[ნინო ცხოიძე]
ჩემს ბავშვობაში არაერთხელ მიტირია, მონადგაყიდული ქართველების ისტორიებს რომ ვუსმენდი, ან ფილმებში ვუყურებდი. მერე გამოხდა ხანი და სკოლაში საქართველოს წარსულს ფრაგმენტულად გავეცანი. სამაგიეროდ, სხვადასხვა ქვეყნის ისტორიები პირველყოფილი დროიდან შეგვასწავლეს. მოგვიანებით გავიგე, „ჩაგრული ხალხის დიადი მომავალი“ რომ გაბრწყინდა, თურმე, საქართველო ბევრ ქართველს დაუტოვებია, მაგრამ მათი იძულებითი ემიგრაცია მონობას არ უკავშირდებოდა. სახელგანთქმული ქართველების ცხოვრებასაც გავეცანი და გურამ შარაძის დახმარებით ისიც შევიტყვე, რამდენნაირი ემიგრაცია განხორციელდა საქართველოდან საუკუნეების განმავლობაში.
რელიგიური, სამეცნიერო, თუ პოლიტიკური მიგრაციის მაშტაბები ნამდვილად ვერ გაუტოლდება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოდან გადახვეწილთა რაოდენობას, რომელიც, ძირითადად, სოციალურმა მდგომარეობამ და სახელისუფლებო იერარქიაში მომხდარმა რადიკალურმა ცვლილებებმა, სახელმწიფო გადატრიალებმა, ან ე.წ. „რევოლუციებმა“ განაპირობეს. ამიტომ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზარდა პოლიტემიგრანტთა და ეკონომიკურ მიგრანტთა რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ქართველთა გენის გამრავლებაც საზღვაგარეთ უფრო შეიმჩნევა, ვიდრე სამშობლოში.
21-ე საუკუნის „გარიჟრაჟზე“, ჩემს სახლთან ახლოს მდებარე გერმანიის საკონსულოს კიბეებთან მუდმივი რიგები მაფიქრებინებდა, რომ ემიგრაციაში ხალხის გადინება მათი უკეთესი საცხოვრისის მოპოვებით იყო განპირობებული. მაგრამ ეს შეხედულება, გარკვეულწილად, შეცვალა გერმანიაში ჩემმა პირველმა ვიზიტმა.
2002 წელს საქართველოს საელჩოში სტუმრობისას შევიტყვე, რომ საკონსულოს საპასპორტო განყოფილებაში უამრავი არალეგალი იყო აღრიცხული. თუმცა, მათი ზუსტი ციფრი მაშინაც უცნობი იყო, რადგან არალეგალები საკონსულო სამსახურთან ურთიერთობას, გამონაკლისი აუცილებლობის გარდა, თავს არიდებდნენ. ხოლო იყო შემთხვევები, როცა ცხოვრებისეული გამოცდილების არმქონე ახალგაზრდები დამკვირდებას ვერც „აუპაიერის“ პროგრამით ახერხებდნენ და უმუშევრად დარჩენილმა 21 წლის გოგონამ თავი ხეზე ჩამოიკიდა.
ამ ფაქტმა იმდენად შემძრა, რომ გადავწყვიტე, სხვა ქვეყნებშიც შემესწავლა ემიგრანტთა მდგომარეობა და მათი თავგადასავლები. ასე გახდა ჩემთვის ცნობილი, რა გზით და რის ფასად ახერხებენ ქართველი ემიგრანტები საქართველოში დარჩენილი ოჯხების გამოკვებას.
რაც შეეხება გზას, ყველაზე სახიფათო მარშრუტი საქართველოდან თურქეთამდე ავტობუსით და თურქეთიდან საბერძნეთამდე (ბულგარეთის გავლით), ტყე-ღრეში ფეხით სიარულს უკავშირდება, რაც ხანგრძლივ, დამღლელ და უკიდურესად საშიშ გზას წარმოადგენს. საბერძნეთში შევიტყვე, რომ ხშირია ფეხით მიმავალ ემიგრანტთა დაღუპვის ფაქტები. ზოგი ტყეში მხეცმა შეჭამა, ზოგი უკანჩამორჩენილი, ორმოში ჩავარდილს ვერავინ რომ ვერ მიეშველა, გაიყინა.
