[რუსეთის კვლევების საქართველოს ინსიტუტი]
ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი და პოლიტოლოგი სამუელ ფილიპს ჰანტინგტონი თავის გახმაურებულ ისტორიულ-ფილოსოფიურ ტრაქტატში „ცივილიზაციათა ჯახი“ (The Clash of Civilizations and the Remaking of World Order 1996) მსოფლიოს ცივილიზაციური მოწყობის პარადიგმა შემოაქვს. მისი მიხედვით იდეოლოგიურ-ბლოკური დაპირისპირების დასრულებასთან დაკავშირებით წინ წამოიწევს ხალხებს შორის ცივილიზაციური განხვავებულობის პრობლემა და მომავლის კონფლიქტები სწორედ ცივილიზაციათა რღვევის ხაზებში მიიღებს განსაკუთრებით მწვავე ხასიათს.
ცივილიზაცია: არის რაიმე საერთო განმსაზღვრელი მახასიათებლების (კულტურა, ენა, რელიგია და ა.შ) მქონე ქვეყნების დიდი კონგლომერატი. როგორც წესი, უმთავრესი განმსაზღვრელი ნიშნად ყველაზე ხშირად რელიგია გვევლინება.
ცივილიზაციები, ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივ არსებობენ დიდი დროის განმავლობაში – როგორც წესი ათასწლეულზე მეტი.
ჰანტინგტონი გამოყოფს შემდეგ ცივილიზაციებს:
1. დასავლური ცივილიზაცია
2. ისლამური ცივილიზაცია
3. ინდური ცივილიზაცია
5. იაპონური ცივილიზაცია
6. ლათინოამერიკული ცივილიზაცია
7. მართლმადიდებლური ცივილიზაცია
8. ბუდისტური ცივილიზაცია
9. აფრიკული ცივილიზაცია
არსებობს ცივილიზაციებად დაყოფის სხვა ვარიანტებიც, თუმცა თითქმის ყველა მათგანში საქართველო და რუსეთი ერთ ცივილიზაციად მოიაზრება. მიუხედავად ამისა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან წინააღმდეგობები მათ შორის განუწყვეტლივ იზრდება და სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს.
შექმნილი მდგომარეობის ანალიზისთვის მოკლე ისტორიული ექსკურსი:
საქართველო რუსეთის ურთიერთობები ფეოდალურ ხანაში იწყება. XII საუკუნეში ფიქსირდება პირველი დინასტიური ქორწინება. თუმცა მაშინ ურთიერთობები ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.
XVI საუკუნიდან მოსკოვიის სახელმწიფოს გაძლიერებასთან დაკავშირებით ორმხრივი ურთიერთობების ინტენსივობა მატულობს. ამას გარკვეულწილად ხელს უწყობდა დაახლოებით ამავე პერიოდში ჩამოყალიბებული ორი დიდი მუსულმანური იმპერიის სეფიანთა (იგივე ყიზილბაშური) ირანისა და ოტომანის იმპერიის (“ბრწყინვალე პორტა”) აგრესიული პოლიტიკა მეზობელი ქრისტიანული საქართველოს მიმართ. 1555 წელს დადებული ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო გაიყვეს. ქართული ელიტა, რომლისთვისაც ამასიის ზავის პირობები მიუღებელი იყო, ცდილობს ახალი მოთამაშის შემოყვანას რეგიონულ პოლიტიკაში.
XVII საუკუნის ბოლოდან მოსკოვში ჩნდება პირველი ქართული კოლონია, რომელიც ძირითადად ფეოდალური კლასის, მათ შორის უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენლებისგან შედგება. საერთო სარწმუნეობა და კეთილშობილი წარმომავლობა გზას უხსნის მათ საიმპერატორო სამსახურისკენ. XIX საუკუნის დასაწყისისთვის ეს ადამიანები მტკიცედ არიან ინტეგრირებული რუსულ ელიტაში. ამ ინტეგრაციის ხარისხზე ნათლად მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ, 1812 წლის სამამულო ომში ქართველი მარტო გენერალი 12 იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან ყველაზე სახელგანთქმული პეტრე ბაგრატიონი იყო.
1801 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და მისი ტერიტორია იმპერიას მიუერთა; 1810 წელს - მეფე სოლომონის დამარცხების შემდეგ იმერეთიც შემოიერთა. 1803-1878 წლებს შორის რუსეთ-თურქეთის ომების შემდეგად რუსეთის იმპერიამ საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიც მიიერთა.
რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ქართველების ინტეგრირებას იმპერიაში. რუსულ და ქართულ საზოგადოებას ბევრი საერთო ჰქონდა: მართმადიდებლობა, როგორც ძირითადი რელიგია, ბატონ-ყმობა და მემამულეთა ფენა. მიუხედავად ამისა, რუსული მმართველობის პირველი ათწლეულები საქართველოში მთელი რიგი ანტირუსული აჯანყებებით აღინიშნა. რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ 1832 წლის შეთქმულება იყო, რომელიც საქართველოს უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელი ახალგაზრდობის მიერ იყო ორგანიზებული.
