საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მცირდება

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მცირდება


ფრეიზერის ინსტიტუტის ყოველწლიურ რეიტინგში ”ეკონომიკური თავისუფლება 2011”, რომელიც 141 ქვეყანას შეისწავლის, საქართველომ 23-ე პოზიციიდან 27-ზე გადაინაცვლა. მიუხედავად რამდენიმეპუნქტიანი უკანსვლისა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველო საგრძნობლად უსწრებს თავის მეზობელ სახელმწიფოებს და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მასზე უკეთესი რეიტინგი აქვს მხოლოდ ესტონეთსა და ლიტვას.

უკვე თითქმის 40 წელიწადია მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის სათავეშია ჰონგ-კონგი, შემდეგ მოდის სინგაპური და ახალი ზელანდია. ამ ქვეყანაში ახლა რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ახალი ზელანდიის წარმატების შესახებ წარმოდგენას შეგიქმნით ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის დავით კაკაბაძის ახალზელანდიური დღიურები. 

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კიდევ ერთი ტენდენცია: ბოლო ათწლეულებია ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციები თანდათან უარესდება და მან ახლა მეათე პოზიციაზე გადაინაცვლა. საერთოდ, მთელ მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების შემცირება შეინიშნება. ამ ტენდენციის მიუხედავად, საქართველომ საგრძნობ წარმატებას მიაღწია და შარშანდელ რეიტინგში, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, იაპონიას და გერმანიასაც კი გაუსწრო. 2011 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ ოთხიოდე პუნქტით უკან დაიხია და ტაივანისა და ბულგარეთის მეზობლად, 27-ე ადგილზე აღმოჩნდა.

მიმდინარე კვირაში ”ეკონონომიკური თავისუფლების ინდექსი - 2011”-ის ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი რობერტ ლოუსონი, თბილისში იმყოფებოდა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების - აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს - ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებთან ერთად ინდექსის პრეზენტაცია მოაწყო, სადაც თქვა: 

„როდესაც ვინმესთან ვსაუბრობ აშშ-ში, მაგალითად ყოველთვის მომყავს საქართველო და ვეკითხები, ცნობილია თუ არა მათთვის ამ ქვეყნის ამბავი, ქვეყნისა, რომლის ადგილმდებარეობაც კი არავინ იცის. მაგრამ საქართველო „ლურჯ“ გრაფაშია, საქართველო ამ წელს ყველაზე უფრო თავისუფალ ქვეყნებს შორის 27-ე ადგილზეა. ეს შთამბეჭდავი, მართლა ძალიან შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 20 წლის წინ ეს იყო საბჭოთა რესპუბლიკა, ეს იყო დედამიწაზე ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალი ჯგუფი. საქართველოზე უფრო მაღლა ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - ესტონეთი - იმყოფება, რომელსაც მე-11 ადგილი უკავია. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან კი ამ სიაში მეორე საქართველო იქნება.“

მიუხედავად იმ მაღალი შეფასებისა, რომელიც საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების კუთხით დაიმსახურა, არის პრობლემები, რომლებიც საქართველოს რეიტინგის გაუარესებას იწვევს. ძირითადად ეს არის სამართლებრივი სისტემის, საკუთრების უფლებისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემები. დოქტორ რობერტ ლოუსონის განცხადებით, აღნიშნული პრობლემები დამახასიათებელია სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც, თუმცა, მათგან განსხვავებით საქართველოს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები აქვს ეკონომიკაში სახელმწიფოს ნაკლები ჩარევის თვალსაზრისით. საქართველოს უპირატესობებს წარმოადგენს ასევე რეგულაციების სიმცირე და ბიზნესის დაწყების სიმარტივე. აქვე აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ინდექსი 2009 წლის მონაცემების მიხედვითაა შედგენილი. ეს ამგვარი ინდექსებისათვის დამახასიათებელი პრაქტიკაა, რადგან მონაცემების დიდი მოცულობის დამუშავება საკმაო დროს მოითხოვს.

თბილისში ”ეკონომიკური თავისუფლება 2011”-ის პრეზენტაციაზე შეკრებილი ქართველი და უცხოელი ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს განვითარების გასაღები ეკონომიკური თავისუფლების კიდევ უფრო გაღრმავებაშია. ასე ფიქრობს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი და ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო ქსელის წევრი გია ჯანდიერიც: 

”ეკონომიკური თავისუფლება ჩვენ გვაძლევს შანსს იმისათვის, რომ სწრაფად გავიზარდოთ, ანუ ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდეს, რომ ჩვენთან ინვესტიციების შემოტანა სახალისო იყოს და ეს შესაძლებელია ერთადერთი ფაქტორიც კი არის, თუ რატომ უნდა მოვიდნენ ჩვენთან ინვესტორები და არა ევროპაში. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მაღალი გადასახადები, მაღალი სახელმწიფო ხარჯები და მაღალი სახელმწიფო რეგულირებები, მაშინ ინვესტორი რატომ წამოვა საქართველოში და არა გერმანიაში, როდესაც საქართველოში არსებობს სერიოზული პრობლემები, ისეთი, როგორიც არის უსაფრთხოება, სტაბილურობა, ცუდი მეზობლობა".

რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, როგორც თავად სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათი ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლები საქართველოს რეიტინგს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. სომხეთი 43-ე ადგილზეა ბელგიისა და საფრანგეთის გვერდით, რაც ასევე კარგ მაჩვენებლად ითვლება, ხოლო აზერბაიჯანი 141 ქვეყანას შორის 84-ე ადგილზეა, რუსეთისა და ბარბადოსის სამეზობლოში.

იმის ნათელსაყოფად, თუ რა შედეგები მოაქვს ეკონომიკურ თავისუფლებას, ინდექსის ერთ-ერთმა ავტორმა, დოქტორმა რობერტ ლოუსონმა, თბილისში გამართულ კონფერენციაზე ნობელის პრემიის ლაურეატის მიერ გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოცემული წიგნი გაიხსენა. მაშინდელი პროგნოზის თანახმად, საუკუნის ბოლოს საბჭოთა კავშირი, გეგმიური ეკონომიკის წყალობით, ამერიკის შეერთებულ შტატებზე მდიდარი და მატერიალურად უზრუნველყოფილი ქვეყანა უნდა ყოფილიყო, მაგრამ საუკუნის მიწურულს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ კეთილდღეობის მიღწევისა და განვითარებისათვის საუკეთესო გარემო მხოლოდ ეკონომიკური თავისუფლებით იქმნება.