ამ შემზარავი ისტორიების შესახებ საბერძნეთში მიმავალმა, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადალახვის შემდეგ პირველსავე კაფეში შევიტყვე. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე ქალბატონი ჩვენს უკან მომავალ საბარგო ავტობუსით „მგზავრობდა“. საზღვრის გადალახვისას ისინი ბარგში ჩასვეს. შემოწმება დასრულდა თუ არა, მძღოლმა სასწრაფოდ ავტობუსში შეგვყარა, ყავის დალევაც ვერ მოვასწარი. თურმე, კონტროლის გავლისას ქალები კინაღამ გაგუდულან. ერთი იმასაც იხსენებდა, ყუთში ჩაკუჭულმა ვიგრძენი, რომ შუქი მოგვანათეს და სპაზმისაგან კინაღამ ხველება ვერ შევიკავეო, გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონაო.
ამ გზით საბერძნეთამდე ჩასული ქალები იძულებით მონობას რის ფასად იტანენ, ათენის „გრაფიოებში“ ღამისთევისას ვნახე და ბევრი რამ შევიტყვე. მშობლიურ მხარეს, ოჯახს და ახლობლებს მოშორებული ქალები, ინტერნეტიზაციამდე, საფოსტო ჯიხურების სტუმრები იყვნენ, თუნდაც კვირაში ერთხელ. ასევე კვირაში ერთხელ ჰქონდათ ბანაობის და რეცხვის უფლებაც.
სამსახურის შოვნა არც მაშინ იყო იოლი, და მით უფრო, გართულებულია ეკონომიკური კრიზისი პირობებში. მითუმეტეს, რომ ადგილობრივი მუშა-ხელი მეტი უპირატესობით სარგებლობს ევროპის ყველა ქვეყანაში, ვიდრე არალეგალი ემიგრანტები და ანაზღაურებაც „შავად დასაქმებულისა“ ბევრად დაბალია.
რატომ ტოვებენ ისინი სამშობლოს და ოჯახს, როგორ პირობებში უწევთ შრომა და აპირებენ თუ არა უკან დაბრუნებას? ამ შეკითხვით მივმართავ-ხოლმე ახალგაცნობილ ემიგრანტებს. მათი პასუხები მეტ-ნაკლებად განსხვავებული, მაგრამ ხშირად ძალზე მსგავსიც მომისმენია.
ბ. ს-მ იტალია-მდე უჩვეულოდ ხანგრძლივი გზა განვლო. თუმცა. მისი, „ტურისტული მოგზაურობა“ მოსკოვიდან დაიწყო და თითქმის ნახევარი ევროპა გაიარა.
„ვიზები მოსკოვში გაგვიკეთეს. ჯგუფი საკმაოდ დიდი იყო. ავტობუსით 52 ადამიანთან ერთად ვიმგზავრე, რომელთაგან ზოგი საბერძნეთში მიდიოდა, ზოგი იტალიაში და სხვები კიდევ, - სხვადასხვა ქვეყანაში. მარშრუტი თბილისიდან იწყებოდა: მოსკოვი, პეტერბურგი, გერმანია, შვედეთი, იტალია, საბერძნეთი და შემდეგ, უკან იტალიაში დავბრუნდი. ჩვენ ხომ ტურისტები ვიყავით, ოღონდ გაღლეტილები!
