[მანანა ნოზაძე]
პოზიციისა და ოპოზიციის გადამკიდე, ქართული საზოგადოების ნაწილს გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონის დაბადებამ მონარქიული ზრახვები გაუცხოველა. ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოს მეფე თუ უშველის. ისტორიკოსი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, რომ თუ ახლადშობილი გიორგის მშობლებს პრეტენზია აქვთ, მათი ვაჟი სამეფო ტახტზე იხილონ, აუცილებლად უნდა ჩამოიყვანონ საქართველოში და აქ უნდა გაზარდონ.
ბაგრატიონებს მემკვიდრე შეეძინათ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს სამეფო გვარის გაგრძელებისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის?
- ბაგრატიონთა მემკვიდრის შეძენა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ბაგრატიონებს ძალიან დიდი დამსახურება აქვთ საქართველოს, ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე. ამასთან, ეს დინასტია ყველაზე ხანგრძლივი სამეფო დინასტიაა მთელს ევროპაში. მე-6 საუკუნის 50-იანი წლებიდან უკვე ბაგრატიონები არიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის სათავეში. მთელი ძნელბედობა და ქარტეხილები, რაც გაიარა საქართველომ, ბაგრატიონთა მეთაურობითა და თაოსნობით გადავიტანეთ 1810 წლამდე, სანამ საბოლოოდ არ გაუქმდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ახლადშობილი გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონი გახლავთ კანონიერი მემკვიდრე ბაგრატიონთა ტახტის. მართალია, ტახტი ახლა აღარ არის, მაგრამ ჩვილი გიორგი არის ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა, ანუ ერეკლე მეორისა და გიორგი მე-12-ის (ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის) უშუალო შთამომავლის ნუგზარ ბაგრატიონის ქალიშვილის ანა ბაგრატიონის შვილი და, მეორე მხრივ, ესპანეთში მცხოვრები ხორხე ბაგრატიონის ვაჟის, ბაგრატიონ მუხრან-ბატონთა შტოს შთამომავალი. სხვათაშორის, გარკვეულ პერიოდში ბაგრატიონ მუხრანელებიც იყვნენ საქართველოს სამეფო ტახტზე. მოგვიანებით, ერეკლე მეფის დროს, ქართლისა და კახეთის სამეფოები გაერთიანდა და ერეკლეს მამა, თეიმურაზი სწორედ დინასტიური ქორწინებით დანათესავდა ბაგრატიონ მუხრან-ბატონებთან. ასე რომ, ახლადშობილი გიორგი ტახტის ყველაზე უფრო ლეგიტიმური კანდიდატია.
არავისთვის დასამალი არაა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც მონარქიის მოლოდინი აქვთ. ამდენად, ახალშობილი შეიძლება, განვიხილოთ მომავალ ტახტის მემკვიდრედ, თუკი ამას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გადაწყვეტს?
- რასაკვირველია, საქართველოში არიან მონარქიის მიმდევრები და მეტიც, მონარქისტული პარტიაც გვყავს. იცით, რაშია საქმე? ბაგრატიონთა მემკვიდრე ახლა დაიბადა, ჯერ უნდა გაიზარდოს და 16 წლის მაინც უნდა გახდეს, რომ სრულწლოვანებას მიაღწიოს.
თუმცა ისტორიულად, არასრულწლოვან ტახტის მემკვიდრეს საქართველოში რეგენტს უნიშნავდნენ.
- დიახ, რეგენტს უნიშნავდნენ, როცა ტახტის მემკვიდრე მცირეწლოვანი იყო. სხვათაშორის, ამისთვის საქართველოში თამარის დროიდან სპეციალურად შემოიღეს ათაბაგის ინსტიტუტი. ათაბაგი უფლისწულის აღმზრდელი გახლდათ. დღეს ამაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, ნაადრევია. პატრიარქმაც ბრძანა ადრე, რომ ქართული ეკლესიის წიაღში უნდა გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს მომავალი ტახტის მემკვიდრე, ქართული სულისკვეთებით, ქართული თვითშეგნებით. რა ტიპის იქნება ჩვენი მონარქია და, როგორ და რანაირად აღდგება, პირადად მე მივესალმები კონსტიტუციურ მონარქიას.
რა მოსაზრებით ხართ მომხრე, რომ საქართველოში კონსტიტუციური მონარქია აღდგეს?
- იმ მოსაზრებით, რომ ბაგრატიონები ისტორიულად ყოველთვის ქართველი ერის გამაერთიანებლები იყვნენ და ჩვენს ისტორიაში ძალიან დიდი დამსახურება აქვთ როგორც პოლიტიკურ სარბიელზე, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც. რაც მთავარია, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის, საქართველოს სამეფოსა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება უსამართლობა გახლდათ.
ხშირად გვსმენია, რაღა დროს მეფობააო. 21-ე საუკუნეში ეს იდეა არ გაბრკოლებთ?
