ნარევოლუციებ საქართველოში, გამგებლად ქალი, პირველად ჩოხატაურში დანიშნეს

ნარევოლუციებ საქართველოში, გამგებლად ქალი, პირველად ჩოხატაურში დანიშნეს

[ნატო გოგელია]

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 30 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ლელა იმედაშვილი ჩოხატაურის გამგებლად აირჩია.

12 საათზე დასაწყები სხდომა, პირველი საათისთვის დაიწყეს. როგორც გვითხრეს კანდიდატს ელოდებოდნენ. იმედაშვილის მოსვლამდე კი, საკრებულოს წევრები, თითქმის ნახევარი საათი, დასჯილი მოსწავლეებივით ისხდნენ მაგიდებთან. დარბაზში მეტად უჩვეულო სიწყნარე იყო, რაც ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას ამყარებდა, რომლის თანახმადაც იმედაშვილი, ჩოხატაურის მოქმედი ხელისუფლებისთვის არცთუ სასურველი კანდიდატი იყო.

როგორც გავიგეთ, იმედაშვილის კანდიდატურას მხარი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმაც დაუჭირა. თუმცა, ოფიციოზმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა:

„ლელა იმედაშვილი არავის კადრი არ არის. მე არ ვიცი, რომ ვინმეს კადრი იყოს. ლელა იმედაშვილი არის პროფესიონალი ქალბატონი, ძალიან წარმატებული ჩინოვნიკი და საჯარო მოხელე“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, გურიის გუბერნატორის მოადგილემ, ლელა თავართქილაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ იმედაშვილს საჯარო მოხელის რამდენიმე წლიანი საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს, ჩოხატაურელ ჩინოვნიკებს მისი დანიშვნა არ ესიამოვნათ. გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, პირად საუბრებში ამბობენ, რომ ახალ გამგებელს დიდი ზურგი აქვს და მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნით, ჩოხატაურში პრაქტიკულად ერთმმართველობა დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ლელა იმედაშვილის ძმა, ალექსანდრე იმედაშვილი, დასავლეთ საქართველოს მთავარი პროკურორია.

ჩოხატაურში ფიქრობენ, რომ ბოლო დროს მეტისმეტად გაშლილ ფრთებს,  საკრებულოს თავმჯდომარეს, ანტონ ხუნდაძესაც შეუკვეცავენ და არ გამორიცხავენ, რომ ხუნდაძემ თანამდებობიდან გაუშვან. უკვე სახელდება მისი შემცვლელი. დაბა ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჯინჭარაძე, რომელიც ახალი გამგებლის, ლელა იმედაშვილის ახლო მეგობარია.

ანტონ ხუნდაძე ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტის ადგილი არ ექნება და იმედს გამოთქვამს იმედაშვილთან ერთად, ერთი გუნდის პრინციპით ჩოხატაურისთვის სასიკეთო საქმეებს კეთების.

„ერთი კვირის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გია გიორგაძემ გადადგომის შესახებ საკუთარი ინიციატივით დაწერა განცხადება.  ჩვენ ამ თანამდებობისთვის  შევარჩიეთ ქალბატონი ლელა იმედაშვილი, რომელიც ძალიან განათლებული და გამოცდილი კადრია. ჩავთვალეთ, რომ ის იქნება ჩოხატაურისთვის წარმატებული გამგებელი. რაც შეეხება იმას, რომ იგი ქალბატონია - საქართველოში ეს არის პირველი პრეცედენტი (რევოლუციის შემდეგ. ავტ), როდესაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ქალბატონია. რატომაც არა, ქალბატონმა შეიძლება წარმატებით იმუშაოს. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, ეს ნამდვილად არ მოხდება. პირიქით. საკრებულო და გამგეობა, ერთად გადავლახავთ იმ პრობლემებს რაც დღეს ჩოხატაურის სინამდვილეშია და იქნება ხვალ“, - თქვა ხუნდაძემ.

ლელა იმედაშვილი, რევოლუციის შემდეგ, ჩოხატაურისთვის რიგით მეცხრე გამგებელია. პროფესიით ფილოსოფოსს, წინ დიდი გამოცდა ელის. როგორც წესი, ჩოხატაურში გამგებელს მხოლოდ ერთ წელს აჩერებენ და არცერთ ყოფილს, მიუხედავად დაწერილი განცხადებებისა, თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია.  

- ქალი გამგებელი? - რატომაც არა, თუკი ამ ქალს საქმის კეთება სხვაზე ნაკლებად არ შეუძლია, - აღნიშნა ლელა იმედაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.

სამთავრობო წრეებში ამბობენ, რომ ეს თანამდებობა ლელა იმედაშვილისთვის პოლიტიკური კარიერის დასაწყისი იქნება და არ გამორიცხავენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატად წარადგინოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩოხატაურის ახალ გამგებელს საარჩევნო გამოცდილება უკვე აქვს. სააკაშვილის ვადამდელი არჩევნების დროს, ის ოზურგეთში, ამ უკანასკნელის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, ხოლო საპარლამენტო არჩევნებზე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა შანიძის საარჩევნო შტაბს გაუწია ხელმძღვანელობა.

ახალ არჩეულმა გამგებელმა, პრესაგე.ტვ-ისთან საუბრისას აღნიშნა, რომ გეგმები ბევრი აქვს და თქვა, რომ სამუშაოს საკადრო ცვლილებებით დაიწყებს, რომლის აუცილებლობის შესახებ, ჩოხატაურში, მედია დიდი ხანია საუბრობს.