თბილისში დასუფთავების გადასახადი უფრო დიდია, ვიდრე პარიზსა და სინგაპურში

თბილისში დასუფთავების გადასახადი უფრო დიდია, ვიდრე პარიზსა და სინგაპურში



დედაქალქის საკრებულოში დასუფთავების ახალ ტარიფთან დაკავშირებით დაპირისპირებამ ახალ სიმაღლეს მიაღწია. დღემონაცვლეობით ხან ერთი ოპოზიციური პარტია წამოწევს ამ მეტად აქტუალურ თემას და ხანაც - მეორე. ამასობაში საინტერესო მონაცემებიც გამოჩნდა. თურმე დასუფთავების გადასახდი თბილისში უფრო მაღალია, ვიდრე ჰელსინკსა და პარიზში (ჩვენებურ და ევროპულ ხელფასების შედარებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია).

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ინგა გრიგოლიამ სხდომაზე წარადგინა დენისა და დასუფთავების ერთიანი ქვითრები იმის დასადასტურებლად, რომ თბილისელებს გადასახადი სამჯერ გაუძვირდათ. გრიგოლიასთან პოლემიკაში ჯერ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკო ხაჩირაშვილი, შემდეგ კი ფრაქციის სხვა წევრებიც ჩაერთნენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ამტკიცებდნენ, რომ დასუფთავების გადასახადი მხოლოდ მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს გაუძვირდა, რომელიც გადახდისუნარიანია.

გრიგოლიამ დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის ტარიფთან მიბმასთან დაკავშირებით, მათ მიერ საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ისაუბრა და დასძინა, რომ სასამართლო ნაცმოძრაობას ფეხქვეშ აქვს გაგდებული და მოუწოდა ხელისუფლებას ხელი აიღოს სასამართლოს პოლიტიზირებისგან.  

თბილისის საკრებულოს წევრმა ზაზა გაბუნიამ კი გადაწყვიტა ციფრების მეშვეობით ბოლო მოეღო უმრავლესობის დეპუტატებისთვის. მან საკრებულოს სხდომაზე დასუფთავების ტარიფთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სპეციალური სტატისტიკა წარადგინა, რომლითაც მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირ ქალაქში არსებული დასუფთავების ტარიფები, თბილისურ ტარიფს შეადარა.

დეპუტატის განცხადებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქში, ტოკიოში, სადაც საშუალო ხელფასი 2 500 ამერიკული დოლარია, დასუფთავების გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე 7 დოლარია.

სხვა უმსხვილეს ქალაქებში გადასახადი შემდეგნაირია: პარიზი: დასუფთავების ტარიფი - 7 დოლარი, საშუალო ხელფასი - 2 000 დოლარი; კოპენჰაგენი: დასუფთავების ტარიფი - 10 დოლარი, საშუალო ხელფასი - 2 500 დოლარი; ოსლო: დასუფთავების ტარიფი - 9 დოლარი, საშუალო ხელფასი - 2 500 დოლარი; ციურიხი: დასუფთავების ტარიფი - 12 დოლარი, საშუალო ხელფასი - 3000 დოლარი; ჰელსინკი: დასუფთავების ტარიფი - 4 დოლარი, საშუალო ხელფასი - 1 800 დოლარი; ფრანკფურტი: დასუფთავების ტარიფი - 8 დოლარი, საშუალო ხელფასი - 3 000 დოლარი; ჟენევა: დასუფთავების ტარიფი - 10 დოლარი, საშუალო ხელფასი - 3 000 დოლარი; სინგაპური: დასუფთავების ტარიფი - 6 დოლარი, საშუალო ხელფასი - 2 000 დოლარი;

“საქართველოში დასუფთავების ტარიფი ჩვენთან მოქალაქეების მიერ მოტანილი ქვითრების მიხედვით ერთსულიან ოჯახში 9 ლარს უდრის, რაც 5 დოლარზე მეტია. საშუალო ხელფასი კი “საქსტატის” მონაცემებით 610 ლარია (370 დოლარი). ეს აჩვენებს, რომ თბილისელი მოქალაქისათვის საკუთარი შემოსავლის გათვალისწინებით, დასუფთავების ტარიფი გაცილებით ძვირია პარიზის, კოპენჰაგენის, ჟენევის და სხვა ევროპული ქალაქის მოქალაქესთან შედარებით. ამ სტატისტიკის ფონზე კი ნათლად ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოციალურად არასამართლიანია”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე კი საკრებულოს სარევიზიო კომისიას დასუფთავების გაზრდილი გადასახადიდან შემოსული თანხების განკარგვაზე შემოწმების დაწყებისკენ მოუწოდებს. 

“ამ შენობაში საკრებულომ მიიღო უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმასთან დაკავშირებით, რის გამოც დასუფთავების უკვე გაძვირებული გადასახადი, ზამთრის პერიოდში 10-ჯერ მოიმატებს. ჩვენ გვაინტერესებს, სად მიდის ეს ფული და მივმართავთ სარევიზიო კომისიას, დაიწყოს დროულად მუშაობა და შეამოწმოს თანხები”, - აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე თქმით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვებს - მოხმარდება თუ არა გაზრდილი გადასახადიდან შემოსული თანხები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასების გაზრდას და ზოგადად დედაქალაქს. “ეს არის პირდაპირი ძარცვა ჩვენი თანამოქალაქეების. თბილისელები არ არიან მეწველი ძროხები და ეს კარგად უნდა ესმოდეს უგულავას”, - განაცხადა აბაშიძემ. მან კითხვით მიმართა მერს, აწუხებს თუ არა მის ოჯახს დასუფთავების გაზრდილი გადასახადი. 

ოპოზიციის შტურმი უპასუხოდ არც უმრავლესობას დაუტოვებია. დეპუტატ კოკი იონათამიშვილის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს მიზანი ქალაქის დასუფთავება და სერვისის გაუმჯობესება იყო. ამ ამოცანის შესასრულებლად კი ყველაზე ადეკვატურ ფორმად სწორედ დასუფთავების გადასახადის მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა მიიჩნიეს. ამასთან, უმრავლესობამ სოციალური თანასწორობის დაცვის პრინციპით იხელმძღვანელა, რადგან ვინც ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, მას შემოსავალიც ნაკლები აქვს და დასუფთავების გადასახადიც ნაკლები რაოდენობით უნდა გადაიხადოს.