ექვსეულის მომავალი

ექვსეულის მომავალი

ევროკავშირი ვარშავას სამიტზე ხეიბარივით არ უნდა წარსდგეს. ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ძლიერი დასავლელი პარტნიორი სჭირდება: წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ მშვენიერ დღეს ბლოკი აღმოსავლეთში სირიას მიიღებს

ოთხშაბათს, 27 სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური, მათ შორის ანგელა მერკელი და ევროკავშირის კვარტეტი: ბაროზუ/ვან რომპეი/ბუზეკი/ეშტონი – ვარშავაში გაეგზავრნენ. მათ უნდა იმსჯელონ რეგიონზე, რომელიც განვითარების გარდამავალ ეტაპზეა. საუბარია 80 მილიონი ადამიანის მომავალზე, რომლებიც ექვსს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ცხოვრობენ. ყველა ეს ქვეყანა ევროკავშირის ან პირდაპირი ან ირიბი მეზობელია. სამიტზე მთავარი ყურადღება „აღმოსავლური პარტნიორობის“ პროგრამას დაეთმობა, რომელიც ევროკავშირმა თავის მეზობლებს შესთავაზა. ინიციატივა, რომლითაც ორი წლის წინ პოლონეთი და შვედეთი გამოვიდნენ, ბლოკში პოლონური პრეზიდენტობის ფლაგმანი უნდა გახდეს, პრეზიდენტობის, რომელსაც ევროზონის წარმოუდგენლად მძიმე კრიზისი დაემთხვა. მაგრამ პოლონეთი და მისი მეზობლები ამ პროცესით ისევე არსებითად არიან დაინტერესებულნი, როგორც გერმანია იყო 1990-იან წლებში: მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნდა მეზობელ აღმოსავლეთის ქვეყნებში ხანრძლივი სტაბილურობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საბაზრო ეკონომიკისა და კეთილდღეობის დამკვიდრების ხელშეწყობა, და სიღატაკის ახალი საზღვრების გაჩენის პრევენცია. ამ თვალსაზრისით, სასწორზე მხოლოდ პოლონეთის და შვედეთის ინტერესები არ დევს. პოლონელმა დიპლომატმა ამ საკითხს ასეთი ფორმულირება მოუძებნა: „თუკი ჩვენ ხელიდან გავუშვებთ ჩვენი მეზობლების დახმარების შანსს, ხუთ ან ათწლიან სტაგნაციას მივიღებთ და შემდეგ ახალი რევოლუცია გაგვაღვიძებს, რადგან იმ დროისთვის ევროპის აღმოსავლეთით გვექნება ლიბია ან სირია“.

არსებობს შანსი, რომ ეს არ მოხდეს. და მას ვისაც მეზობლებთან უფრო „ღრმა ინტეგრაცია უნდა“, რაზეც საუბრობს ამ დღეებში ევროკომისიის ხელმძღვანელი ბაროზუ, ამისთვის ინსტრუმენტები უნდა შექმნას. უკრაინა და მოლდავეთი, ასევე კავკასიის სახელმწიფოები საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ბლოკთან მოლაპარაკებებს 2010 წლიდან მართავენ, აქედან უკრაინა ყველაზე წინ არის ბრიუსელთან ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში. ევროკავშირი ამ ქვეყნებთან გეგმავს ასევე თავისუფალი ვაჭრობის ზონის შემოღებას და სავიზო რეჟიმის გამარტივებას. ბელორუსიაში, სადაც ავტორიტარული მმართველობაა, პირიქით, რეგრესი შეიმჩნევა. ვარშავას სამიტზე ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დაპატიჟეს, მაგრამ ის არ ჩამოვიდა. ამ ქვეყანასთან დაკავშირებით აქცენტები შეიძლება მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების, სტუდენტებისა და პოლიტიკური ემიგრანტების მხარდაჭერაზე გაკეთდეს. ვარშავის სამიტზე ოპოზიციონერი ბელორუსი პოლიტიკოსები ისე ძლიერად არიან წარმოდგენილნი, თითქოს ემიგრანტ მთავრობას წარმოადგენდნენ. ექსტრაორდინარულ დროს, ექსტრაორდინარული ქმედებები სჭირდება. პრეზიდენტი ლუკაშენკო დღეს 1994 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ყველაზე სერიოზულ კრიზის განიცდის. დემონები დაბრუნდნენ: შავი ბაზარი, სასაზღვრო კონტრაბანდა, მზარდი სიღატაკე, მზარდი უკამაყოფილება და ამის პასუხად რეპრესიების გამწვავება – სახიფათო სვლა წარსულისკენ. 

