ამ ეტაპზე ევროკავშირის დღის წესრიგში აღმოსავლეთისკენ გაფართოვება არ შედის

ამ ეტაპზე ევროკავშირის დღის წესრიგში აღმოსავლეთისკენ გაფართოვება არ შედის


ბერლინი – პარასკევს, ვარშავაში მიმდინარე ორდღიანი სამიტი დასრულდა, რომლის დროსაც ევროკავშირის ლიდერებმა აღმოსავლეთისკენ ნებისმიერი გაფართოვება გამორიცხეს. მიუხედავად ამისა, მათ გამოსცეს დეკალარაცია, რომელშიც „აღიარებენ ევროპულ მისწრაფებასა და ევროპულ არჩევანს“ იმ ქვეყნებისა, რომლებიც ბლოკის 27 წევრი ქვეყნის პერიფერიაზე მდებარეობენ.

„აღმოსავლური პარტნიორობის“ სამიტი, რომელსაც პოლონეთი მასპინძლობდა, რომელიც თავის მხრივ ევროკავშირის მიმდინარე პრეზიდენტია და განსაკუთრებულადაა დაინტერესებული ყოფილ საბჭოთა სივრცეში დემოკრატიის გავრცელებით, დიდწილად ბელორუსსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების განხილვამ მოიცვა.

„აღმოსავლური პარტნიორობის“ პროგრამა 2009 წელს დაიწყო და მისი მიზანი უკრაინასთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავებაა, ასევე ამ ქვეყნების წახალისება ბლოკის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტანდარტებთან დაახლოებაზე.

ბელორუსის ავტოკარატი პრეზიდენტი სამიტზე არ დაპატიჟეს და პარასკევს ბელორუსმა განაცხადა, რომ ის სამიტს ბოიკოტს უცხადებს. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის ლიდერები ბელორუსის დისკრიმინაციაში დაადანაშაულა; რადგან ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის საქნციების გამო ლუკაშენკოს ბლოკის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს.

მოლაპარაკებების ბოლოს, რომელიც იმ რეგიონისადმი ინტერესის განახლების მიზნით გაიმართა, სადაც დემოკრატია დღემდე მყარად ფეხს ვერ იკიდებს, ევროკავშირმა ბელორუსთან დაკავშირებით ცალკე განცხადება გამოსცა და დაგმო ის ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული სიტუაციის „გაუარესების“ გამო. დეკლარაცია მოუწოდებს ასევე დემოკრატიული ოპოზიციონერების პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ, რომელთა დიდი ნაწილი შარშანდელი დარბევის შემდეგ დღემდე ციხეშია.

მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა უკრაინაც, რადგან ევროკავშირის ლიდერებმა დაგმეს მათი თქმით პოლიტიკური სასამართლო პროცესი ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერის იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ.

ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ტიმოშენკოს პატიმრობის და მის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესის გამო ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით ასოცირებულ შეთანხმებაზე ხელმოწერის პერსპექტივას საფრთხე შეექმნება.

დასავლეთის რამდენიმე მთავრობა ამტკიცებს, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და ასახავს კანონის უზენაესობის სისუსტეს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პირობებში.

პროკურორებმა შვიდი წლიანი პატიმრობა მოითხოვეს 50 წლის ოპოზიციონერი ლიდერისთვის, ადანაშაულებენ რა მას 2009 წელს რუსეთთან გაზთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმების დროს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. პარასკევს ქ-ნი ტიმოშენკოს პროცესი 11 ოქტომბრამდე გადაიდო.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ გამოხატეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება ტიმოშენკოს სასამართლო პროცესის მიმართ იმ უმაღლესი დონის შეხვედრებზე, რომლებსაც ბატონი იანუკოვიჩი ესწრებოდა.

„ეს ჩვენს ურთიერთობებში სერიოზული საკითხია, და ამ საქმეზე ჩვენს პოზიციას ძალიან მკაფიოდ გამოვხატავთ“, – განაცხადა პარასკევს ბ-ნმა ვან რომპეიმ. თუმცა, მან თქვა, რომ ბლოკი დღემდე იმედოვნებს ამ წლის ბოლომდე უკრაინასთან ასოცირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დასრულებას.
foreignpress.ge