მდგომარეობა შეიცვალა კავკასიის მეფისნაცვლად მიხეილ ვორონცოვის დანიშვნის შემდეგ (1844-54). მან მოახერხა ქართული არისტოკრატიის მომხრობა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც, სხვათაშორის, ჯერ კიდევ საბჭოთა ისტორიოგრაფიამ შენიშნა, ვორონცოვის მიერ საქართველოში ევროპული კულტურისთვის გზის გახსნა გახდა. ვიკიპედია
არამართმადიდებლი ხაალხებისგან განსხვავებით, ქართული თავად-აზნაურობა, რომელის რიცხოვნობა მოსახლეობის 10%-ს აღწევდა, უფლებებში გათანაბრებულ იქნა რუსულ არისტოკრატიასთან. ეს ბატონ-ყმობის გაუქმების შედეგად გაღარიბებული ქართული ფეოდალური კლასისთვის ერთგვარი შეღავათი იყო – მათ მიეცათ საშუალება სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარიყვნენ, რითაც, ფაქტიურად, გაღატაკების საფრთხე აიცილეს.
ბუნებრივია, ადმინისტრაციულ და სამხედრო თანამდებობზე ფართო წარმომადგენლობამ გაზარდა იმპერიაში ინტეგრირების ხარისხი. არსებულ მდგომარეობაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის უბრალო სტატისტიკა: პირველი მსოფლიო ომის დასასრულს საქართველოს 40 ათასი ოფიცერი და გენერალი ყავდა.
ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი ქართველები რუსულ რევოლუციაშიც, განსაკუთრებით კი სოცილ-დემოკრატიაში, რომლის ერთ-ერთმა ფრთამ ბოლშევიკებმა საბოლოოდ აიღო ხელისუფლება რევოლუციის შემდეგ. საბჭოთა კავშირის სათავეში ეთნიკური ქართველის ი.ბ.სტალინის მოსვლამ თავისი როლი შეასრულა ქართველების იმპერიაში ინტეგრირების მაღალი ხარისხის შენარჩუნებაში.
ამდენად გასაკვირი არაა თუ რუსებს ისტორიულად საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ემოციური განწყობა ჩამოუყალიბდათ. რუსისათვის ქართველი კულტურულად გაცილებით უფრო ახლობელად აღიქმება, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე არასლავური ეთნოსი, თუმცა რუსული მხარე ვერ ხედავს ან არ სურს დაინახოს ქართველთა იმპერიაში ინტეგრირების კრახის ჩვენს მიერ არგუმენატდ მოყვანილი მიზეზები.
პერესტროიკა, რომელიც ახალ აზროვნებას, ანუ საბჭოთა კავშირის ხალხებში ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების დანერგვა-კულტივაციას გულისხმობდა კრახით და საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა. პუტინის შეფასებით სსრკ-ის დაშლა თანამედროვეობის ყველაზე დიდი კატასტოფა იყო. ახალმა რუსეთმა უარი თქვა დასავლურ ფასეულობებზე და საკმაოდ ბუნდოვანი განვითარების საკუთარი გზა აირჩია. მაშინ როდესაც საქართველო თავის მომავალს განვითარების სწორედ ლიბერალურ-დემოკრატიულ გზაში ხედავს.
აღსანიშნავია, რომ დასავლური ფასულობების პრიორიტეტი ქართული საზოგადოებისთვის ახალი ხილი არ არის. თუ გადავხედავთ რუსეთის იმპერიის პერიოდში საქართველოში გავრცელებულ კულტურულ და პოლიტიკურ მიმდინარეობებს, დავინახავთ, რომ ყველა მათგანი მკაფიოდ გამოხატულ იმ პერიოდისთვის თანამედროვე ევროპულ ხასიათს ატარებს. ვგულისხმობთ რომანტიზმს, “თერგდალეულების”, მეორე და მესამე დასების მოღვაწეობას. საბჭოთა პერიოდში რაიმე განსხვავებულ პოლიტიკურ მიმდინარეობაზე საუბარი არ გვიწევს. კულტურული თვალსაზრისით, თუ გადავხედავთ ქართულ ხელოვნებას, იგი მკეთრად განსხვავდება თანადროული რუსული ან სხვა რომელიმე საბჭოთა ხალხისისგან, და ერთგვარ, შეიძლება ითქვას დისიდენტურ ხასიათს ატარებს. ფართო საზოგადოებისთვის ეს ყველაზე კარგად ქართული კინოდან არის ცნობილი.
რუსეთი საქართველოს ყოველთვის განიხილავდა, როგორც საკუთარი, განსაკუთრებული ცივილიზაციის ნაწილს, რომელსაც ჰანტინგტონმა მართმადიდებლური უწოდა. დამოუკიდებლობის პერიოდმა გამოააშკარავა, რომ საქართველოსთვის დასავლური ცივილიზაციის ფასეულობები უფრო მიმზიდველია, და რაც, მთავარია, უფრო ახლობელია ვიდრე ე.წ. მართლმადიდებლურისა.
სწორედ ეს გარემოება გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს გამოსვლა რუსეთის გავლენის ორბიტიდან გაცილებით უფრო მტკივნეულად აღიქმება რუსულ აზროვნებაში, ვიდრე თუნდაც აზერბაიჯანის სწრაფვა დასავლეთისაკენ.
[ვიდეო სიუჟეტში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს დიმიტრ შველიძისა და რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის ანალიტიკოსის ირაკლი ტორონჯაძის კომენტარები. სიუჟეტში გამოყენებულია მასალები ქართულიკინოფილმებიდან, რომლებიც კიდევ უფრო გასაგებსა და ყურებადს ხდის წინამდებარე პროდუქტს]
განმარტება:
„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“