ბელორუსი და აზერბაიჯანი რეფორმების წარმატების მხრივ პარტნიორობის პროგრამაში ყველას ჩამორჩებიან. ფრაგმენტული წარმატებები აქვთ მოლდავეთს და საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების ტერიტორიებზე „გაყინული კონფლიქტებია: მოლდავეთს – სეპარატისტული რესპუბლიკა დნესტრისპირეთი, საქართველოს კი რუსეთის მიერ ოკუპირებული და მოსკოვის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები. ახლახანს, აფხაზეთმა რუსული ტანკების ჩრდილქვეშ „სახელმწიფოს მეთაური“ აირჩია, რაც ევროკავშირმა გააპროტესტა. ბლოკი იმასაც აპროტესტებს, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმდა. მაგრამ არაფერი იცვლება. ალბათ ერთადერთი რისი გათვალისწინებაც ევროკავშირს შეუძლია არის ის, რომ ბლოკი მუდმივად უნდა დააკვირდეს იმას, არის თუ არა რუსეთის საგარეო პოლიტიკა რეგიონში „კეთილმეზობლური“ ურთიერთობების ხელშემწყობი, თუ ამგვარ ურთიერთობებს შეუძლებელს ხდის. მაგრამ ამ პარტნიორობის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანა უკრაინაა. მასთან მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე დიდი პროგრესია: ისინი ფაქტობრივად დასრულებულია და შეთანხმების ხელმოწერა შეიძლება ამ წლის ბოლომდე მოხდეს. მას ვისაც უვიზოდ მოგზაურობა უნდა, ბიომეტრიული პასპორტები უნდა შემოიღოს და აკონტროლოს უკანონო მიგრაცია, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე დღეს სერიოზული პრობლემაა. ბევრი პრობლემა სამწუხაროდ ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ ამის უკან 80 მილიონი ადამიანის იმედია და მომავალში ევროკავშირთან კოოპერაციის პერსპექტივა, რომელიც დღეს უკვე ამ ქვეყნების ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. არ შეიძლება „პარტნიორობა“ მუდმივ მოსაცდელ ოთახად გადაიქცეს. ასოცირებული შეთანხმება გულისხმობს ასევე ევროკავშირის სამართლებრივი ნორმების უმრავლესობის გაზიარებას. ზოგიერთი ქვეყანა თანამეგობრობისკენ საკუთარი ეკონომიკის საზიანოდაც კი მიისწრაფვის. თუმცა, ბრიუსელის სტრატეგია, როგორც ჩანს, მაინც ადეკვატურია: მხოლოდ სავაჭრო ლიბერალიზაცია და შემდეგ გაყინული კონფლიქტების მოგვარება. განსხვავებული მიდგომა, არარეალისტურია.

და არსებობს ასევე საბაზისო ღირებულებები. როგორ შეაფასებს სამიტი უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს ოპოზიციონერი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ? უკრაინას რამდენიმე კვირა დარჩა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე: გააფორმებს თუ არა ის ევროკავშირთან შეთანხმებებს ასოცირებასა და თავისუფალ ვაჭრობაზე თუ რუსეთის ზეწოლით პოსტსაბჭოთა საბაჟო კავშირში გაწევრიანდება? ანუ ღია საზოგადოების გზას დაადგება თუ შეუერთდება ევროპელთა მოწინააღმდეგეების ბანაკს, სადაც ისეთი სადაო ფიგურები შედიან, როგორიცაა საიდუმლო პოლიციის შეფი ვალერი ხოროშკოვსკი.

და ბოლოს, მთავარი კითხვა, რომელიც ჩნდება არის ის, შეინარჩუნებს თუ არა წარსულის მსგავსად ევროპული მოდელი თავის მიმზიდველობას და სიცოცხლისუნარიანობას. თანაც საქმე ეხება არა ასობით მილიარდ, არამედ ასობით მილიონ ევროს. საინტერესოა, რომ თავისი ევროსკეპტიციზმით ცნობილი შეერთებული შტატებიც კი, ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობისთვის. აფსურდი იქნება, თუკი ევროპას მის კარიბჭესთან ამერიკელები გაუსწრებენ. მაშინ ის მართლაც ხეიბარი იქნება.
foreignpress.ge