გასაუბრებაზე რომ გავედით მოსკოვში, ყველანი გამოპრანჭულები ვიყავით. საბუთებიც წესრიგში გვქონდა. ყველაზე დიდი კურიოზი ის იყო, რომ ბანკის „კარტაზე“ მხოლოდ 10 ევრო მედო. ხელზე კი 1500 ევრო უნდა გვქონოდა. ეს ფული ხელიდან ხელში გადადიოდა. სხვები ჩემზე უფრო გაჭირვებულები იყვნენ. პროცენტიანი ვალი ავიღე სესხად და ისე წავედი. რა მენქა? ახალგაზრდა ქალი, პენსიამდე ბევრი წელი რომ მაკლდა, ორი შვილის დედა, უმუშევარი სანამ გავჩერებულიყავი? არც საჭმლის ფული მქონდა და არც წამლის... ავადმყოფი დედა ქვრივ დას დავუტოვე. შვილები კი უკვე დიდები არიან, მაგრამ 2005 წელს მათი დატოვება ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. ცოტათი ენა ვიცოდი და გამიმართლა, 20 დღეში დავსაქმდი, მაგრამ სულ ვტიროდი. ჩემი ოჯახი მენატრებოდა.
როგორც სხვები, მეც მოხუცს ვუვლი და ამ შრომის ფასად საქართველოში სამ ოჯახს ვინახავ. სხვებსაც მინდა დავეხმარო, მაგრამ ამანათების გაგზავნაც გააძვირეს და ისეთ ყურადღებას ვერ ვიჩენ, როგორიც მინდა“.
ბ.ს-ს ნაამბობი იტალიასა და საბერძნეთში სამუშაოდ წასული ემიგრანტების ცხოვრებას ძალიან ჰგავს. თუმცა, ზოგიერთისაგან განსხვავებით, მან 5 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა საბუთის, ანუ იტალიურად „პერმესო“-ს აღება, რომ საქართველოში ჩამოსვლის უფება ჰქონოდა. არიან ემიგრანტები, რომლებიც ამ საბუთისათვის გადასახდელ თანხას 3 წელში აგროვებენ. ისინი სხვებსაც ურჩევენ, ოჯახის და შვილების მოსანახულებლად, სხვა რამისთვის ფული მოიკლონ.
ხოლო საბერძნეთში ისეთებიც მეგულება, 8-10, ან 13 წელი რომ არ ყოფილან საქართველოში. მათ შვილების და შვილიშვილების ზრდის პროცეზე დაკვირვება ინტერნეტმა გაუადვილა. სამწუხაროდ, ასეთები ევროპის სხვა ქვეყნებშიც არიან, რამდენადაც ვიცი.
5 წლის უნახავ ოჯახთან პირველ შეხვედრას ჩემი ემიგრანტი რესპოდენტი უემოციოდ ახლაც ვერ იხსენებს. მაგრამ დიდი ხნით მათთან ყოფნა მაინც ვერ მოახერხა. იმ 2 თვეს კი, სანამ თვითონ ოჯახის წევრებთან დაკარგული წლების ანაზღაურებას ცდილობდა, „მის მოხუცს“ იტალიაში 70 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი უვილდა. საქართველოში კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში ჩადებული ფულიც დაკარგა და უბინაოდაც დარჩა. ამიტომაც ისევ იტალიაა მისი გადამრჩენელი.
„ახლაც ბევრი ემიგრანტი ჩამოდის იტალიაში. ქალაქი ბარი სავსეა ქართველი ქალებით, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან არიან. მაგრამ მე პატარა დაბაში ვარ, სადაც 2005 წელს მხოლოდ 6 ქალი ვიყავით, ახლა 70-ზე მეტი ვართ. უმეტესობა, რა თქმა უნდა, საქართველოში არსებული მდგომარეობით უკმაყოფოლოა და სამშობლოში დასაბრუნებლად ხელისუფლების შეცვლას ელოდება. თუმცა, ისეთებიც არიან, მიშას რომ აქებენ და მაინც არ ბრუნდებიან „აყვავებულ“ სამშობლოში. ამაზე ხშირად ვკამათობთ კიდეც, არ მესმის ამ ხალხის, ყველაფერი თუ მოგწონს საქართველოში, მაინც უცხოეთში სხვისი მოსამსახურეობა როგორ უნდა გინდოდეს?!