც შეეხება ვიდეოთვალის გაუქმებას, ამას იმით ხსნის, რომ დაცული უნდა იყოს ამომრჩევლის უფლება, დარჩეს საიდუმლოდ მიიღო თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობა.
მაგრამ ამ არგუმენტს არც პოლიტიკოსთა უმრავლესობა იზიარებს და არც არასამთავრობო სექტორი. ისინი არჩევნების გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ითხოვენ როგორც დამკვირვებლებისთვის ფოტო და ვიდეგადაღების უფლების აღდგენას,ასევე მარკირებისა და საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალისდამონტაჟების აუცილებლობას, ვინაიდან, მათი თქმით, დღეს ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა, პრობლემა არსებობდეს, მაგრამ გაუქმება პრობლემას ვერ მოაგვარებს.
რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ხელისუფლების პირობაა, რომ ამასთან დაკავშირებით საგანგებო კომისიები შეიქმნება. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა ფუნქციები და უფლებამოსილება ექნება ამ კომისიებს.
ექსპერტები მეორე მნიშვნელოვან მიმართულებად საარჩევნო სიების გასწორებას მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ ამისთვის „რვიანი“ სიის შედგენას ბიომეტრიული მონაცემებით ითხოვდა, მაგრამ ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა. სამაგიეროდ შეიქმნება კომისია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საარჩევნო სიების ფორმირებაზე.
ამ კომისიაში შევლენ შეთანხმების მონაწილე პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სათანადო კანონპროექტი უკვე პირველი მოსმენით არის მიღებული და უახლოეს დღეებში დამტკიცდება.
მაგრამ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ „პრინციპულად მცდარია სიის სისწორეზე პასუხისმგებლობის დაკისრება კომისიისთვის“. ამიტომაც ითხოვენ, რომ სიაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სამოქალაქო რეესტრს და კომისიამ ამ სიის შემდგომი მონიტორინგი განახორციელოს.
ამასთანავე, პრობლემას შექმნის გადასატანი ყუთისთვის რაოდენობრივი ბარიერის დაწესება, როგორც ეს პროექტშია გათვალისწინებული. ასევე მიაჩნიათ, რომ ცესკო-ს უნდა დარჩეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გამოქვეყნების ვალდებულება, რადგან ხელისუფლების გადაწყვეტილებით ამომრჩეველთა სიები საზოგადოებისთვის უფრო მეტად ხდება ხელმიუწვდომელი და შიშობენ, რომ ვითარებას უფრო მეტად გაართულებს.
დასკვნის თანახმად, ასევე მოუგვარებელი რჩება სამხედრონაწილების პრობლემა, ამასთან, როგორც ისინი აღნიშნავენ, პრობლემას შექმნის გადასატანი ყუთისთვის რაოდენობრივი ბარიერის დაწესება, როგორც ეს პროექტშია გათვალისწინებული. ასევე მიაჩნიათ, რომ ცესკოს უნდა დარჩეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გამქვეყნების ვალდებულება.
რაც შეეხება საარჩევნო დავების საკითხს, მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ვითარებას უფრო დაამძიმებს. როგორცისინი აღნიშნავენ, სარჩელის შეტანის ვადა კი ხანგრძლივდება, მაგრამ ამის პარალელურად მცირდება 2 დღიდან 1 დღემდე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა, რაც, მათი თქმით, სრულიად გაუმართლებელია, რადგან არსებულ ვადაშიც კი ვერ ესწრებოდა ხოლმე სარჩელის საფუძვლიანი შესწავლა. ეს კი, ცხადია, გავლენას ახდენს სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
მათივე შეფასებით, ამის პარალელურად პრობლემად რჩება ისეთი საკითხები, როგორიცაა საარჩევნო კომისიებში საჩივრის განხილვის ვადები, გასაჩივრების ვადის ათვლა, საჩივრის განმხილველ ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, სახელმწიფო ბაჟი და ა.შ.
მათი განსაკუთრებული კრიტიკის საგანი კი საარჩევნო პროცესის დაფინანსება და ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხია. როგორც აღნიშნავენ, ცვლილებები არათუ ვერ აგვარებს ამ პრობლემას, არამედ უფრო მეტი პრობლემების გაჩენის საშუალებას იძლევა.
საარჩევნო რეფორმაზე მუშაობისას ცალკე იყო გამოყოფილი თავად საარჩევნო სისტემის საკითხი. ამის მოგვარებას კი ხელისუფლება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ პარლამენტართა რაოდენობით გაზრდით გეგმავს. თუმცა, არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდა, თავი რომ დავანებოთ გაზრდის კანონიერება-უკანონობას, ვერ უზრუნველყოფს ხმათა წონადობის დაცვას.
მათი განსაკუთრებული კრიტიკის საგანი კი საარჩევნო პროცესის დაფინანსება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხია. როგორც აღნიშნავენ, ცვლილებები არათუ ვერ აგვარებს ამ პრობლემას, არამედ უფრო მეტი პრობლემების გაჩენის საშუალებას იძლევა.
ესაა ის ძირითადი საკითხები, რაზეც ამ არასამთავრობო ორგანოებს შენიშვნები გააჩნიათ და უნდა ითქვას, რომ ექსპერტები ამ შენიშვნებს საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ვინაიდან, როგორც ექსპერტი საარჩევნო საკითხებში კახი კახიშვილი აცხადებს, „თუკი ჩვენ გვინდა რეალური შედეგის მიღება, რომ გარემო რეალურად შეიცვალოს, მაშინ აუცილებელი იქნება იმის შეცვლა, რაც ხელისუფლების პროექტშია წარმოდგენილი“.
საყურადღებოა ისიც, რომ ამ შენიშვნებს ის ოპოზიციაც იზიარებს, რომლებმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. მაგრამ რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება, ძნელი სათქმელია.