- 21-ე საუკუნეში არის კონსტიტუციური მონარქია ინგლისში, ესპანეთში, დანიასა და სხვა ქვეყნებში. დღესდღობით ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა შესაძლოა, გარკვეული ქმედითი ნაბიჯები უკვე გადაიდგას, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა სდევს თან კონსტიტუციურ მონარქიას, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, რადგან სამეფო ოჯახის შენახვა ძალიან დიდ ხარჯებს უკავშირდება.
კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია (ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სურვილი) იმანაც ხომ არ განაპირობა, რომ მათ თვალში არ გაამართლა არც ხელისიფლებამ, არც ოპოზიციამ და ისევ მონარქიას ამჯობინებენ?
- შესაძლოა, ჩემშიც ქვეცნობიერად ესეც მოქმედებს.
ამ ეტაპზე ბაგრატიონების მემკვიდრე ესპანეთში იზრდება, მაშინ, როცა პატრიარქის სურვილი გახლდათ, რომ იგი საქართველოში გაზრდილიყო. ხომ არ იქნება ეს ხელისშემშლელი გარემოება? ქართული სული რამდენად ექნება უცხოეთში აღზრდილ ბავშვს?
- მართალია, გიორგი უცხოეთში დაიბადა, მაგრამ რამდენ ხანს დარჩებიან იქ, ამას ვერ მოგახსენებთ. თუ მის მშობლებს აქვთ პრეტენზია და უნდა ჰქონდეთ კიდეც, რომ მოგვიანებით იგი უნდა გახდეს კონსტიტუციური მონარქიის ფუძემდებელი და ქართული სამეფო ტახტის აღმდგენი, შესაბამისად, აუცილებლად უნდა ჩამოიყვანონ საქართველოში და აქ უნდა გაიზარდონ.
ეკლესიის წიაღში უნდა გაიზარდოს თუ ცალკე?
- დღესდღეობით ჩვენ გვყავს კათალიკოს-პატრიარქი და მასზე უკეთეს მეურვეობას, მე მგონი, ვერავინ ვერ გასწევს. რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს ოჯახში და უნდა ჰყავდეს მასწავლებლები. საერთოდ, სხვა ბატონიშვილებისგან განსხვავებით, უფლისწულები განსაკუთრებულ პირობებში იზრდებოდნენ. ისინი მეფობასა და ქვეყნის მართვას ბავშვობიდან სწავლობდნენ.
რა ასაკიდან უნდა დაეუფლოს სამეფო განათლებას?
- ცხადია, ორი და სამი წლიდან ვერ დაიწყებს, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდება. საქართველოში არსებობდა ასეთი ტრადიცია, ამას ერქვა თანამოსაყდრედ კურთხევა, ანუ მამა და შვილი გარკვეულ პერიოდში ერთად მართავდნენ ქვეყანას. ჩვენ გვახსოვს, რომ თამარ მეფე საკუთარი მამის, მეფე გიორგის, თანამოსაყდრედ ითვლებოდა. ფაქტობრივად, მე-11 საუკუნიდან ეს დაკანონებული წესი იყო საქართველოში, მას შემდეგ რაც შეიქმნა ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქია. თანამოსაყდრეობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ქვეყნის მართვის მართვა. „საყდარი“ ძველ ქართულად ნიშნავს სახლს. მამა-მეფე და შვილი-მეფე ტახტზე ერთად ისხდნენ და შვილი სწავლობდა მამისგან ყოველგვარ წესს, მათ შორის, გარკვეული ცერემონია თუ რიტუალი როგორ ჩაეტარებინა, როგორ მიეღო სტუმარი და სხვა. პრაქტიკულად, მამასთან ერთად შვილი მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში.
კონკრეტულად რა უნდა ისწავლებოდეს უფლისწულისთვის ამ საუკუნეში? ჯირითი, ცხენზე ჯდომა და ხმალაობა ალბათ მოძველდა.
- ამ საუკუნეში რა უნდა ისწავლებოდეს და, პირველ რიგში, რაც ჩვენ გვაკლია და ჩვენს ხელისუფლებას რაც აკლია. მე თუ მკითხავთ, ეს არის დიპლომატია. უნდა აღიზარდოს პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნის სიყვარულით და იყოს სიკეთესა და სამართალზე ორიენტირებული.
საქართველოს ისტორიაშიც ყოფილა ჩავარდნები და ზოგჯერ ბაგრატიონებიც არ ამართლებდნენ. რა გარანტიაა, რომ ამ შემთხვევაში, უკეთესი მოხდება?
- გარანტია არაფრის არ არსებობს. მაშინ ამას წინასწარმეტყველი სჭირდება.
საქართველოს მონარქიული მოდელი ინგლისის მოდელს უნდა დაუახლოვდეს?
- არ ვიცი, ინგლისის მოდელს შევარჩევთ თუ დანიის მოდელს, ყველა ამ მოდელს განხილვა და ქართულ სინამდვილესთან შეჯერება, ჩვენი საკუთარი მოდელის ჩამოყალიბება სჭირდება. არანაირად არ მეჩვენება ეს მოდელი დრომოჭმულად. სწორედ მეფე გახდება ქართული სახელმწიფოებრიობის გამაერთიანებელი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვთვლი.