1917 წლის შემდეგ პირველად ფაბერჟეს განთქმული კვერცხების წარმოება განახლდა. ასე რომ, უახლოეს მომავალში ნებისმიერ ადამიანს შეეძლება განთქმული და ლეგენდარული საიუველირო ნაკეთობის, თანაც არა ყალბის, შეძენა. კვერცხის ფასი დაახლოებით 4 ათასი დოლარი იქნება.
ფაბერჟეს საიუველირო ფირმამ შედევრების წარმოება თითქმის 100 წლის წინ შეწყვიტა. მაგრამ წელს კვერცხების გამოშვების აღდგენა ფირმის ახალმა მფლობელმა, სამხრეთაფრიკელმა ბიზნესმენმა ბრაიან გილბერტსონმა გადაწყვიტა. იგი ამასთან ფონდ Pallinghurst-ის მესაკუთრე გახლავთ. მან 2007 წელს ფაბერჟეს განთქმულ ბრენდზე ყველა უფლება კომპანია Unilever-ისაგან 38 მილიონ დოლარად შეიძინა.
Faberge-ს საიუველირო სახლმა უკვე მოამზადა პირველი კოლექცია სახელწოდებით Les Fameux de Faberge, რომელიც იმ სააღდგომო კვერცხებს ეძღვნება, რომელიც კარლ ფაბერჟემ თავის დროზე რომანოვების ოჯახისათვის დაამზადა. კოლექცია კვერცხის ფორმის 12 საკიდისაგან შედგება და თითოეული წელიწადის თვეს გამოხატავს. ერთი საკიდის ფასი 100-დან 600 დოლარამდე იქნება, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფაბერჟეს სახლი გვპირდება, რომ მალე ბევრად ხელმისაწვდომ ნაკეთობებს გამოუშვებს.
განახლებული Faberge განთმულ ნაკეთობებს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნის. კვერცხებს დაამზადებენ მსუბუქი ტიტანისაგან, რომელსაც შემდეგ 66,4 კარატის ბრილიანტებით დაფარავენ.
გუსტავ ფაბერჟემ საიუველირო სახლი 1842 წელს რუსეთში შექმნა. იგი 1917 წლამდე მოღვაწეობდა. ფაბერჟეს მემკვიდრეებმა ბრენდი 1951 წელს ამერიკელ სამუელ რუბინს სულ რაღაც 25 ათას დოლარად მიყიდეს. რუბინი Faberge-ს დასახელებით ყიდდა ყველაფერს, რაც მოეპრიანებოდა: პარფიუმერიით დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული.
28 წლის შემდეგ ბრენდის გამოყენების უფლება კომპანია Unilever-მა 1,5 მილიარდ დოლარად შეიძინა და ბოლო პერიოდამდე Faberge-ს დასახელებით მამაკაცის პარფიუმერიას აწარმოებდა. ალბათ ასე გაგრძელდებოდა, 4 წლის წინ გილბერტსონს Faberge-ს შეძენა რომ არ გადაეწყვიტა.
მაგრამ სამხრეთაფრიკელმა ბიზნესმენმა თავისი ჩანაფიქრის განხორციელება მაშინვე ვერ შეძლო. ამაში მას ხელი რუსმა ოლიგარქმა, “რენოვას” მფლობელმა ვიქტორ ვეკსელბერგმა შეუშალა, რომელმაც სასამართლოს მიმართა და განთქმულ ბრენდზე თავისი პრეტენზიები წამოაყენა.
როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე წლის წინ გილბერტსონი და ვეკსელბერგი ფაბერჟეს ერთობლივად შეძენაზე შეთანხმდნენ. რუსი ბიზნესმენი განთქმული კვერცხების დიდი თაყვანისმცემელია, მის კოლექციაში 15 ასეთი ნაკეთობაა, რომლებშიც 100 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი. მაგრამ საბოლოოდ ორმა ბიზნესმენმა გარიგების დეტალები ვერ შეათანხმა.
როგორც აღმოჩნდა, ვეკსელბერგს გილბერტსონის ფონდ Pallinghurst-ში გვარიანი კაპიტალი ჰქონდა ჩადებული. 2006 წელს ორმა ბიზნესმენმა Unilever-ისაგან ფაბერჟეს შესაძენად სპეციალურად შექმნა კომპანია Faberge Ltd. მაგრამ მოულოდნელად რუსმა მოითხოვა ფაბერჟეს ბრენდზე ყველა უფლება პანამაში რეგისტრირებულ მის კომპანია Lamesa-ს გადასცემოდა. თავისთავად ცხადია, გილბერტსონი ამაზე არ დათანხმდა და ფაბერჟე მარტომ შეიძინა.
ჰოდა, 2008 წელს ვეკსელბერგმა კაიმანის კუნძულების, სადაც მისი “რენოვაა” რეგისტრირებული, სასამართლოს მიმართა და გილბერტსონი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. გაჭიანურებული წინასპარი განხილვების შემდეგ, საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის ბოლომდე დაინიშნა.
თუმცა, იქამდე, როგორც აღვნიშნეთ, ფაბერჟემ წარმოება განაახლა. ცხადია, ეს ძალიან სწორი მაკრეტინგული სვლაა, რომელიც უდავოდ დიდ შემოსავალს მოიტანს.
3256
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85