[ნინო მიქიაშვილი]
თბილისში, თავისუფლების მოედანთან ახლოს, ტაბიძის ქუჩაზე სოლოლაკელების, ვერელებისა და მთაწმინდელების ზეიმს მედია–კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი შემთხვევით შეესწრო და ასეთი რამ გვიამბო:
ირმა ინაშვილი: რამდენიმე წუთის წინ ტაბიძის ქუჩიდან დავბრუნდი, სადაც სოლოლაკელობის, ვერელობის და მთაწმინდელობის აღმნიშვნელი ზეიმი მიმდინარეობდა.
ამ ზეიმზე გლდანელებს, ან ვარკეთილელებს არ მიიღებდნენ?
– იქვე ახლოს, კაფეში, სადაც ჩვენ ვისხედით, ერთმა ახალგაზრდა გოგონამ თქვა, რომ ეს გლდანელებისთვის და ვარკეთილელებისთვის არ არისო, მაგრამ „ნაციონალები“ გლდანშიც მოვლენო. ზეიმზე დაახლოებით 200 კაცი იყო შეკრებილი. მათ შორის იყვნენ: ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელისუფლებასთან დაახლოებული, აწ უკვე, როგორც ამბობენ, გაპარსული ბიზნესმენები, მაგალითად, გეგენავას სახით, რომელიც თუ გაპარსულია, ჩემთვის გაუგებარია, რატომ ზეიმობდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოლოლაკელობას.
ტრაფარეტები ჰქონდათ?
– ტრაფარეტები არ იყო. ამაღლებულ ადგილას სცენა ჰქონდათ მოწყობილი და სხვადასხვა სიმღერებს მღეროდნენ.
ვინ მღეროდა?
- ბევრი ცნობილი მომღერალი... ასევე, გამოყენებული იყო სიმღერების ჩანაწერები. სხვათა შორის, იქ იყო ზურაბ არსოშვილიც, მოხსნილი „გუბერნატორი“. იყვნენ საკრებულოს დეპუტატები, მათთან დაახლოებული ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები – აქტივი მომავალი არჩევნებისთვის, რომლებიც იქ იდგნენ და ამ ღონისძიებაში აღტაცებულები მონაწილეობდნენ.
როგორი ტიპის ღონისძიება იყო, როგორ აღნიშნავდნენ ვერელობას?
– ერთმანეთთან საუბრობდნენ... სავარაუდოდ იმაზე, როგორ გაამყარონ და დაიცვან უგულავას და სააკაშვილის პოზიციები. თან, კონცერტი მიმდინარეობდა და თან, გეგენავას ღვინოს მიირთმევდნენ. ამ ღონისძიების დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში, როგორც ხდება ხოლმე, უცბად გაიპო ხალხის ნაკადი და ჩვენ ვიხილეთ ბატონი გიგი უგულავა, კამერების თანხლებით. საქართველოში, ამერიკის საელჩოს წინ ჟურნალისტმა თავი რომ დაიწვას, ერთი კამერა მივა, ან ორი და ისიც იქნება „მაესტრო“ და „ობიექტივი“ და დღეს კი, უგულავას გარშემო თავმოყრილი იყო საქართველოში არსებული ტელევიზიის ყველა ვიდეოკამერა და ყველა დიქტოფონი...
შემოდგა თუ არა უგულავამ ფეხი ტაბიძის ქუჩაზე, ჰოი საოცრებავ – მაშინვე დაიწყო სიმღერა „25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო“. ასე შეხვდნენ ქალაქის მერს და გაცილებისას „სხვა სამშობლო რად მინდა“ შემოსძახეს, რომელიც ბავშვობაში ყველას გვიმღერია.
გაცილება ტაშით და ოვაციებით მოუწყვეს, თუ როგორ იყო?
– რა თქმა უნდა, ტაშისკვრა ამგვარი ღონისძიებების ერთ–ერთი შემადგენელი ელემენტია. დღეს ტაბიძეზე გამპარსველები და გაპარსულები, ანუ ხელისუფლება და ბიზნესმენები ერთად ზეიმობდნენ. სხვადასხვა მითქმა–მოთქმაა, რომ გეგენავა ხელისუფლების წიაღს გამოეყო, არის დაპირისპირება და რაღაც პროცესი მიდისო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - გეგენავა კვალვ ხელისუფლების წარმომდგენლებთან ერთად ზეიმობდა.
თავისთავად ძალიან კარგია, რომ ადამიანებმა აღნიშნონ თბილისობაც, ვერელობაც, სოლოლაკელობაც და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი საბჭოთა პათოსითაა გაჟღენთლი და ყველა მოძრაობაში გახსენდება ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი, რომელსაც ზუსტად ისეთვე მანერებით ხვდებოდა აღტაცებული საზოგადოება, როგორც დღეს უგულავას დახვდნენ, ეს არის მიუღებელი. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა გარშემო მოსახლეობა გაღატაკებულია, ბავშვებს ცალ–ცალი ფეხსაცმელი აცვიათ და სკოლაში ვერ დადიან, როცა მშობლები სასკოლო წიგნებს ვერ ყიდულობენ იმის გამო, რომ ეს 100 დოლარი ჯდება, თორემ სიმღერები და კონცერტი როგორ შეიძლება იყოს მიუღებელი?!